Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”


ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”,

დღევანდელ გამოშვებაში ვასრულებთ საუბარს ლეგენდარულ ქართველ დირიჟორზე, ევგენი მიქელაძეზე, რომლის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა 27 ივნისს. მე ვესტუმრე ევგენი მიქელაძის ქალიშვილს თინათინ მიქელაძეს. 1937 წელს, როცა ქართველი დირიჟორი დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს, ქალბატონი თინა სამი წლის იყო.

თინათინ მიქელაძეს არ მოსწონს, რომ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მისი მამის, ევგენი მიქელაძის, სახელს ატარებს... და არა იმიტომ, რომ თავად ორკესტრის მუსიკოსების მიმართ აქვს რაიმე საწინააღმდეგო. ლეგენდარული ქართველი დირიჟორის ქალიშვილს, რომელსაც მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, მიაჩნია, რომ ორკესტრისთვის სახელის მინიჭება, იდეა, რომელიც ხელისუფლებას ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაებადა, იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოთა სისტემამ, ამ სისტემის სამსახურში მყოფმა ხალხმა გულწრფელად მოინანია თავისი დანაშაული. თუმცა თინათინ მიქელაძე იმ ადამიანებსაც ასახელებს, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს ევგენი მიქელაძის სახელის უკვდავსაყოფად... ერთ-ერთი ასეთი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილია. სწორედ მისი ინიციატივით აღადგინეს 70-იანი წლების მიწურულს “დაისი”, რომელიც თბილისის ოპერის თეატრის დასმა 1937 წელს მოსკოვში წარმოადგინა. ორკესტრსა და გუნდს ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა. მიუხედავად ტექნიკურად დაუხვეწელი ჩანაწერისა, ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ფირფიტაა, რომელიც დღეს ევგენი მიქელაძის ხელოვნებასთან გვაზიარებს.

[ხმა: მუსიკა “დაისი”]

თინათინ მიქელაძეს მამა არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს, რას უყვებოდა მამაზე დედა, ქეთევან ორახელაშვილი, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ.

[თინათინ მიქელაძის ხმა] “რომ მოდიოდა დაღლილი, დაქანცული, აუთოებდა თურმე ჩვენს ტანსაცმელს, ეს დედამ გვითხრა...”
მიუხედავად ასეთი სინაზისა, ევგენი მიქელაძე საქმეში ძალიან მკაცრი ყოფილა. საქმეში მისთვის კომპრომისი არ არსებობდა. გულუბრყვილო ადამიანი იკითხავს, როგორ შეიძლება მუსიკოსი თუნდაც ბრამსის მუსიკას აღმერთებდეს (ბრამსი კი მართლაც იყო ევგენი მიქელაძის კერპი) და, ამავე დროს, ჩინოვნიკებთან კეკლუცობა შეეძლოსო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სტალინის ეპოქაში პარტიულ ჩინოვნიკებთან კეკლუცობა უამრავი დიდი მხატვრის ცხოვრების ნორმა გახდა. სხვაგვარად ვერ გადარჩებოდი. ჩვენთან საუბარში ქალბატონი თინათინ მიქელაძე ერთ ფაქტს იგონებს მამის ბიოგრაფიიდან.

[თინათინ მიქელაძის ხმა] “ისიც ვიცი, რომ ვიღაც ძალიან დიდი კაცის ცოლი მოუყვანეს და ამღერეს და უთხრა - სხვა პროფესია ხომ არა გაქვთ თქვენო...იმიტომ, რომ მე ვერ აგიყვანთო...არ იყო მაამებელი... მაგრამ იყო ძალიან ყურადღებიანი.”

სტალინური რეპრესიების ეპოქას მრავალი დიდი ხელოვანი შეეწირა, მაგრამ 30-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგია დირიჟორებს განსაკუთრებული უნდობლობით ეპყრობოდა. დირიჟორი ხომ იდეოლოგიისგან სრულიად გამიჯნულ ხელოვნებას, მუსიკას ემსახურებოდა. გარდა ამისა, დირიჟორი ფლობდა ძალაუფლებას, რომელიც მტერსა და მოშურნეს “თვალებს უბრეცდა”. მტერი და მოშურნე ხედავდა, რომ ევგენი მიქელაძე ადვილად ახერხებდა მუსიკოსებით მანიპულაციას. ეს კი ძალიან საშიში იყო.

[თინათინ მიქელაძის ხმა]. “ვახტანგ ნეიმანი გვიყვებოდა, რომ აბსოლუტურად ლაბორატორიასავით ჰქონდა აწყობილი ორკესტრი - თითოეულ მუსიკოსთან მუშაობდა, ჯერ სამკაციან, მერე ხუთკაციან ჯგუფებთან და მერე მუშაობდა მთელ ორკესტრთან.”

