Accessibility links

logo-print

ახალმა მემარჯვენეებმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყეს


ახალი მემარჯვენეების პარტიის მეორე ყრილობამ ოფიციალურად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება. ორწლიანი ისტორიის მქონე პარტია პირველ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.

პარტიის ექს-თავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის თქმით, "ახალი მემარჯვენეების" ეს განაცხადი, უპირველესად, საკუთარი საარჩევნო სიის შედგენას გულისხმობს და არა ოპოზიციისგან იზოლაციას. ოპოზიციასთან თანამშრომლობის სფერო კი ფართო და მრავალმხრივია, რადგან ჯერაც ბუნდოვანია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და მთლიანად სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა.

ახალი მემარჯვენეები, წესდების მიხედვით, პარტიის ყრილობას არჩევნების წინა პერიოდში იწვევენ. აქედან გამომდინარე, გასაგებია ის ტაქტიკური სვლები, რაც ახალმა მემარჯვენეებმა, ნაწილობრივ, წესდებაში, ნაწილობრივ კი, ხელმძღვანელ სტრუქტურებში განახორციელეს - კერძოდ, შეიქმნა საარჩევნო შტაბი, რომელიც მიმდინარე რამდენიმე თვის განმავლობაში პარტიის მთავარი კომიტეტის ფუნქციებს შეითავსებს, ანუ არჩევნებამდე პერიოდში ახალი მემარჯვენეების ძირითადი ხელმძღვანელი ორგანო იქნება. შტაბის თავმჯდომარე და, ამავდროულად, პარტიის რიგით მეორე თავმჯდომარე დავით გამყრელიძე გახდა. თუ რატომ, ამას პარტიის აწ უკვე ექს-თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე განგვიმარტავს.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] "შტაბის თავმჯდომარე იმდენად უნდა იყოს მენეჯმენტის და საორგანიზაციო საქმეებით დაკავებული... ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც სჭირდება პარტიას და როგორც გვჭირდება ჩვენ ყველას ერთად. აქედან გამომდინარე, ესე იყო ყველაზე სწორი, ყველაზე პრაგმატული და ყველაზე სამართლიანი."[სტილი დაცულია]

ახალი მემარჯვენეები, შეიძლება ითქვას, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე პოლიტიკური ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარტიაა. იგი 2001 წლის ივნისში დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც მისი ჩანასახი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მობოიკოტე მოქალაქეების ათკაციანი ფრაქციის, ეგრეთ წოდებული "ახალი ფრაქციის" სახით გაჩნდა. პარტიამ დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე, ფაქტობრივად, სენსაცია მოახდინა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, 800 მანდატი მოიპოვა. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მართლაც, საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციაა, მაშინ არც ახალი მემარჯვენეების წინასაარჩევნო ამბიცია უნდა იყოს გასაკვირი. არის ბევრად უფრო მოკრძალებული პროგნოზებიც, მაგრამ არჩევნებში დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწილეობის პრეტენზია უკვე ნიშნავს იმას, რომ ახალი მემარჯვენეები თავს აუტსაიდერებში ნამდვილად არ მოიაზრებენ. ახალ მემარჯვენეებს საარჩევნო ბარიერის პოტენციური გადამლახველების ოთხეულში ასახელებს დეპუტატი ნიკო ლეკიშვილიც.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა]" იმ პარტიებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ, ეს არის სახელისუფლებო ბლოკი, ეს არის ლეიბორისტები, ეს არის ნაციონალები და ესენი."

ნიკო ლეკიშვილი პრაქტიკულად ერთადერთი წონიანი პოლიტიკოსი იყო ყრილობაზე მიწვეულ სტუმრებს შორის. ამ ფაქტმა, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ახალი მემარჯვენეები მას თავიანთ ბანაკში ექაჩებიან.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა]"მე დამოუკიდებლად ვაპირებ ჯერჯერობით და მერე - ვნახოთ."

ვის ვიხილავთ ახალი მემარჯვენეების საარჩევნო სიაში და მოიყრიან თუ არა მასში თავს ეგრეთ წოდებული წარმატებული და ოდიოზური ბიზნესმენები? -მაშინ, როცა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ყრილობაზე უკვე მოახდინა თავისი "განახლების, აღმშენებლობისა და დასაქმების 900 დღედ" წოდებული საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, საზოგადოების ინტერესის ერთადერთ საგნად სწორედ სია რჩება.
XS
SM
MD
LG