Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის ულტიმატუმის პირისპირ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობენ და თბილისში დაგეგმილი სხვა შეხვედრების

ამოწურვამდე შეფასებებს ნაკლებად აკეთებენ.
შეკითხვა, შეწყვეტს თუ არა სავალუტო ფონდი საქართველოსთან თანამშრომლობას, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. მთავრობის წევრებმა ორშაბათს უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ძირითადი რეკომენდაციების შესასრულებლად სავალუტო ფონდის მისიამ მას 48 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. არადა, სავალუტო ფონდს საქართველოს მიმართ ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვს. ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა. მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას პრეზიდენტი პარლამენტის გვერდის ავლით გეგმავს.

თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტთან დაკავშირებით განსხვავებულ - ერთი მხრივ, შემაშფოთებელ, მეორე მხრივ, ნაკლებად შემაშფოთებელ - ცნობებს ავრცელებენ. გააჩნია მხარეს. მთავრობის წევრები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საქმე არც ისე ცუდად არის. ორშაბათს თვით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი რამდენიმე ვალდებულების შეუსრულებლობა ტრაგედია არა არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, რომელიც ორშაბათსვე, ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა, სავალუტო ფონდს საქართველოს მთავრობის მიმართ ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვს, მათ შორის, იმ გეგმის გამოც, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პარლამენტის გვერდის ავლით შეკვეცას უკავშირდება.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე დღეს გავიგე, რომ თურმე შესაძლებელია ბიუჯეტის სეკვესტრი - ასეულობით და ათეულობით მილიონი ლარით - მოხდეს პარლამენტის გვერდის ავლით, თუნდაც პრეზიდენტის დეკრეტით. ეს იმდენად უცნაურია, რომ ამით სავალუტო ფონდის მისიის წევრებიც გაოცებულები არიან.”

თუ ბიუჯეტის სეკვესტრი პარლამენტის გვერდის ავლით მოხდება, დაირღვევა საქართველოს კანონი “საბიუჯეტო მოწყობის “ შესახებ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის აზრით, ამ შემთხვევაში შეიქმნება სრული საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოსაწყებად. მაგრამ, ნინო ბურჯანაძის მიერ გახმაურებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს და მისი მთავრობის წევრებს სხვა სატკივარი აქვთ. მათ 48 საათის ვადაში მოეთხოვებათ კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, როგორ აპირებენ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას. ამ ყველაფერში პარლამენტის თავმჯდომარე ცუდ ნიშანს ხედავს და ვარაუდობს, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო, რომელიც ოქტომბერში ვაშინგტონში შეიკრიბება, საქართველოს მიმართ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს. “ეს იქნება კრახი,” - ფიქრობენ ეკონომიკის ექსპერტებიც და საქართველოს მთავრობის წევრებიც, მაგრამ ეს უკანასკნელნი ცდილობენ თავი იმედიანად მოგვაჩვენონ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ისაკაძემ ორშაბათს ჯერ დაადასტურა, შემდეგ კი უარყო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 48 საათიანი ულტიმატუმის წაყენების ფაქტი, რაც, თავისთავად, საინტერესოდ გამოიყურება. რამდენად მძიმე რეალობის შეფასება უწევს საქართველოში სავალუტო ფონდის მისიას, ამას მოწმობს ისიც, რომ იგი თანახმაა ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო დავალიანება ფასიანი ქაღალდებით გაისტუმროს.
შეგახსენებთ: სავალუტო ფონდის ძირითადი პრეტენზიები საქართველოში რიგი კანონების - მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის -მიუღებლობას, ელექტროენერგიის ტარიფის გაუზრდელობას, ინსტიტუციონალური რეფორმების გაუტარებლობას და, რაც მთავარია, საბიუჯეტო გარღვევას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG