Accessibility links

logo-print

პალესტინელები და ისრაელი ნაბიჯებს დგამენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზაზე


პალესტინელთა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა" გამოაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ თავდასხმებს ისრაელ მოქალაქეებზე.

უკვე ორშაბათს ისრაელის არმიამ, პალესტინელებთან თანამშრომლობით, დაიწყო პალესტინის თვითმმართველობის ტერორიტორიებიდან გასვლა. ამით კონფლიქტის ორივე მხარე “საგზაო რუკად” წოდებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების სერიოზული პირობების შესრულებას შეუდგა.
პალესტინელთა ექსტრემისტულმა გაერთიანებებმა, რომლებიც უკომპრომისო ბრძოლის მომხრენი არიან აგრესიის საპასუხოდ, როგორც თვითონ მიაჩნიათ, თავდასხმების შეჩერება გამოაცხადეს. მათი ეს განაცხადი, ეს ზავი, რომელსაც შემდგომ იასირ არაფატის დაჯგუფება “ფათაჰიც” შეუერთდა, სამთვიანია. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ვადით "წყდება სამხედრო ოპერაციები სიონისტი მტრის წინააღმდეგ". ამასთანავე, "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" ისრაელისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი ოპერაციები და გააუქმოს პალესტინელთა ცალკეული ტერიტორიების ბლოკადა.
"ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" ზავის შესახებ საზოგადოებას აუწყა "ჰამასის" წარმომადგენელმა აბდელ-აზიზ რანტისიმ: [აბდელ-აზიზ რანტისის ხმა] "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" შეთანხმდნენ, რომ სამი თვით ზავს გამოაცხადებენ, ოღონდ გარკვეული პირობებით. თუ ისრაელი არ შეწყვეტს აგრესიას პალესტინელთა წინააღმდეგ, მაშინ "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ჩათვლიან აგრესორად, რომელმაც ყური არ ათხოვა ჩვენს ინიციატივას. და მაშინ, პასუხად, ვიმოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხით, ვიმოქმედებთ ისრაელის წინააღმდეგ."
სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, რა მოჰყვა ამას ორშაბათს, გაგაცნობთ ისრაელის ხელისუფლების, კერძოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სილვან შალომის დამოკიდებულებას ზავისადმი:
[შალომის ხმა] “საზავო შეთანხმება ისრაელთან არ დაუდვიათ. ეს შეთანხმება პალესტინის თვითმმართველობასა და ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის მოხდა. ჩვენ ამ შეთანხმების მონაწილენი არ ვართ. ჩვენ კვლავაც მოვითხოვთ პალესტინელთა თვითმმართველობისგან, გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაციების ინფრასტრუქტურა, ჩამოართვას მათ უკანონო იარაღი, მოსპოს მათი საწვრთნელი ბანაკები.” ისრაელი და პალესტინელთა თვითმმართველობა ორშაბათს ერთობლივად შეუდგა ისრაელის ჯარის მიერ დატოვებული ობიექტების პალესტინელთათვის გადაცემას. ორივე მხარის უშიშროების უწყებათა წარმომადგენლები, მოჰამედ დაჰლანი და ამოს გილადი, ბეთლემის პალესტინელთათვის გადაცემაზე ბჭობდნენ. სამშაბათს ისინი ამავე თემაზე გააგრძელებენ მოლაპარაკებას, რადგან ოთხშაბათს სიტყვა საქმედ უნდა იქცეს. ორშაბათსვე წინ წაიწია პალესტინელი პატიმრების განთავისუფლების საქმემ. ისრაელის რადიოს თანახმად, ამ ქვეყნის საშინაო უშიშროების უწყება პალესტინელი პატიმრების სიას გადახედავს და დაადგენს, ვისი გაშვება შეიძლება.
საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად მიიღო ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელებული ცნობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მიესალმა ისრაელის არმიის გასვლას და ზავის გამოცხადებას, მაგრამ იქვე გააფრთხილა პალესტინელები ახალი თავდასხმების თაობაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა თქვა, რომ გაჩნდა ძალადობისა და ტერორის დასრულების შანსი. არაბულმა ლიგამ ზავს ხოტბა შეასხა და განაცხადა, რომ ის ნიშნავს პალესტინელთა სერიოზულ სწრაფვას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისაკენ.
XS
SM
MD
LG