Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელი მიმოხილვის დასაწყისში შემოგთავაზებთ წამყვანი გაზეთების გამოხმაურებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ ივლისს იტალიამ გადაიბარა მორიგეობით საბერძნეთისაგან

ევროკავშირის თავჯდომარეობა. როგორც ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, იტალიის მულტიმილიონერ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის მოდერნიზაციის საქმეში. გაზეთი დასძენს:

"ევროკავშირში ეგრედ წოდებული "ნაცრისფერი" პოლიტიკოსები ჭარბობენ. და აი, სინიორ ბერლუსკონის, ახლო ურთიერთობა რომა აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან, მიეცა კარგი შესაძლებლობა აღადგინოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რასაც გარკვეული ზიანი მიაყენა ერაყის ომმა".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი ფრენკ ბრუნო კრიტიკას გამოთქვამს სილვიო ბერლუსკონის მისამართით იმის გამო, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა თითქმის მთლიანად მოაქცია საკუთარ კონტროლქვეშ ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ხოლო გასულ თვეს იმასაც მიაღწია, რომ პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდში მის წინააღმდეგ არ შეიძლება იქნეს აღძრული სისხლის სამართლის რაიმე საქმე. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ქვეყანაში განხორციელებულ პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით ბერლუსკონის მექრთამეობის ბრალდება წაუყენეს. მისი სასამართლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა, მაგრამ მოსამართლეებმა იმუნიტეტის კანონის გადასინჯვა მოითხოვეს. ასე რომ, ბატონი ბერლუსკონი სამართლებრივი პრობლემებსგან, ყოველ შემთხვევაში შორეულ პერსპექტივაში, არაა დაზღვეული. მართალია, ამჟამად ბერლუსკონის არ ემუქრება მექრთამეობის ბრალდება, თუმცა ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა შესაძლოა მეტად სახიფათო ამოჩნდეს იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის. სილვიო ბერლუსკონის ერთობ დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის ზოგიერთ ევროპელ კოლეგასთან, და ევროპულ პრესაში უკვე დაიწყეს ბერლუსკონის საქმიანობის კრიტიკა."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ტაიმსმა" გამოაქვეყნა, ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ვესლი კლარკი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული დასავლეთის დიდი ოცნებების აღსრულება, სახელდობრ არაბული საზოგადოების გარდაქმნა, დემოკრატიის დამკვიდრება, რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარება, უწინარესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესძლებს დასავლეთი იმ პრობლემების მოგვარებას, რასაც ერაყში დაუპირისპირდა. გენერალი კლარკი განაგრძობს:

"ერაყში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად იქ არსებულ ძალებთან თანამშრომლობაა საჭირო, და არა დაპირისპირება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი მმართველი სტრუქტურები, რომლებიც ამერიკა-ბრიტანეთის დროებით სამოქალაქო ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებენ. ამ სტრუქტურებში ყველა, და თავად აწ უკვე დამხობილი ბაათის პარტიის ყოფილი წევრებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი."

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ერაყში გახშირდა შეიარაღებული თავდასხმები ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებზე. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"ამასობაში, მოსახლეობა ბრიტანეთსა და ამერიკაში იმედგაცრუებულია იმით, რომ კოალიციის ძალებს, როგორც ჩანს, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტ ხანს მოუხდება ერაყში დარჩენა."

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ქაბულელი კორესპონდენტი ხალედ ჰოსეინი შეახსენებს მკითხველებს, რომ ის დაპირება, საერთაშორისო თანამეგობრობამ რომ აღუთქვა თავის დროზე ავღანეთს, ძალზედ შორსა შესრულებისგან. ხალედ ჰოსეინი წერს:

"როცა თალიბების რეჟიმი დაემხო, ავღანელები მთელს მსოფლიოში არ მალავდნენ თავიანთ სიხარულს. 2001 წლის დეკემბერში გაეროს ეგიდით ბონში მოწყობილმა საერთაშორისო კონფერენციამ მწვანე შუქი მისცა ავღანეთში დროებთი მთავრობის შექმნას. ერთი თვის შემდეგ, დონორი ქვეყნების ლიდერები ტოკიოში შეიკრიბნენ და ავღანეთის აღსადგენად მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა ივალდებულეს. ავღანეთი ხელმეორედ დაიბადა. მაგრამ იმედისა და აღტკინების ამ პერიოდს "შორეულ წარსულად" მიხსენიებენ 2003 წლის ქაბულში. უშიშროება, კვლავაც უპირველეს პრობლემად რჩება ავღანეთში. თალიბანის ძალებში ხდება გადაჯგუფება. განიარაღება შორეულ ოცნებად რჩება. გასულ წელს, ავღანეთი, კვლავაც ოპიუმის მთავარ მწარმოებლად მოგვევლინა. ყოველი ოთხიდან ერთი ბავშვი ამ ქვეყანაში, კვლავაც ხუთ წლამდელი ასაკისა კვდება. მთავარი გზები დანგრეულია. ქალებს, კვლავაც დევნა-შევიწროებისა და გამუდმებული შიშის ქვეშ უხდებათ ცხოვრება. ხოლო პროვინციებში გაბატონებული მეომარი ლიდერები ერთი მეორეს ექიშპებიან და არ ემორჩილებიან ცენტრალურ მთავრობას".
XS
SM
MD
LG