Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ხელმძღვანელი თანამდებობას ხმაურიანად ტოვებს


ორშაბათს ვადა გაუვიდა გაეროს განიარაღების ინსპექტორთა ერაყში მოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელის, შვედი იურისტის ჰანს ბლიქსის ხელშეკრულებას. ბლიქსი სამ წელიწადს ედგა სათავეში უწყებას,

რომლის მიზანი იყო, მიეგნო ერაყში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისთვის, ასევე საშუალო და შორი მოქმედების რაკეტებისთვის. ახლა ბლიქსი თავის პოსტს ტოვებს, მაგრამ არა უხმაუროდ.

ბლიქსს არაერთხელ განუცხადებია, რომ მასობრივი განადგურების იარაღს ერაყში ვერ მიაგნეს, ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ერაყის ომის სამართლიანობას. ამასთან ბლიქსი დარწმუნებულია, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორებს ბაღდადთან თანამშრომლობა და ერაყში საქმიანობა უნდა გაეგრძელებინათ.

ბლიქსის უწყება - მისი სრული სახელწოდებაა "გაეროს მეთვალყურეობის, ინსპექციისა და კონტროლის კომისია" - საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო ერაყის ომამდე. მის ანგარიშს მსოფლიო მოუთმენლად ელოდა ხოლმე. მასვე უნდა გადაეწყვიტა, ერაყი მშვიდობიანად უნდა განეირაღებინათ თუ ძალით.

მას მერე, რაც აშშ-მა და ბრიტანეთმა ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ბლიქსი და მისი ჯგუფი უმალ ჩრდილში აღმოჩნდნენ. ახლა ინსპექტორთა კომისია საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ომისშემდგომმა რეზოლუციამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო, ომის ინიციატორებს და მთავარ მონაწილეებს ერაყის მართვის მანდატი მიანიჭა. ამავე რეზოლუციის მიხედვით, სწორედ უშიშროების საბჭოს უნდა განესაზღვრა ინსპექტორთა მომავალი როლი ერაყში.

ამჟამად იარაღის მოძიების ფუნქცია ამერიკელთა ხელშია. გასაკვირი არ არის, რომ ახალი ვადით ინსპექტორთა თაოსნობა ბლიქსმა აღარ ისურვა. მან დატოვა პოსტი და გამოაცხადა, რომ დაბრუნდება სამშობლოში, შვეციაში, სადაც, შესაძლოა, გამოაქვეყნოს ერაყის კრიზისის შესახებ თავისი თვალსაზრისი. ბლიქსი, როგორც თვითონ ითქვა, არ აპირებს ჩუმად წასვლას. თუკი მის ბოლოდროინდელ გამოსვლებს დაუგდებთ ყურს, მიხვდებით, რომ მისი შეხედულება ერაყის იარაღის კონტროლის მიმართ ვაშინგტონისა და ლონდონის დამოკიდებულების თაობაზე კრიტიკული იქნება. აი, რა თქვა ბლიქსმა ნიუ იორკში, როცა გასულ კვირაში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში - აშშ-ის პოლიტიკის კვლევის წამყვან ცენტრში გამოვიდა: [ჰანს ბლიქსის ხმა] “მე მაინც მეგონა, რომ სამთვენახევარი ძალიან ცოტა იყო ახალი ინსპექციითვის, საქმე დასრულებულად რომ ჩაგვეეთვალა, მით უმეტეს, როცა ახლა, აშშ-ის მთავრობა აცხადებს, მოთმინება იქონიეთ, ამას დრო სჭირდებაო.”

ბლიქსი ეჭვქვეშ აყენებს ვაშინგონის მტკიცებას, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებს ავითარებს და რომ მსოფლიოს ემუქრება. [ჰანს ბლიქსის ხმა] “რაღაც გაუგებრობა უნდა იყოს, როცა ამბობ, რომ 100 პროცენტით დარწმუნებული ხარ მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაში, მაგრამ ნული პროცენტით - მის ადგილმდებარეობაში.”

ბლიქსი, რომელსაც ერაყის კრიზისის დროს მხარს უჭერდნენ საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი, უშიშროების საბჭოს წევრებს სთხოვდა, მეტი დრო მიეცათ ინსპექციისთვის. ვაშინგტონი და ლონდონი კი, პირიქით, ერაყის დაუყოვნებელ განიარაღებას მოითხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ომით იმუქრებოდნენ.

თავის კოლეგასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელთან, მოჰამედ ელ ბარადეისთან ერთად ბლიქსი ბაღდადში ჩავიდა და სადამ ჰუსეინის მთავრობისგან მისი სამხედრო არსენალების შემოწმების საქმეში სრული თანამშრომლობა მოითხოვა. ორივე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ ბაღდადი თანამშრომლობას გააფართოებდა. მაგრამ მარტის შუა რიცხვებში დიპლომატიისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა: სადამ ჰუსეინს ვაშინგტონმა გადადგომისთვის 48 საათი მისცა, სხვა შემთხვევაში ომი გარდაუვალი იქნებოდა.

ბლიქსის წასვლა სიმბოლურად ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის ათწლიან მცდელობას, განეიარაღებინა ერაყი, სავარაუდოდ ბაღდადის ხელთ არსებული არსენალებისთვის მიეკვლია. შეიარაღების შვედი ექსპერტის, მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომლის ფრიდა კულაუს აზრით, სამმა რამემ შეუშალა ხელი ჯგუფს, ინსპექცია გაეგრძელებინა: პირველი - დიდ დროს მოითხოვდა; მეორე - საჭიროებდა თანამშრომლობას ქვეყანასთან, რომელიც შემოწმების ობიექტი იყო; და მესამე - აუცილებელი იყო მესამე ქვეყნების მუდმივი რწმენა, რომ მათ უშუალო ხიფათი ემუქრებათ. და როცა ბლიქსმა გამოაცხადა, განაგრძობს კულაუ, რომ ერაყი თანამშრომლობს მხოლოდ შემოწმებათა “პროცესში” და არა “არსებითად”, აშშ-სა და ბრიტანეთს მოთმინების ფიალა აევსოთ. შვედი ექსპერტის თანახმად, განიარაღების საქმეში სირთულეს წარმოადგენს ნდობის ფაქტორი. და როცა ნდობა გაქრა, - დასძენს იგი, - იოლი გახდა კონფლიქტის მოგვარების ტრადიციული ფორმის - ომის გამოყენება. მაგრამ კულაუ იმედს გამოთქვამს, რომ ერაყის პრეცედენტის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც განაგრძობს, იარაღის კონტროლის გზით დაიცვას თავი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისგან:

[კულაუს ხმა] “იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან გაეროს ინსპექციამ ვერ დაასრულა თავისი მისია, განიარაღების მიმართ რწმენას არ დაკარგავს. ვფიქრობ, ერაყი გამონაკლისია, რომელიც არ გამოხატავს რეალურად განიარაღების დიდ და ფართო სურათს, როცა საქმე ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს ეხება.”

და ბოლოს გეტყვით, რომ გაეროს განიარაღების კომისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ჰანს ბლიქსის წასვლის შემდეგ დიმიტრი პირიკოსი შეასრულებს, ბლიქსის მოადგილე და ერაყში საქმიანობის დროს ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG