Accessibility links

მოხდება თუ არა აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებისა და რკინიგზის აღდგენის სინქრონიზაცია


ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ეჭვის თვალით შეჰყურებს სოჭის ფორმატით მიმდინარე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს.

დევნილების ლიდერთა აქტიური ნაწილი საერთოდ სოჭის ფორმატის წინააღმდეგ გამოდის და რკინიგზის აფეთქებით იმუქრება, თუ აფხაზეთში თბილისის იურისდიქციის აღდგენამდე მატარებელთა მიმოსვლა განახლდება. უფრო ზომიერები კი დევნილების აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნებას მოითხოვენ.

აფხაზეთიდან დევნილ კობა ჩოფლიანის აზრით, საქართველოს ხელისუფლება სოჭის პროცესით საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, თითქოს რაღაცას აკეთებს დევნილთა აფხაზეთში დასაბრუნებლად.

[კობა ჩოფლიანის ხმა] „გალში ლტოლვილების დიდი ნაწილი დაბრუნებული არის. კი, მართალია, ისინი იქ ღირსეული ცხოვრებით ვერ ცხოვრობენ და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, მაგრამ მოსახლეობა იქ დაბრუნებული არის. თუ მაინცდამაინც ასეთი კუთხით ვუდგებით ამას, რომ, აი, ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ ვხსნით რკინიგზას, კი ბატონო, შეიძლება ეს, მაგრამ ამ პირობებში, როდესაც მხოლოდ გალზე არის საუბარი, ეს მოსახლეობის მოტყუება და შეცდომაში შეყვანაა."

შეგახსენებთ, რომ სოჭის შეთანხმებათა რეალიზებაზე მომუშავე ჯგუფები პირველ ეტაპზე დევნილების გალის რაიონში დაბრუნებისა და იქ შერეული ადმინისტრაციის ფორმირების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რკინიგზა ამოქმედდება დევნილთა მხოლოდ გალში დაბრუნების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ნათლად ასახავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადება:

[სიხარულიძის ხმა] „როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ლტოლვილები არა სპონტანურად, არამედ თავიანთი უფლებებით, დაცულები, გარანტირებულები ბრუნდებიან მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე, უბრუნდებიან თავიანთ სახლსა და კარს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რკინიგზის ამოქმედებაზე და ნებისმიერი ეკონომიკური პროექტის ამოქმედებაზე."[სტილი დაცულია]

დევნილები იმასაც შიშობენ, რომ, რკინიგზის დაცვის მოტივით, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი უსაშველოდ გაიზრდება. აფხაზეთის კიდევ ერთი მკვიდრის რომეო გურჩიანის თქმით:

[რომეო გურჩიანის ხმა] „15 ათასი რუსი ჯარისკაცი თუ შემოვიდა იმ რკინიგზის დასაცავად, როგორც გაჟღერდა, ჩვენს სახლებში ჩასახლდებიან ის რუსი ჯარისკაცები, თავისი ოჯახებით დაფუძნდებიან და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება რუსეთის სასარგებლოდ და ამისგან არავითარ ხეირს, თუ ზიანს არა, ჩვენ ვერ მივიღებთ."

ოფიციალური თბილისი ამგვარი გადაწყვეტილების არსებობასაც უარყოფს. კახა სიხარულიძის კომენტარი:

[სიხარულიძის ხმა] „ჯერ გავარკვევთ, ვინ დაიცავს და როგორ დაიცავს ქართველი მოქალაქეების ინტერესებს მათ სამშობლოში, აფხაზეთში. ამის შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ვინ დაიცავს რკინიგზას. ჯერ ადრეა რკინიგზის დაცვაზე საუბარი. ჯერ სხვა რამეებია სასაუბრო, შემდეგ ვისაუბრებთ რკინიგზის დაცვაზე."

კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რაც აფხაზეთიდან დევნილთა შეშფოთების საგანია, აფხაზეთის სტატუსს უკავშირდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ სტატუსის საკითხი სოჭის პროცესის პარალელურად განიხილება. თუმცა საქართველოს მოსახლეობას და, მით უმეტეს, აფხაზეთიდან დევნილებს სრული საფუძველი აქვთ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედობაუნარიანობაში ეჭვი შეიტანონ, რადგან ოფიციალურ თბილისს არაერთხელ წაუგია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული დიპლომატიური თამაში.
XS
SM
MD
LG