Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედროებმა ქალაქ ნაჯაფის მერი დააპატიმრეს ერაყში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს ერაყში, ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს ქალაქ ნაჯაფის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი აბდულ მუნიმ აბუდი, რომელსაც ადამიანების გატაცებაში,

მძევლების აყვანასა და საფინანსო მაქინაციებში ადანაშაულებენ.

მუნიმ აბუდთან ერთად ამერიკელმა სამხედროებმა ნაჯაფის დროებითი ადმინისტრაციის 61 თანამშრომელიც დააკავეს. როგორც კორესპონდენტები აღნიშნავენ, ნაჯაფის ბევრი მკვიდრი გააოცა ერაყის ჯარის ყოფილი პოლკოვნიკის, სუნიტი მაჰმადიანის მუნიმ აბუდის დანიშვნამ მაისის დასაწყისში დროებითი ადმინისტრაციის უფროსად ქალაქში, რომელიც ერაყის უდიდესი სათვისტომოს, შიიტ მაჰმადიანთა ხელმძღვანელობის ცენტრად ითვლება.

აი რა განაცხადა მუნიმ აბუდის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენი რადიოს ბაღდადელმა კორესპონდენტმა მოჰამად-ალი ჰაიდარიმ [მოჰამად-ალი ჰაიდარის ხმა]: "ნაჯაფელები უკმაყოფილონი დარჩნენ მისი დანიშვნით ორი თვის წინ. და ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ მუნიმ აბუდი სუნიტია და არა შიიტი, ხოლო ნაჯაფი, ერაყსა და მთელს მსოფლიოში შიიტების ერთ-ერთი უწმიდესი ქალაქია. და ადგილობრივი მკვიდრნი იმედოვნებდნენ, რომ მათი რომელიმე თანაქალაქელი გახდებოდა მერი. ასე რომ, ხალხი იმედგაცრუებული დარჩა, როცა ამერიკის ადმინისტრაციამ ყოველგვარი არჩევისა თუ ქალაქის რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა მუნიმ აბუდის დანიშვნა მერად."

მოჰამად-ალი ჰაიდარიმ განაცხადა აგრეთვე, რომ
ნაჯაფელები იმანაც განარისხა, რომ აბუდი ყოფილი ბაათის პარტიის წევრი იყო.

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" იუწყებოდა მაისის დასაწყისში, აბუდის დანიშვნა იმით იყო გამართლებული, რომ იგი, უწინ, ნაჯაფის ადმინისიტრაციაში მსახურობდა.

კოალიციის დროებითი ადმინისტრაცია პრობლემას დაუპირისპირდა ნაჯაფში - როგორ შეცვალოს მუნიმ აბუდი. ხსენებულმა ადმინისტრაციამ უარყო გასულ თვეს წამოყენებული გეგმა, რომ საყოველთაო არჩევნები ჩაეტარებინათ ნაჯაფში 19 წამოყენებული კანდიდატის, მათ შორის თავად აბუდის მონაწილეობით, რათა გამოვლენილიყო ხალხის სასურველი მერი. მაგრამ უშიშროების მოსაზრებიდან გამომდინარე, ამერიკელებმა განუსაზღვრელი ვადით გადადეს ამგვარი არჩევნების მოწყობა.

ამჯერად, როცა აბუდის დაპატიმრებამ გადაუდებელი გახადა უკვე ნაჯაფის ახალი მერის არჩევა, კოალიციის დროებითმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შექმნას 22-წევრიანი სამოქალაქო საბჭო, რომელიც მუნიმ აბუდის შემცვლელს დაასახელებს.

გამოაცხადა რა ორშაბათს მუნიმ აბუდის დაპატიმრების შესახებ, კოალიციის დროებითმა ადმინისტრაციამ არაორაზროვნად გააფრთხილა ოფიციალური პირები ერაყში, განუხრელად იხელმძღვანელონ კანონის უზენაესობით, იმისდა მიუხედავად, კოალიციის დროებითმა ადმინისტრაციამ დანიშნა ისინი, თუ სახალხო საბჭოებმა აირჩიეს.
XS
SM
MD
LG