Accessibility links

logo-print

მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის გაერთიანება შემოდგომაზე


მიმდინარე კვირის ორშაბათს გაზეთმა "ქრონიკა" მკითხველს შესთავაზა ოპოზიციის გაერთიანების ფარული გეგმა: შემოდგომაზე სახალხო გამოსვლები დაიწყება ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მოთხოვნით.

არჩევნებამდე ორმოცი დღით ადრე პარტიები, მართლაც, შექმნიან ერთიან ბლოკს და ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ვეღარაფერს გააწყობს.

არის თუ არა მოსალოდნელი ოპოზიციის გაერთიანება უშუალოდ არჩევნების წინ?

პოლიტიკური პროცესები, როგორც წესი, მკაცრი შინაგანი ლოგიკით ვითარდება. ეს ლოგიკა გვიკარნახებს, რომ თუ ვინმეს შესაძლებლად მიაჩნია რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის ერთ სუბიექტად გადაქცევა არჩევნებამდე 40 დღით ადრე, იგი წინასაარჩევნო პროცესს გამარტივებულად აღიქვამს.

საქმე ისაა, რომ დღვანდელი ოპოზიციური პარტიები ბევრი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: მხარდამჭერთა რაოდენობით, ორგანიზაციის ხარისხით, საარჩევნო გამოცდილებით, ლიდერების ტემპერამენტით და პრობლემების მოგვარების ხედვით. ორი ფაქტორი, რომელიც მათ მეტ-ნაკლებად აერთიანებს, დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილია.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, პოლიტიკური ორიენტაციის თემა აღარ არის იმდენად აქტუალური, რომ საარჩევნო ბლოკის ხერხემლად იქცეს. ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი კი იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალური ფაქტორია, რომ არათუ ხელს არ უწყობს, პირიქით, ხელს უშლის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას. ახალგაზრდა ლიდერების ნაწილი სწორედ საპარლამენტო არჩევნებს ხედავს იმ იარაღად, რომელიც კონკურენტების ჩამოშორებაში უნდა დაიხმაროს. ამიტომ ერთიანი სია და ერთიანი გამარჯვება ვისთვის მისაღებია და ვისთვის - არა.

ეს არსებითი წინააღმდეგობაა; მისი დაძლევა გაზაფხულზე და ზაფხულში ვერ მოხერხდა. საშემოდგომო გაერთიანებას კი, დამატებით, ხელს შეუშლის საარჩევნო ტაქტიკის საკითხებიც. გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მთავარი დაპირება იქნებოდა შევარდნაძის ხელისუფლების დამარცხება და რეალური ცვლილებების განხორციელება. ზოგადი ხასიათის მიუხედავად, საფიქრებელია, რომ ასეთ შეთავაზებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოეხმაურებოდა. მაგრამ გაერთიანება არ შედგა და პარტიებმა უკვე დაიწყეს კონკრეტული საარჩევნო პროგრამების წარდგენა. ეს პროგრამები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება მთავარი აქცენტებით და პრობლემების გადაჭრის გზებით. როდესაც ერთი პარტია წმინდა სოციალური ორიენტაციისაა, მეორეს კი მემარჯვენე იდეები აქვს, და როდესაც ორივე პარტიის ლიდერი უკვე საჯაროდ საუბრობს თავისი ხედვის უპირატესობაზე, მათი გაერთიანება უშუალოდ არჩევნების წინ საზოგადოების შეურაცხყოფის სახეს მიიღებს.

გაერთიანებული ოპოზიცია სულ სხვაგვარად წარმართავდა წინასაარჩევნო პერიოდს, დანაწევრებულ პარტიულ სპექტრს კი სულ სხვა ამოცანები აქვს. და ამ ამოცანების შესრულება უკვე დაწყებულია. ასე რომ, ოპოზიციის გაერთიანება არჩევნებამდე 40 დღით ადრე უფრო მეტად ილუზიაა, ვიდრე რეალური შანსი.
XS
SM
MD
LG