Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძის სცენაზე მოღვაწეობის


პაატა ბურჭულაძის სცენაზე მოღვაწეობის

25 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს რეკლამა ნამდვილად არ აკლდა. შეიძლება ითქვას, თბილისში წელს განხორციელებულ კულტურულ პროექტებს შორის ეს იყო ყველაზე ხმაურიანი ღონისძიება, რომელსაც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძეც დაესწრო. თბილისში ყოველთვის უყვარდათ “სახელები”. ბურჭულაძემ კი თავისი პერსონა არ გვაკმარა და სამშობლოში ჩამოიყვანა მომღერლები, რომლებიც დიდი ხანია სამშობლოში არ მღერიან, თუმცა თბილისის ოპერის თეატრის სცენას არ ივიწყებენ - მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე, ჩამოიყვანა მარინა გულეგინაც, რომელმაც პაატა ბურჭულაძესთან ერთად მოსკოვის დიდ თეატრში რამდენიმე დღით ადრე გამართულ “ანალოგიურ” კონცერტში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მოსკოვისგან განსხვავებით, თბილისში არ ჩამოვიდა ვეტერანი ბარიტონი რენატო ბრუზონი, რომელიც უკვე იყო საქართველოში რამდენიმე წლის წინ, ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე, და მაშინ მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩა ჩვენი ორკესტრით და განსაკუთრებით პუბლიკით. ამ უკანასკნელმა “ტრავიატას” დაწყების წინ იმდენი “იჩოჩქოლა” და “იქოთქოთა”, რომ სახელგანთქმულმა ბარიტონმა პირდაპირ სცენიდან მისცა შენიშვნა დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს. მაგრამ დირიჟორი რა შუაში იყო?

ამჯერადაც იგივე მოხდა. 17 ივნისს, ოპერის თეატრში გამართული საღამოს დასრულების შემდეგ, ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “თაგის არტსის” ხელმძღანელმა ანა ლაღიძემ, მადლობა გადაუხადა ყველას კონცერტის ჩატარებისათვის, მაგრამ გამორჩა დირიჟორები, ვახტანგ მაჭავარიანი და ირაკლი ჭიაურელი. ამის შემდეგ ვახტანგ მაჭავარიანმა საპროტესტო წერილით მიმართა “თაგის არტსს”. ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის ხელმძღვანელმა “კონცერტის დაბალ ხარისხსა და არაორგანიზებულობაზეც” ილაპარაკა. ერთი მხრივ, ეს იყო კონტრშეტევა იმ კრიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ბურჭულაძის საღამოს დასრულების შემდეგ სწორედ ორკესტრზე ქილიკობდნენ. ვახტანგ მაჭავარიანი აღნიშნავდა, რომ ორკესტრს რეპეტიციის ნორმალურად ჩატარების საშუალება არ ჰქონდა. ორკესტრის მუსიკოსები კი გადაეჩვივნენ ასეთი დონის მომღერლებს, მაგალითად, იმავე “მეორე შალიაპინად” შერაცხულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც საღამო თავისი საყვარელი პარტიით, “ბორის გოდუნოვის” არიით, გახსნა [ხმა: პაატა ბურჭულაძე]

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე არც “ოპერის ვარსკვლავები” ბრწყინავდნენ. ზურაბ სოტკილავა, მაგალითად, აი, ასე მღეროდა [ხმა: ზურაბ სოტკილავა].

ორკესტრისა და სოლისტის ჰარმონია იგრძნობოდა, ფაქტობრივად, მხოლოდ თამარ ჯავახიშვილის სიმღერაში, რაც გასაგებიცაა - ამ მომღერალს ჩვენი ორკესტრის მუსიკოსებთან თანამშრომლობის მეტი გამოცდილება აქვს. შემთხვევით არ შენიშნა ჩემთან საუბარში ერთმა მუსიკისმცოდნემ: “ყველაფერი, რაც დღეს ამ კონცერტზე მოხდა, მაგონებს ჩემს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც თბილისში მუშაობენ. ისინი ავტომობილებს მართავენ, არ არღვევენ მოძრაობის წესებს, მაგრამ კვირაში ერთხელ ავარია მოსდით. ვერა და ვერ შეიგნეს, რომ თბილისში მოძრაობის წესების დაცვა მძღოლს ძვირად უჯდება ხოლმე.”
[ხმა: თამარ ჯავახიშვილი]

უცხოელ მძღოლებზე პირადად მე ვერაფერს მოგახსენებთ, აი, უცხოელმა მოცეკვავეებმა კი კარგად იციან უკვე, რომ ჩვენი ორკესტრების იმედი “ბალერინებსა” და “ბალერონებს”
ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ამ დღეებში თბილისის ოპერის თეატრში ლიონის ახალგაზრდულმა საბალეტო დასმა იცეკვა. სპექტაკლის მეორე განყოფილებაში ფრანგმა მსახიობებმა სტრავინსკის “კურთხეული გაზაფხულის” ქორეოგრაფიული ინტერპრეტაცია წარმოადგინეს. იმის გაფიქრებაც კი შეუძლებელია, თუ როგორ იცეკვებდნენ ახალგაზრდა ფრანგები, სტრავინსკის მუსიკა ჩვენი ოპერის ორკესტრს რომ შეესრულებინა. თუმცა ლიონის ახალგაზრდულ დასს არც ფონოგრამამ უშველა. ქორეოგრაფია და მუსიკა იმდენად შეუსაბამო იყო, რომ ფრანგებს სტრავინსკის ნაცვლად, მაგალითად, მაიკლ ჯექსონის სიმღერა რომ გამოეყენებინათ, აქ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. სამაგიეროდ, უაღრესად საინტერესო იყო წარმოდგენის პირველი ნაწილი, ქორეოგრაფიული კომპოზიციები - “რიბა, რიბა” და “ფანდანგო” - ანსამბლურობის პრინციპი მაქსიმალურად იყო დაცული და მსახიობებს აშკარად სიამოვნებდათ ტრიო “ბუბარის” დაკრულზე ცეკვა. და მაინც, ლიონელი სტუდენტების გასტროლებს დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყვა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თბილისში მაინცდამაინც არ უყვართ მოდერნისტული ბალეტი. არ უყვართ იმიტომ, რომ მრავალი წელია უკვე არაფერი უნახავთ კარგი, გარდა მეორეხარისხოვანი ფრანგული და ინგლისური საბალეტო დასებისა, რომლებიც ხშირად სტუმრობენ საქართველოში. მოდერნი რომ არ გვიყვარს, კარგად იციან საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენმა სახელოვანმა თანამემამულეებმაც, მაგალითად, ნიკოლოზ ცისკარიძემ, რომელსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კლასიკურ ბალეტს თანამედროვე ურჩევნია. მაგრამ გასულ კვირას ცისკარიძემ ირმა ნიორაძესთან ერთად, არა, დავუშვათ, “ნოტრდამის ტაძარში”, არამედ უკვე კარგა მაგრად “გახუნებულ”, “გაცვეთილ” ადანის “ჟიზელში” იცეკვა. თუმცა, ლიონელი ახალგაზრდებისა არ იყოს, იცეკვა სიამოვნებით. კიდევ ერთხელ გამართლდა როლან პეტის სიტყვები, ცისკარიძეს ნებისმიერ სტილში შეუძლია ცეკვაო. თუმცა ადანის ბალეტი განსაკუთრებულია ნიკა ცისკარიძის ბიოგრაფიაში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო პირველი საბალეტო სპექტაკლი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ 3 წლის ასაკში ნახა, მოგვიანებით კი თოჯინაც გააკეთა, რომელსაც “ჟიზელი” დაარქვა. 1997 წელს პირველად “დიდ თეატრში” ნიკა ცისკარიძემ სწორედ ალბერის პარტია იცეკვა და სწორედ “ჟიზელმა” მოუტანა მას რუსული ქორეოგრაფიის უმაღლესი ჯილდო “ოქროს ნიღაბი”.

თბილისში ნიკა ცისკარიძე კიდევ ერთი პრემიის ლაურეატი გახდა. მას აქ საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა და ღირსების ორდენი გადასცა. თუმცა ნამდვილი ტრიუმფი მას საღამოს ელოდა, როცა ირმა ნიორაძესთან ერთად იცეკვა “ჟიზელში”. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ცისკარიძის ალბერთან შედარებით, მარიას თეატრის პრიმა-ბალერინას ჟიზელი არა მარტო უმანკოდ, არამედ, ცოტა არ იყოს, დაძაბუნებულად, “მოუძლურებულად” გამოიყურებოდა. ირმა ნიორაძე, როგორც ყოველთვის, არტისტული იყო, ამიტომ “სიგიჟის სცენა” მშვენივრად ითამაშა, მაგრამ მეორე მოქმედების ვარიაციები გაუჭირდა...არადა, მეორე მოქმედების ვარიაციებში “დაიწყო ფრენა” ცისკარიძის ალბერმა. იგი ნამდვილი გრაფი იყო სცენაზე, თითქოს ჰაერში ჩერდებოდა. ალბერის სახელგანთქმული “დიაგონალური გასვლა” კი ისეთი ფანტასტიკური ტემპით შესრულდა, რომ პრობლემები შეექმნა ისედაც “პრობლემატურ” ორკესტრს. თბილისს ალბერის პარტიის მრავალი შესანიშნავი შემსრულებელი უნახავს, მაგრამ ასეთი სტილი, როცა მოცეკვავე მოდელის როლს ითვისებს, არ ეშინია დეკორატიულობის და სურათოვან პოზებს ქმნის სცენაზე, “ჟიზელში” დიდი ხანია არავის დაუმკვიდრებია.

ნიკოლოზ ცისკარიძე კიდევ ერთი თვისებით გამოირჩევა: რომელიმე ახალ როლზე მუშაობის დაწყების წინ იგი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს ბალეტზე, რეჟისორზე, კომპოზიტორზე... ამბობენ, რომ თეატრმცოდნეებსაც კი შეშურდებათ მისი განათლების, ამბობენ, რომ იგი ნამდვილი “ინტელექტუალი მოცეკვავეა”. თუმცა “ინტელექტუალურ ბალეტებს” თბილისში, მოგეხსენებათ, არ დგამენ. აქაურ კულტურას თავისი “მოძრაობის წესები” აქვს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG