Accessibility links

logo-print

რა სარგებლობა მოაქვს შეხვედრების დახურულ კარს მიღმა გამართვას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 ივნისს დასრულდა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის ოფიციალურ შედეგად იქცა თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება ინფორმაციის სფეროში თნამშრომლობის

შესახებ და კომუნიკე კულტურისა და განათლების სფეროში 2004-2005 წლებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის სამთავრობო ხელშეკრულება წლის ბოლოსთვის გაფორმდეს.

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვიზიტი ქართველ ჟურნალისტებს, უდავოდ, დაამახსოვრდებათ თავისი "დახურულობით": უცნაურია, მაგრამ სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან, არამედ საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთანაც კი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რა თემაზე ისაუბრეს, მაგალითად, ქოჩარიანმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ. მეორე მხრივ, შეხვედრისას საუბრის თემა ქართველ ჟურნალისტებს გაუმხილა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომლის ცნობითაც, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან სტუმარს გააცნო არა მხოლოდ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილი ვითარება, არამედ ის მიზეზებიც, რაც სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებს ხელს უშლით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ.
სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, გაუზიარა თუ არა სტუმარმა მასპინძლებს არჩევნების ჩატარების სომხური გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვიოს, მაგრამ სახელისუფლებო ძალების გამარჯვების გარანტიას კი ნამდვილად ქმნის. როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბარს სტუმარ-მასპინძელმა მაინც თავი აარიდა. ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ჯერჯერობით არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არ გამორიცხავს.
ამის მიუხედავად, 28 ივნისს კვლავ უშედეგოდ დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მორიგი კონსულტაცია, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდება, თუ როგორი პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს.
ოპოზიციის ერთი ნაწილის ინიციატივას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსამართლეებით დაკომპლექტების თაობაზე 28 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია გამოეხმაურა, რომელმაც ასეთი პრეცედენტის დაშვებას სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი უწოდა. რამდენიმე კვირის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეების ჩარევად შეაფასა ოპოზიციის მეორე ჯგუფის ინიციატივა, რომელიც საარჩევნო კომისიის ეუთოს დამკვირვებლებით დაკომპლექტებას გულისხმობს, ეუთოს მაღალჩინოსანმაც. შესაბამისად, ოპოზიციას იმაზე მოუწევს ფიქრი, თუ საკუთარი ძალებით და რეალობის გათვალისწინებით, როგორ, რა პრინციპით დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია ისე, რომ არავის - არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას - არ ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
თუ ასეთ შეთანხმებამდე ოპოზიცია მივა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტთან, ასევე დახურულ რეჟიმში, რადგან პრეზიდენტის აზრით, კამეტები და ჟურნალისტები სამუშაო განწყობის ატმოსფეროს შექმნას ხელს შეუშლიან.
XS
SM
MD
LG