Accessibility links

წინა კვირის რუსეთის პრესაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულმა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულმა თემებმა. მათ შორისაა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემატიკა.



24 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტა" მკითხველს შეახსენებს, რომ "შეთანხმება სოჭსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მიღწეულ იქნა მარტში, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სოჭის შეხვედრის დროს.


"ამ საკითხში ქართული მხარის პოზიციის განმარტებისას პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველო დათანხმდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, თუ რუსეთი ხელს შეუწყობს ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში, უპირველესად კი, გალის რაიონში. თუ ეს საკითხები ერთმანეთს არ გადაებმება, მაშინ აფხაზეთის გავლით მატარებლების მოძრაობაზე საუბარიც კი ზედმეტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამით, ერთი მხრივ, რუსეთი და საქართველოა დაინტერესებული, მეორე მხრივ კი - სომხეთი." "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის აკაკი ჩხაიძის სიტყვებით, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მთავარი პირობები - პოლიტიკური ნება და კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიებია. რაც შეეხება პროექტის მომზადების ტექნიკურ მხარეს, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეიქმნას სამმხრივი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სარკინიგზო ლიანდაგის 197-კილომეტრიანი მონაკვეთის შემადგენლობას. შემდეგ უნდა ჩატარდეს საპროექტო სამუშაოები, შედგეს ხარჯთაღრიცხვა და მხოლო მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის მშვიდობისმყოფელებისაგან უსაფრთხოების გარანტიები იქნება მიღებული, შესაძლებელი გახდება სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს ორ-სამ თვეზე მეტი არ დასჭირდება, მოძრაობის დაწყებას კი - წელიწადნახევარზე მეტი. ასახელებენ თანხასაც, რომელიც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოხმარდება: პროექტირებას დაახლოებით 2 მილიონ დოლარად აფასებენ, თვით მშენებლობას კი - მინიმუმ 60 მილიონ დოლარად."



25 ივნისის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" აქვეყნებს ინტერვიუს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქართულ-აფხაზურ დარეგულირებაში, ჰეიდი ტალიავინისთან. გალის რაიონში ლტოლვილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იგი განმარტავს, რომ "რუსეთის მშვიდობისმყოფელთა მანდატი პოლიციურ ფუნქციებს არ გულისხმობს", ხოლო კითხვაზე - თქვენმა წინამორბედმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, დიტერ ბოდენმა, შეიმუშავა დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, მაგრამ აფხაზური მხარე უარს ამბობს მის განხილვაზე. განაგრძობთ თუ არა ამ დოკუმენტის მისთვის შეთავაზებას? - ჰეიდი ტალიავინმა უპასუხა:



"ამას ჩემი მანდატი მავალდებულებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ეს დოკუმენტი მოლაპარაკების პროცესის საფუძველს წარმოადგენს. სხვა გზები, სხვა ელემენტებიც უნდა ვეძიოთ, რათა არ გავჩერდეთ. ეს არის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ლტოლვილთა დაბრუნება და გალის რაიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია. უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ლტოლვილებმა იგრძნონ: მათი დრო მოვიდა."



ტალიავინის მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, გალის რაიონში შეიყვანენ ისეთ კონტინგენტს, რომელიც შეძლებს გალისა და მისი მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონის სამართალდამცავი ორგანოებისათვის კონსულტაციების გაწევას. "ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები ბოსნია, ჰერცეგოვინა და კოსოვოა", - აცხადებს ჰეიდი ტალიავინი "ვრემია ნოვოსტეის" ფურცლებზე.
XS
SM
MD
LG