არ არის გამორიცხული, რომ 30-იანი წლების იდეოლოგებს აღიზიანებდათ ქართული მუსიკის მიმართ ევგენი მიქელაძის განსაკუთრებული ყურადღება. ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორის პოსტზე ყოფნისას ხომ მიქელაძემ აღადგინა ქართული ოპერები - დღეს სრულიად დავიწყებული მელიტონ ბალანჩივაძის “თამარ ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის “შოთა რუსთაველი”, დადგა ახალი ოპერაც - გრიგოლ კილაძის “ბახტრიონი”. ქალბატონ თინათინ მიქელაძის თქმით:

[თინათინ მიქელაძის ხმა] “პოპულარიზაციას უკეთებდა. შეიძლებოდა არ მოსწონდა, მაგრამ მაინც “უშვებდა”... ალექსი მაჭავარიანს აქვს მოგონება, სადაც წერს - მე ვზარმაცობდიო, მაგრამ ისეთ ლექციებს გვიტარებდაო... ტევა არ იყოო...იმის მერე გავხდიო შრომისმოყვარე...”

ევგენი მიქელაძის დაპატიმრების შემდეგ თბილისის ოპერის თეატრის სალაროებთან ხალხი აღარ იდგა. ეს იყო პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც საზოგადოებას იმხანად შეეძლო გამოეხატა. მაგრამ საბჭოთა უშიშროებას, ეტყობა, მაინც ეშინოდა ხალხის. ლეგენდარული დირიჟორის დისკრედიტაცია ერთბაშად არ მომხდარა. ჯერ თეატრიდან გაათავისუფლეს, მერე ჭორი გაუვრცელეს, “აღიარა, რომ ხალხის მტერიაო”, მერე კი ჩვეულ, სადისტურ ტაქტიკას მიმართეს - საქმეში ევგენი მიქელაძის ობლად დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვები ჩართეს.

[თინათინ მიქელაძის ხმა] “1939 წელს მე ვარ ხუთი წლის. მე ვწერ განცხადებას, სად არის მამაჩემი...იმასაც ვერ ბედავდნენ, რომ მამიდაჩემს თავისი სახელით დაეწერა ეს განცხადება და მე მპასუხობენ, რომ მამათქვენი არის ხალხის მტერი, რომ არის გადასახლებული და რომ... ცოცხალია.”

34 წლის დირიჟორის დაპატიმრების შემდეგ მისი გვარი სასწრაფოდ ამოშალეს ოპერის თეატრის აფიშებიდან და პროგრამებიდან. განადგურდა ჩანაწერები, კინოფირები, რომელზედაც თეატრის მთავარი დირიჟორი იყო აღბეჭდილი. ხალხს კიდევ სჯეროდა, რომ ევგენი მიქელაძეს აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. მერე დაავიწყდათ. საჯაროდ ევგენი მიქელაძის ხსენება მხოლოდ 50-იანი წლების დასწყისში დაიწყეს, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი.

[თინათინ მიქელაძის ხმა] “მე არ მიგრძვნია, რომ ხალხის მტრის შვილი ვარ...ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი და არასდროს მახსოვს ეს... ერთადერთი, როცა ჩვენები დაიჭირეს, რაც გვქონდა, კაბები, ჭურჭელი - დატოვეს იმ ოჯახში, რომელმაც ხუთ დღეში მიიღო ის ბინა...იქ ეკატერინე სოხაძე შესახლდა, მომღერალი, იცვამდა დედაჩემის კაბებს...მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ დედაჩემის კაბებს ხომ ვცნობდი - გავეკიდებოდი ხოლმე თურმე ამ ქალს და შემრჩებოდა ეს უცხო ქალი და ისტერიკა მემართებოდა.”

გავა დრო და ევგენი მიქელაძის ოჯახის ტრაგედია ქართულ კინოშიც აისახება: ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე”, თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”. და ასე, ნელ-ნელა, მითიც დამკვიდრდება. ქალბატონ თინა მიქელაძეს 1988 წელს ხელისუფლება პენსიას დაუნიშნავს - 145 მანეთს. ევგენი მიქელაძის ქალიშვილი ასეთ დახმარებაზე უარს იტყვის... დახმარებას ამ სახელმწიფოსგან იგი, როგორც “რეპრესირებულის შვილი”, დღესაც არ იღებს. ჩვენი საუბრის ბოლოს ევგენი მიქელაძის ქალიშვილმა თინათინ მიქელაძემ განაცხადა:


[თინათინ მიქელაძის ხმა] “მე ვთვლი, რომ არა აქვთ უფლება...დამინგრიეს ცხოვრება, შიგნიდან წვეთი, წვეთი ხომ რჩება. მე ხომ სხვა ბავშვებივით არ გავიზარდე - არც დედა მყავდა, არც მამა...მამიდა მყავდა მხოლოდ, რომელმაც ერბოკვერცხის შეწვა არ იცოდა...”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG