Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაძლიერდა საზღვრის დაცვა საქართველოში?


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, პარასკევს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ყველაზე მგრძნობიარე - ჩეჩნეთ-ინგუშეთ-დაღესტნის

მონაკვეთის გაძლიერების ოპერაცია. შაბათს კი ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა ჟან-მიშელ ლაკომბმა ქართველ მესაზღვრეებს 100 ევროს ღირებულების პატრულირებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა და მოწყობილობა გადასცა. რას ითვალისწინებს საზღვრის გაძლიერების ღონისძიება?

საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე არსებული საგუშაგოების გამაგრება საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უშიშროების საბჭოზე თებერვლის ბოლოს დამტკიცებული გეგმით დაიწყო.

გეგმა საზღვრის ეშელონირებულ დაცვას ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის ომალოს, შატილისა და გირევის საგუშაგოების პირადი შემადგენლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეზერვისტთა ბატალიონ "ხევსურეთისა" და სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეობით.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ კორნელი სალიას ინფორმაციით, მათ უკვე დაასრულეს დამატებითი ცოცხალი ძალის გადასროლა ოპერატიული მიმართულებით. რა თქმა უნდა, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ზუსტი რაოდენობა, გასაგები მიზეზების გამო, არ სახელდება. ოფიციოზი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ მოხდა დამატებითი საგუშაგოების დაკომპლექტება მაშინ, როცა არც ერთ სამხედრო უწყებას - და, მათ შორის, არც საზღვრის დაცვის დეპარტამენტს - ჯერ საგაზაფხულო გაწვევის გეგმით გათვალისწინებული ახალწვეულთა კონტინგენტი არ მიუღია.

მაგრამ ცნობილია, რომ ქართველი მესაზღვრეები დიდ იმედებს ამყარებენ საზღვრის თვალთვალისა და კონტროლის ერთიან სისტემა "იორზე", რომელიც ამერიკის მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თავლთვალის რადარული სისტემა აფიქსირებს სახმელეთო საზღვარზე მომხდარი დარღვევის ნებისმიერ ფაქტს და მონაცემებს აწვდის ცენტრალურ შტაბს. სწორედ სისტემა "იორის" ამ კომპონენტის ამოქმედებით მოხდა შარშან აგვისტოს შეიარაღებული ჯგუფის დაკავება გირევის საგუშაგოსთან.

თუმცა საზღვრის გასაძლიერებლად საქართველოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არ ეხმარება.
1999 წლიდან რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მონიტორინგს ეუთოს უიარაღო სამხედრო დამკვირვებლები აკონტროლებენ. მიმდინარე წლის იანვრიდან მისია 400 კაცამდე გაიზარდა, ხოლო, პარალელურად, მონიტორინგის ოპერაციამ ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებიც მოიცვა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერების პროცესს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიის კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაემთხვა. შაბათს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ეუთოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჟან-მიშელ ლაკომბმა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს 100 ევროს ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა. მასში შედის კომუნიკაციის საშუალებები, 11 ცალი "უაზის" ტიპის ავტომანქანა, მიკროგენერატორები, პირადი ნივთები, ფორმის ტანსაცმელი, კარვები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ელჩ ლაკომბის თქმით, აღნიშნული აღჭურვილობა ევროკავშირის გრანტის სახით გამოყოფილი თანხიდან იქნა შეძენილი და იგი გადაეცემა საზღვრის დაცვის იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც საზღვრისპირა მთიან რაიონებში ეუთოს მონიტორინგის ჯგუფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აღჭურვილობა საბრძოლო დანიშნულებისაა და მას მიიღებს დახლოებით 400 მესაზღვრე, რომლებმაც ეს საჩუქარი თუნდაც იმის გამო დაიმსახურეს, რომ ფხიზლად იცავენ უიარაღო სამხედრო დამკვირვებლებს და, როგორც კოდორის ხეობაში ხდება, არავის აძლევენ მათი გატაცების საშუალებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG