Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალ-ყაიდა" კვლავინდებურად ემუქრება საერთაშორისო


ხუთშაბათს გაეროში მოისმინეს საანგარიშო მოხსენება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შეშფოთების საფუძველს აძლევს: მოხსენება ეხება ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" და გვამცნობს,

რომ "ალ-ყაიდა" არა მარტო განაგრძობს საქმიანობას, არამედ წევრების "მესამე თაობით" არის შევსებული, გაწაფულია ანტიტერორისტული ზომების თავიდან აცილებაში და არც უფულობას განიცდის. მოხსენება შეადგინეს გაეროს ექსპერტებმა - ხუთმა კაცმა, რომელთაც "ალ-ყაიდის" წინააღმდეგ სანქციების მეთვალყურეობა ევალებათ.

მსმენელის ყურადღებას, ალბათ, მიიპყრობდა ცნება "მესამე თაობა" - ლაპარაკია ახალგაზრდა მაჰმადიან ექსტრემისტებზე, რომლებიც "ალ-ყაიდაში" აიყვანეს მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციამ დაკარგა მთავარი ბაზა ავღანეთში თალიბანის დამარცხების შემდეგ. ექსპერტების ხუთკაციანი ჯგუფის თავმჯდომარის, მაიკლ ჩანდლერის თქმით, როგორც ჩანს, ამ "მესამე თაობის" ხელი ურევია აფეთქებაში, რომელმაც 17 მაისს მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. [ჩანდლერის ხმა] "ახლა ვხედავთ - და მაროკოს მაგალითიც ვახსენეთ - რომ იმ ადამიანებიდან, ვინც სავარაუდოდ მონაწილეობდა მაროკოს თავდასხმაში, ერთიც არ ყოფილა სადმე ავღანეთის ახლო-მახლო. მაგრამ მათ იგივე იდეოლოგია აიტაცეს და ისევენაირად მოქმედება სურთ".

გასული თვეების მანძილზე უმოქმედოდ არც "ალ-ყაიდის" ძველი თაობა დარჩენილა. როგორც საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, ავღანეთში გაწვრთნილი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ თავდასხმაში, რომელიც 13 მაისს საუდის არაბეთში განხორციელდა. მაშინ რიადში 34 ადამიანი დაიღუპა. "ალ-ყაიდის" ძველ თაობას უკავშირდება ანტიტერორისტული ზომების წარმატებაც - კერძოდ, ნომერ პირველ ტერორისტ ოსამა ბინ ლადენის ორი უახლოესი თანამებრძოლების, ხალიდ შეიხ მოჰამედისა და აბუ ზუბაიდას დაპატიმრება. რაც შეეხება "ალ-ყაიდის" დაფინანსებას - კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტერორისტების შემოსავლის წყაროა ნარკობიზნესი, ყალბი ჰუმანიტარული ორგანიზაციები, შეძლებული დონორები...

ჩვენი მსმენელისათვის კი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება ის გარემოება იყო, რომ "ალ-ყაიდის" წევრებს შორის პირველად არის დასახელებული ერთი ჩეჩენი (მისი ვინაობა, როგორც გაეროდან ჩვენი კორესპონდენტი რობერტ მეკმეჰონი იუწყება, ჯერ არ გაუმხელიათ). ამ სიახლესთან დაკავშირებით გაეროს ექსპერტმა მაიკლ ჩანდლრემა "ალ-ყაიდასა" და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის კავშირზე ისაუბრა [ჩანდლერის ხმა] "აშკარად იყო კავშირი "ალ-ყაიდის" წევრებთან, რომელთა მუშაობა ბოსნიიდან ჩეჩნეთს სწვდებოდა. და არსებობს ჩეჩენი მეამბოხეების მოქმედებისათვის დამახასიათებელი გარკვეული ასპექტები, რომლებიც ძალიან ჰგავს "ალ-ყაიდის" მოქმედებას. ეს არის თვითმკვლელების მიერ მოწყობილი აფეთქებები".

აფეთქებებია ის საფრთხეც, რომელიც, ანგარიშის ავტორების შეფასებით, მომავალში უნდა აღიკვეთოს. ექსპერტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს "ალ-ყაიდის" დაინტერესება ე.წ. "ბინძური ბომბებით", რომელთაც რადიოაქტიური ნივთიერებებით ამზადებენ. [ჩანდლერის ხმა] "ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ "ალ-ყაიდამ" და მისმა მოკავშირეებმა ხელთ არ იგდონ ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან მასალები", აღნიშნა მაიკლ ჩანდლერმა, რომლის ჯგუფი გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ კონვენციას ბირთვული მასალის დაცვის შესახებ.

დაბოლოს, მოხსენების ერთი საინტერესო დეტალი - გაეროს ექსპერტებმა ვერ მიაკვლიეს ინფორმაციას "ალ-ყაიდასა" და სადამ ჰუსეინის რეჟიმს შორის კავშირის შესახებ. მსმენელს შესაძლოა ახსოვდეს, რომ ასეთ კავშირზე საუბრობდნენ ამერიკელი ოფიციალური პირები ერაყში სამხედრო ოპერაცის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG