Accessibility links

დასავლეთის პრესის მიმოხილვას დღეს შემდეგ თემებს დავუთმობთ: რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო


დასავლეთის პრესის მიმოხილვას დღეს შემდეგ თემებს დავუთმობთ: რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი ბრიტანეთში, ჩეჩნეთის კონფლიქტის "პალესტინიზაციის" საფრთხე, ერაყში ბოლო არ უჩანს ძალადობის აქტებს.

დავიწყებთ ბრიტანეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტით, რომელიც, სხვათა შორის, ბრიტანეთში რუსეთის ლიდერის პირველი სტუმრობა იყო 1874 წლის შემდეგ, როცა ლონდონს მეფე ალექსანდრე მეორე ეწვია. პუტინის მიღებაც მეფის საკადრისი გამოდგა: რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ პუტინი, როგორც პირადად დედოფალ ელისაბედ მეორის სტუმარი ბაკინგემის სასახლეში იყო დაბინავებული. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსის" სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"პომპეზური ცერემონია კარგია, თუ არ დაგვავიწყებს, რომ ამ კვირაში კრემლმა რუსეთის უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის მაუწყებლობა შეწყვიტა, ან რომ ჩეჩნეთში ადამიანები იხოცებიან, ან რომ ბატონი პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსები კვლავინდებურად მონაწილეობენ ირანის ბირთვულ პროგრამაში".

გაზეთ "ინდეპენდენტის" მიმომხილველი მერი დეიევსკი კი უფრო სარკასტულ კომენტარს აკეთებს, როცა შეგვახსენებს დედოფლის მიერ ასეთივე პატივით 25 წლის წინ მიღებულ სტუმარს: რუმინეთის დიქტატორ ნიკოლაე ჩაუშესკუს - ერთადერთ ლიდერს კომუნისტური ქვეყნებიდან, ვისაც ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის პატივი ხვდომია წილად. სტატიის ავტორი პუტინს, მართალია, ჩაუშესკოობას არ აბრალებს, მაგრამ მკაცრად აკრიტიკებს მის კურსს რამდენიმე საკითხში, მათ შორის ჩეჩნეთის კონფლიქტში. ჩეჩნეთის კონფლიქტს ეხება რუს ჟურნალისტ მაშა ლიპმანის სტატიაც გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში":

"თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმები ჩეჩნეთის კრიზისში ახალი, მეტად შემაშფოთებელი ტაქტიკაა. ბოლო ხუთი თვის მანძილე ოთხი ასეთი თავდასხმა მოეწყო, მათგან ერთი - პირველად ჩეჩნეთის საზღვრებს გარეთ. რუსეთში ზოგი ჩეჩნეთის კრიზისის "პალესტინიზაციაზე" ალაპარაკდა".

ძალადობის აქტები არ წყდება არც ერაყში. საფრანგეთის გაზეთ "ლიბერასიონის" ნიუ-იორკელი კორესპონდენტის, ფაბრის რუსელოს შეფასებით, ამერიკის საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ერაყის ოკუპაცია, შესაძლოა, "ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი" იყოს. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"მართალია, ამერიკის საზოგადოებას დიდად არ აღელვებს ის, რომ ერაყში ჯერაც ვერ უპოვიათ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ მრავალგზის ნახსენები "მასობრივი განადგურების იარაღი", მაგრამ ამერიკელებს დიახაც რომ აღელვებს, რომ მათი თანამემამულე ჯარისკაცები ერაყში თითქმის ყოველ დღე იღუპებიან. დღემდე 57 ამერიკელი სამხედროა დაღუპული იერიშების, ან ავარიების შედეგად მას შემდეგ, რაც ბუშმა 1 მაისს გამოაცხადა, მსხვილი საბრძოლო მოქმედებები დამთავრებულიაო. მას შემდეგ 56 დღე გავიდა.

ასე, რომ ამ ინფორმაციით, ერაყში 56 დღის მანძილზე 57 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. "ლიბერასიონი" და "უოლ სტრიტს ჯორნალის" ევროპის გამოცემა იმის შესახებაც იუწყებიან, რომ ბოლო ხანს თავდასხმები ხორციელდება ერაყელებზეც, ვინც ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებთან თანამშრომლობს. ლონდონის გაზეთი "ტაიმსი" კი ვრცელი სტატიით გამოეხმაურა ცნობას, 24 ივნისს ერაყში 6 ბრიტანელი ჯარისკაცის დახოცვის შესახებ. სტატიაში ვკითხულობთ:

"ბრიტანეთის არმიამ ბრძოლებში ერთი დღის მანძილზე უდიდესი მსხვერპლი განიცადა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ (...) ბაღდადსა და სხვა ქალაქებში ამერიკელ ჯარისკაცებზე მრავალკვირიანი თავდასხმების შემდეგ ბრიტანელ ჯარისკაცებზე იერიში შეგვახსენებს, რომ სადამ ჰუსეინის ერთგული მიმდევრები კვლავინდებურად საფრთხეს ქმნიან".

პრესის მიმოხილვის ბოლოს მოისმინეთ, რას წერს ამავე ინციდენტზე ასევე ლონდონში გამომავალი "დეილი ტელეგრაფი":

"შოკს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ამარას რაიონს, სადაც თავდასხმები განხორციელდა, ბრიტანელი ჯარისკაცები აქამდე მიიჩნევდნენ შედარებით მშვიდობიან ადგილად, სადაც ხედავდნენ თავიანთი ტაქტიკის - ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის წარმატებას."
XS
SM
MD
LG