Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკა გასული კვირის პრესის მთავარი თემა გახლდათ. ამ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკა გასული კვირის პრესის მთავარი თემა გახლდათ. ამ საკითხის გარშემო გამოქვეყნებული წერილების მიმოხილვამდე კი ორიოდე სხვა თემასაც შევეხებით.

26 ივნისის გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" თქმით, "ერთ დროს სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი სახელმწიფო მინისტრი ლამის საღეჭ რეზინ "დიროლს" გადაჰყვეს. პრეზიდენტი კანცელარიაში "კევის" ღეჭვას კრძალავს. ავთანდილ ჯორბენაძეს, ღეჭვასთან ერთად, ლაპარაკის სურვილიც ეკარგება.
გაზეთი წერს, რომ

"მიზეზი კონტროლის პალატაა. სულხან მოლაშვილი ახლა თვით სახელმწიფო მინისტრს მიადგა და კონკრეტული ბიზნესის ლობირებაში დასდო ბრალი. ერთი სიტყვით, ამბავი ასეთია: წამლისა და ფარმაცევტულ ნივთიერებათა შესახებ კანონის ფარგლებში გადის საღეჭი რეზინი "დიროლი". შესაბამისად, განბაჟებისას "დიროლზე" მინიმუმს იხდიან. კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სხდომაზე "დიროლის" ლობირებაში პირდაპირი მინიშნებით ჯანდაცვის ყოფილი და ახლანდელი მინისტრები დაადანაშაულა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი, ამ ფორმით, 1996 წლიდან მოქმედებს.
ახლანდელ სახელმწიფო მინისტრ ჯორბენაძეს კონტროლის პალატის შეფის განცხადებამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინა. "დიროლმა" ჯორბენაძეს რამდენიმე თვის წინანდელი ბრალდებაც გაახსენა, რომლის მიხედვითაც, იგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად დასახელდა".

"ჯორჯიან თაიმსის" თქმით, "პრეზიდენტის სტილია - მისთვის "ახლობელს" და "მოსაწონს", რაღაც დროის შემდეგ, იგავებით უწყებს საუბარს. თან ისე მსუბუქად, თითქოს ამშვიდებდეს. მერე თანდათან მისი ტონი მკაცრდება და, უკეთეს შემთხვევაში, მთავრობის სხდომიდან პირდაპირ შინ გაშვებით მთავრდება.

ამის მოწმე თავად ჯორბენაძეც არაერთხელ ყოფილა. ამიტომაც დაეწყო გუშინდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს თვალების პაჭუნი და ხელების თამაში. პრეზიდენტმა იგავ-არაკებით ლაპარაკი დაიწყო. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, შეთქმულება მართლა იყო თუ არა. თუ იყო, დავღუპულვართ. ისანში რომ ტანკებით დაიწყეს სიარული, იმაზეც თქვით თქვენ, შეთქმულება არ იყოო. მართლა არ იყო, თორემ როგორ გამოუშვებდით გარეთ იმ ხალხს? ისევე, როგორც "დიროლის", გადატრიალების ამბავიც უნდა გავიგოთ."
პრეზიდენტის ამდენ "გავიგოთ-არ გავიგოთი" შეშინებულ მთავრობას ყბების კანკალი აუტყდა.
"თქვენ საღეჭ რეზინს ღეჭავთ?"- გაუკვირდა პრეზიდენტს. მთავრობა ახლა მთლიანად აკანკალდა. "გადააგდეთ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით მაინც!" - გაისმა შევარდნაძის ბრძანება.
ავთანდილ ჯორბენაძეს ფერი სულ დაეკარგა. მას უკვე არ ესმოდა, ამას პრეზიდენტი "დიროლზე" ამბობდა, თუ ვინმეზე."

27 ივნისის გაზეთი "ახალი თაობა" მიიჩნევს, რომ "შევარდნაძე ჯორბენაძეს გაწირავს". წერილში ნათქვამია:

"მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია საქართველოსთან მიმართებაში, პრეზიდენტი შევარდნაძე გაბრაზებულია როგორც მთავრობაზე, ასევე სავალუტო ფონდსაც სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს. პრეზიდენტის განცხადებები მიანიშნებს, რომ დღევანდელ მთავრობას დიდი დრო არ უწერია და ეს, უპირველესად, განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ოთხ თვეში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტს მისი სახელისუფლებო გუნდისთვის ქულების ჩაწერა სურს მოსახლეობის მხრიდან, მან ერთგვარი პოლიტიკური შეწირვა უნდა გააკეთოს, თანაც იმ ფონზე, როდესაც მთავრობა სრულ უუნარობას ავლენს, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ ხერხდება პენსიების და ხელფასების დროული გაცემა, ვერ შესრულდა 2003 წლის ბიუჯეტის პარამეტრები. მთავრობამ პრაქტიკულად ვერ შეძლო სავალუტო ფონდის მოთხოვნების დაკმაყოფილება. შევარდნაძეს ახასიათებს ტიპიური გადაწყვეტილებები და, თუ კარგად გავაანალიზებთ, მას მიღებული აქვს გადაწყვეტილება ჯორბენაძის და, მთლიანობაში, მთავრობის გადადგომის შესახებ".

