Accessibility links

logo-print

სახელმწიფო საწარმოთა 70 პროცენტი წაგებაზე მუშაობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიმდინარე წლის მაისში, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, რომელმაც ყოფილი სამინისტროს ქონება გადაიბარა.

დღეისათვის სახელმწიფო საკუთრებაში დაახლოებით 1800 საწარმოა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობა, უბრალოდ, წამგებიანია და მათი საკუთრების ფორმის შეცვლა დღემდე აქტუალურია. ცოტა ხნის წინ ახლად შექმნილმა სააგენტომ საზოგადოებას შემდგომი მოქმედების გეგმა წარუდგინა.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ვაჟა კაპანაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1800 საწარმოდან დაახლოებით 60-70 პროცენტი წამგებიანია. სააგენტოს შეფი ამის ძირითად მიზეზად ცუდ მენეჯმენტს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში დაბალ კონკურენტუნარიანობას და მოძველებულ ტექნოლოგიებს ასახელებს.

სააგენტომ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებას ითვალისწინებს. უნდა დაჩქარდეს 20 საწარმოს განკერძოების პროცესი. ამ ნუსხაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა "ჭიათურმარგანეცი" და "მადნეული". ამასთან, გადაწყდა, რომ 17-მდე უიმედო საწარმო ლიკვიდაციას დაექვემდებარება.

პრივატიზება და ამ სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულ პრობლემად იქცა და სახელმწიფომ პრივატიზებიდან იმ თანხის ნახევრის მობილიზებაც ვერ შეძლო, რაც ბიუჯეტის შესახებ კანონით იყო განსაზღვრული. დღეს ექსპერტებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ვერც წლევანდელი ბიუჯეტი შეძლებს განკერძოების პროცესიდან თანხების მიღებას და ბიუჯეტს, მინიმუმ, 30 მილიონი ლარი დააკლდება.

საინტერესოა, რომ იმ საწარმოებიდან, სადაც სახელმწიფო უმეტეს შემთხვევაში 100 პროცენტიან წილს ფლობს, ქვეყანა კუთვნილ დივედენდებს ვერ იღებს. უფრო მეტიც, ბევრი საწარმო, საბუღალტრო ანგარიშების მიხედვით, წაგებაზე მუშაობს, რაც საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ამ საწარმოთა დირექტორები სახელმწიფო ქონებას, როგორც საკუთარს, ისე იყენებენ - ფულს ჯიბეში იდებენ და შემდეგ მარცხენა შემოსავალს სხვადასხვა კაბინეტებშიც ანაწილებენ. გოცირიძეს უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ამხელა საწარმოებიდან ბიუჯეტში შევიდა მხოლოდ 8 მილიონი ლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი ბაქო-სუფსას მილსადენის მოგება იყო, ხოლო დარჩენილი 4 მილიონი ყველა სხვა საწარმოს წილად მოდის.

სწორედ ამიტომ სავალუტო ფონდი ითხოვს ჩატარდეს მსხვილი სახელმწიფო საწარმოების აუდიტი, რათა გაირკვეს, რამდენად ობიექტურად ხდება თანხების აღრიცხვა. ამასთან, ფონდი საერთაშორისო აუდიტს არა მთლიანად 1800 საწარმოში, არამედ 3 უმსხვილეს კომპანიაში ითხოვს, რის მეშვეობითაც ზოგადი წარმოდგენა შეიქმნება იმაზე, თუ რა ქონებას ფლობს სახელმწიფო და როგორ ნაწილდება მოგება.
XS
SM
MD
LG