Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ "კუდიანებზე ნადირობა" სავალუტო ფონდით დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის ირგვლივ განვითარებულ საკმაოდ არაორდინარულ მოვლენებში ჩვენმა კოლეგებმა ხელისუფლების აგონიის სიმპტომები შენიშნეს. მოვლენები კი დაახლოებით შემდეგნაირად ვითარდებოდა:

პაოლო ნოიჰაუსის ვიზიტს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები - ერთგვარი ისტერიული ფონი ქართულ მედიაში ფონდთან შეთანხმებული პროგრამიდან სერიოზული გადახვევის გამო შეიქმნა. ამასთან, შემოდგომაზე პარიზის კლუბში ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე გასამართი მოლაპარაკების წინ, ამ საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რათა ხელისუფლება არჩევნების პერიოდში ქვეყნის რეალური დეფოლტის საშიშროების წინაშე არ დადგეს, თუმცა თავად ხელისუფლების დეფოლტი უკვე კარგა ხნის შემგარი ფაქტია და ნდობის კრედიტის აღდგენას ის ძნელად თუ შეძლებს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი თავის მინისტრებს ჯერ საქართველოდან სავალუტო ფონდის წასვლით დაემუქრა, შემდეგ კი მისი ეს განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა შედარებით შეარბილეს. მათ კომენტარებში ოდნავ დამამშვიდებელი ტონიც გაჩნდა. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ "არც ისე წვიმს, როგორც ქუხს" და რეკომენდაციათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ფონდის მთავარ მოთხოვნებს: საბიუჯეტო მოსაკრებლების ამოღების სტაბილურობას, ფისკალურ წესრიგს და ენერგოსექტორს ამ პერიოდში შესრულება არ ეწერა.

ნოიჰაუსის ვიზიტიდან მეორე დღეს კი პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა უპრეცედენტო განცხადება, რომლის თანახმადაც, გაეროს გენერალური ასამბლეის სექტემბრისათვის დაგეგმილ სხდომაზე შევარდნაძე აპირებს სერიოზული პასუხი მოსთხოვოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს იმის გამო, რომ ის საქართველოს ქვეყანაში პროგრამების შეწყვეტით ემუქრება.

"რას ნიშნავს პროგრამების შეწყვეტა?! ამგვარი მუქარა მიუღებელია. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვალ და მათ პასუხს მოვთხოვ. თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკმაყოფილოა მისი რეკომენდაციების შესრულებით, შესაძლოა, მთავრობა გადავაყენოთ, მაგრამ ქვეყანას რას ერჩიან, ათწლიანი თანამშრომლობის გაგრძელება, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი,"- აცხადებს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე.

შევარდნაძის ამგვარ რეაქციას, როგორც ჩანს, სავალუტო ფონდის გარდა, არც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ, რადგან მეორე დღესვე შევარდნაძის პრესმდივანს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუხდა, რაც საერთო ფონს და შექმნილ უხერხულობას, ბუნებრივია, ვეღარ შეცვლიდა.
იმნაძემ პრეზიდენტის განცხადება ასე განმარტა:
"პრეზიდენტის რეპლიკა ეხებოდა არა უშუალოდ სავალუტო ფონდს, არამედ იმ მოსაზრებებსა და თეორიებს, რომლებზეც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, საქართველოს წარმომადგენლები საუბრობენ."
ამ ერთგვარ კომიკურ სიტუაციაში უცნაურია ის, რომ თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდს არსად, არც ერთ ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებაში, საქართველოს მიმართ რაიმე მუქარა ან პროგრამის შეწყვეტის თაობაზე მინიშნება ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, უფრო პირიქით, ისინი ხანდახან ზედმეტად ლოიალურებიც კი იყვნენ მთავრობის "გადაცდომების" მიმართ და მთავრობის სხდომის "უხერხულობა", უკეთეს შემთხვევაში, "ცუდ ზმანებებს" შეიძლება მიეწეროს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში "კუდიანებზე ნადირობის" ნოსტალგია მოეძალათ და საკუთარი პრობლემების სხვაზე, ამ შემთხვევაში, ავტორიტეტულ საფინანსო ინსტიტუტზე გადაბრალების "ბელორუსული" მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას, თუმცა არა გვგონია, სამიზნედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შერჩევა ამ შემთხვევაში მაინცდამაინც გონივრული ნაბიჯი იყოს.
გასულ კვირასვე მთავრობამ ’’სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" გრძელვადიანი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 12 წელიწადზეა გათვლილი. აღნიშნულ დოკუმენტზე ფონდის მისიასაც ექნება კონსულტაციები.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ 'სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" პროგრამის ამოქმედება უკვე 2005 წელს გამოიღებს შედეგს და მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროგრამის შემდგენელთა ოპტიმიზმს პრეზიდენტიც იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრამის რეალიზაცია მოხდეს.
თავად სტრატეგიული პროგრამის არსებობა, ბუნებრივია, მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ მთავრობის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ოპტიმიზმის საფუძველი, შესაძლოა, ნაკლებად გვქონდეს.
პაოლო ნოიჰაუსის თბილისური ვიზიტისას მთავრობა ასევე შეეცადა საბიუჯეტო წესრიგის დასამყარებლად მყისიერი ეფექტისათვის მაინც მიეღწია, რის გამოც კვირის ბოლოს სახელმწიფო მინისტრთან ბიუჯეტის არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზების თაობაზე სპეციალური თათბირიც გაიმართა. მეორე კვარტალის მიწურულს ხელისუფლება არათუ გასული თვეების დავალიანებების დაფარვას, მიმდინარე თვის გეგმის შესრულებასაც ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ საშველად უხმეს ისევ მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც, სხვათა შორის, არცთუ პირნათელნი არიან თავისი მფლობელის, სახელმწიფოს, მიმართ.
თუ დავალიანებების მქონე საწარმოები თვის დარჩენილ 2 დღეში ვერ უზრუნველყოფენ არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებას, კანცელარია მათ მიმართ საგანგებო ზომების გატარებით იმუქრება. ამ მხრივ პრეტენზიები არსებობს განსაკუთრებით იმ 24 სახელმწიფო საწარმოს მიმართ, რომლებიც ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს განეკუთვნებიან. მათ ბიუჯეტის არა მარტო მოგების დივიდენდები, ადრე აღებული სესხებიც აქვთ. არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით, დარჩენილ დღეებში მთავრობამ 5,5 მილიონი ლარის ამოღება უნდა შეძლოს. საინტერესოა, რომ ამ სახელმწიფო კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ირიბად სამთავრობო ბლოკის წინასაარჩევნო სპონსორებად მოიაზრებიან და, შესაძლოა, მათ სახელმწიფოსათვის კუთვნილი თანხების გაღება უკვე ამ ეტაპზე მოუხდეთ.
ხელისუფლების მიერ "ათვალწუნებული" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კი თბილისში კიდევ კვირაზე მეტ ხანს დაყოფს და თავის დასკვნებს უკვე ვაშინგტონში წარუდგენს დირექტორთა საბჭოს.
XS
SM
MD
LG