ახლა რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ წერილებს:
26 ივნისის "მთავარი გაზეთის" თქმით, "აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებში რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, რაც მიანიშნებს, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებაა მოსალოდნელი".
გაზეთის ცნობით:

"არძინბას თვითგამოცხადებული მთავრობა აფხაზეთში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებას უკავშირებს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება მხოლოდ პროვოკაციის საბაბი შეიძლება იყოს".
"აფხაზეთში, კონკრეტულად კი, გალის რაიონში, აფხაზი ძალოვნების მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას რუსეთის ფედერაციის საბჭომ გაუგებარი დადგენილებით უპასუხა. საბჭოს გადაწყვეტილებით, რუს სამშვიდობოებს მანდატი მიმდინარე წლის ივნისამდე დაუკანონდათ, რაც უკვე ექვსი თვის წინ იყო დადგენილი". "სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ქართული მხარე ათწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას და აფხაზეთის საკითხის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას აპირებს. თბილისში ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსკოვსა და სოხუმში საქართველოს "საომარი გეგმების" განხილვა უკვე აქტიურად დაიწყეს."

27 ივნისის გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს, რომ "რუსეთის პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, 5-დღიანი მანდატის ინიციატორი თავად რუსეთის პრეზიდენტია".
გაზეთის თქმით,

"ფაქტია, რომ ვლადიმირ პუტინს საქართველო დიდ ბრიტანეთშიც ახსოვს. ედინბურგში, შოტლანდიის საქმიან წრეებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა რატომღაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე დაიწყო მსჯელობა და აღნიშნა, თბილისსა და მოსკოვს შორის არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები, გარდა პანკისის საკითხისაო. "საქართველოში დღემდე იმყოფებიან "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებული ბანდფორმირებები", - მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ხაზგასმით შესთავაზა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერა.
ასეთ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლების პირველ პირთა გულისტკივილი აფხაზეთიდან დევნილების მძიმე ყოფასა და სოჭში მიღწეულ შეთახმებათა ერთგულებაზე განსაკუთრებით ცინიკურად აღიქმება."

სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, 28 ივნისის გაზეთი "24 საათი" აღნიშნავს, რომ სომხეთი, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული აფხაზეთში რკინიგზის მიმოსვლის აღდგენით.
გაზეთი წერს:

"გუშინ ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ პრესისთვის გაკეთებულმა კომენტარებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ქოჩარიანმა შევარდნაძის პოზიციის ცვლილებას ამ მიმართულებით ვერ მიაღწია.
რობერტ ქოჩარიანის მიერ სახალხოდ გამჟღავნებულ სურვილს - დაინტერესებულნი ვართ და მივესალმებოდითო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აფხაზეთში - ედუარდ შევარდნაძემ გუშინ საკმაოდ კატეგორიული კომენტარი დაუხვედრა: "მხოლოდ სომხეთი არ არის დაინტერესებული რკინიგზის აღდგენით. ამით ჩვენც არანაკლებ ვართ დაინტერესებულნი - ეს არის ყველაზე იაფი დ მოკლე გზა, მაგრამ თუ არ გადაწყდა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, რკინიგზის აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა".

28 ივნისის "მთავარი გაზეთის" ცნობით, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ჰაიდე ტალიავინი გარკვეულ მინიშნებას აკეთებს გაეროს იმ პროექტზე, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარეს შესთავაზეს. მან განაცხადა:

"აი, რას ვთავაზობთ ჩვენ კონფლიქტის მხარეებს: გალში შევიყვანთ გაეროს იმ კონტინგენტს, რომელიც კონსულტაციებს გაუწევს გალის და ზუგდიდის რაიონების სამართალდამცავ სტრუქტურებს, მოამზადებს მათ და განახორციელებს მონიტორინგს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წინადადებების ნუსხას კონფლიქტების მხარეები დაეთანხმებიან და მათი რეალიზება მალე მოხდება."
"გვჯერა, რომ ბალკანური მოდელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაშიც იმუშავებს".
"მთავარი გაზეთის" თქმით, "ტალიავინის ოპტიმიზმი, ალბათ, კრემლის პოზიციის შერბილებითაა განპირობებული." გაზეთი წერს, რომ "მოსკოვის მოლაპარაკებებით კმაყოფილია როგორც გაეროს წარმომადგენელი, ისე რუსეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე. ბალკანეთის მოდელისა და იქ ქართულ-აფხაზურ მხარეთა წარმომადგენლობის გაგზავნის საკითხთა განხილვა სწორედ ამ მოლაპარაკებებზე მოხდა".
XS
SM
MD
LG