Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შესაძლებელია, რომ არჩევნები ძველი საარჩევნო კანონით ჩატარდეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 30 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომ იგი ტრაგედიად არ მიიჩნევს, თუ საპარლამენტო არჩევნები არსებული კანონმდებლობით ჩატარდება,

აფეთქებული ყუმბარის ეფექტი ჰქონდა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები მზაკვრულ გეგმაზე ალაპარაკდნენ, რომ პრეზიდენტსა და სახელისუფლებო ძალებს ახალი კანონის ბლოკირება თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდათ. რამდენად შესაძლებელია არჩევნების მოქმედი საარჩევნო კანონით ჩატარება?

ბოლო კვირის მანძილზე არაერთხელ ანონსირებული პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის ნაცვლად, პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის - 30 ივნისს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში და შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ოპოზიცია თავად ვერ შეთანხმდა საარჩევნო ადმინისტრაციის წესთან დაკავშირებით, იგი ვერ ხედავს ოპოზიციასთან შეხვედრის გამართვის აუცილებლობას. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”თუ ეს, მართლაც, ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხარო იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება შესწორებებით მივიღოთ საარჩევნო კოდექსი, მაგრამ ვერანაირ ტრაგედიას ამაშიც ვერ ვხედავ. ასეთ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება პარლამენტის მიერვე მიღებული მოქმედი კანონმდებლობით.”
პრეზიდენტის განცხადება, რომ თითქოსდა საპარლამენტო ოპოზიცია თავად ვერ ახერხებს შეთანხმებას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, 30 ივნისს ტელეკომპანია ”რუსთავი-2” -ის ეთერში გააპროტესტა გაერთიანებული დემოკრატების წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ბარამიძემ. მისი განცხადებით, ოპოზიცია მოითხოვს საარჩევნო კომისიების ან პარტიული ნიშნით პარიტეტულად დაკომპლექტებას, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების, ასე ვთქვათ, პროფესიული ნიშნით შეყვანას - იგულისხმება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარლამენტი, ხმების ორი მესამედით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეადგენს.
ოპოზიცია და სახელისუფლებო ძალები ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მართლაც, აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საფუძველზე დანიშვნის ირგვლივ. სხვა საკითხია, რომ ეს პარიტეტი ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. მაგალითად, სახელისუფლებო პარტიების აზრით, - ამ მოსაზრებას მრეწველებიც იზიარებენ, - იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პარტია საარჩევნო ბლოკში გაწევრიანდა, ბლოკს, როგორც საარჩევნო სუბიექტს, ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საპარლამენტო ოპოზიცია ამ მოსაზრებას პარტიების გაერთიანების საწინააღმდეგოდ მიმართულ ფანდად აფასებს.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების წინადადებას, ეს იდეა უაღრესად პოპულარული იყო 2001 წლის ზაფხულში, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა არსებობდა და ამ იდეას მხარს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია უჭერდა, იმდროინდელი ოპოზიციის განწყობით, ადვილი დასადგენი გახლდათ, რომ ხმების ორი მესამედის მოგროვებას არასამთავრობო ორგანიზაციის ვერც ერთი წარმომადგენლი ვერ შეძლებდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2002 წლის ივლისში, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აცხადებდა:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”შეცდომები ყველას გვქონდა და ბევრი შეცდომაც. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ შარშან იყო ჩემი ძალიან დიდი შეცდომა, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორის, რომ ვერ მოვახერხეთ საარჩევნო ადმინისტრაციის გადალოცვა არასამთავრობო სექტორისთვის. მეც დავუშვი შეცდომა, მაგრამ ძირითადი შემაფერხებელი იყო მესამე სექტორის მოთხოვნა, გინდა თუ არა, ორი მესამედით მომხდარიყო ყველა კანდიდატურის დამტკიცება, რაც იმთავითვე ცხადი იყო, რომ არ იყო გასვლადი პარლამენტში.”
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესაძლებლობას, რეალური ვითარების გათვალისწინებით, ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი.
[თინა ხიდაშელის ხმა] ” თეორიულადაც კი ამის შანსი ნულის ტოლია.”
მისგან განსხვავებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ, ორდღიანი ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, ოპოზიცია ერთიან პოზიციას გამოიმუშავებს.
XS
SM
MD
LG