Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სახით წარდგება არჩევნებზე ოპოზიცია


ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მეტისმეტად მცირე დრო რჩება ოპოზიციის გასაერთიანებლად. სინამდვილეში, ოთხი თვე საკმარისია იმისათვის, რომ ლიდერები ყველა რთულ საკითხზე შეთანხმდნენ.

საეჭვო მხოლოდ ისაა, რატომ და როგორ მოხდება ხვალ ის, რაც გუშინ შეუძლებელი აღმოჩნდა.

1999 წელს პარტიების საარჩევნო სტრატეგიას დიდწილად განაპირობებდა 7%-იანი საარჩევნო ბარიერი. "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინების კავშირი" იყო ორი ორგანიზაცია, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდა. დანარჩენ პარტიებს კი პარლამენტს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა. ამიტომ მათი ნაწილი "ორთქლმავლებს" ჩაება, ნაწილმა კი, მართლაც, ვერ შეძლო ბარიერის დაძლევა.

2 ნოემბრის არჩევნებისთვის 7%-იან ბარიერზე, როგორც საფრთხეზე, აღარავინ საუბრობს. ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია არჩევნების მოგებაზე ფიქრობენ. "აღორძინებას" თავისი ხელშეუხებელი რესურსი აქვს, რომელიც პარტიის პარლამენტში მოხვედრას უზრუნველყოფს. სახელისუფლო ბლოკს, ადგილობრივი ადმინისტრაციების დახმარებით, ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. რამდენიმე დაბალრეიტინგული პარტია უკვე შეუერთდა ბლოკს "ახალი საქართველოსათვის" და ბარიერის პრობლემა ამ გზით გადაჭრა. საფიქრებელია, რომ სახელისუფლო ბლოკში მოძებნიან თავშესაფარს ტრადიციონალისტებიც.

რჩება რამდენიმე პარტია, რომელთა ლიდერებს ბარიერის ხსენებაზე ეღიმებათ, აქაოდა, 7%-ის დაძლევა რა პრობლემა არისო. სინამდვილეში, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, მოსახლეობის რა ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობენ ეს პარტიები დღევანდელ ეტაპზე. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატები" და, შესაძლოა, "ერთობაც".

"მრეწველები" და "ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის აცხადებდნენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვლენ. "გაერთიანებული დემოკრატები" და "ერთობა" კი, პირიქით, პარტნიორებს ეძებდნენ.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტი დამოუკიდებლად წარდგება ამომრჩევლის წინაშე, მაშინ მოსახლეობას რეალური არჩევანის გაკეთება მოუხდება 8 სუბიექტს შორის. მათგან ბარიერის პრობლემა არ გააჩნია ლეიბორისტულ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, სახელისუფლო ბლოკს და "აღორძინებას". დანარჩენი ოთხი პარტია კი არჩევნებამდე დარჩენილ დროში, ალბათ, პოზიციების გამყარებაზე იზრუნებს. არ არის გამორიცხული, რომ "გაერთიანებული დემოკრატები" ან "ახალ მემარჯვენეებს" შეუწყვილდნენ, ან "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოჩნდნენ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, საერთო ენა გამოძებნონ მიხეილ სააკაშვილმა და ჯუმბერ პატიაშვილმა.

ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება არჩევნების წინ, შესაძლოა, მძიმედ აისახოს არა იმდენად არჩევნების შედეგზე, რამდენადაც ახალ პარლამენტში ძალთა განლაგებაზე. ბარიერი რვავე სუბიექტმა თუ გადალახა, ისეთსავე დანაწევრებულ, კონფლიქტურ და უუნარო პარლამენტს მივიღებთ, როგორიც დღეს გვაქვს.
XS
SM
MD
LG