Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლე დიდ ბრიტანეთში, რომელიც ბევრს საბჭოთა კავშირს აგონებს


პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან

დაკავშირებული პოლიტიკური დისკუსია საქართველოში მათ შინაარსს უკავშირდებოდა. დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში. ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა" დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ ინიციატივაზე გესაუბრებით. მინისტრი დევიდ ბლანკეტი ქვეყანაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღებით იმუქრება. ბლანკეტს მიაჩნია, რომ კონტროლის ეს ფორმა ხელს შეუწყობს ტერორიზმთან, არალეგალურ იმიგრაციასთან და დანაშაულთან ბრძოლას. პოლიცია მიესალმა ამ ინიციატივას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში აზრი გაიყო. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების იდეას სახიფათოდ მიიჩნევენ.

იმისათვის, რომ პრობლემის სიმწვავე შეგვეფასებინა, ინგლისში დავუკავშირდით საქართველოს მოქალაქე - მიხეილ კალინიჩევს, რომელიც იქ ცხოვრობს და მუშაობს:

[კალინიჩევის ხმა]
"პირადად ჩემთვის ამ საბუთის შემოღებას დიდი მნიშვნელობა არ ექნება ისევე, როგორც ახლა არის პასპორტი, რომელშიც "ჩარტყმულია" ოფიციალური ვიზა და ჩემი აქ ყოფნა ლეგალურია, დამატებითი საბუთის ქონას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მე ამაში ჩემი უფლებების შეზღუდვას არ ვხედავ",

ჩემი რესპონდენტისგან გავიგე, რომ დიდ ბრიტანეთში პირადობის მოწმობების შემოღებაზე ჯერჯერობით ფართო დისკუსია არ მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, პირადობის დამადასტურებელი საბუთების გაყალბება ქვეყანას წელიწადში ორი მილიარდი დოლარი უჯდება.


მღელვარება, რომელიც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში პირადობის მოწმობების სავალდებულო შემოღების ინიციატივას მოჰყვა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეიძლება პრობლემის ხელოვნურად გაბუქებას გავდეს. თუმცა, ბრიტანეთში, სადაც შიდა ხმარების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს შემოიღეს და 1952 წელს გააუქმეს, ალბათ აქვთ ღელვის საფუძველი. როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის იდეამ შეაშფოთა ისინი, ვინც იცის, ან ვისაც ახსოვს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა მათი სავალდებულო ტარების დაწესებასაც ნიშნავს და ნიშნავს პრობლემებსაც, რომლებიც მათი არ ქონით წარმოიშობა.

თუმცა, თავად იდეის ავტორი ბრიტანელი მინისტრი, რომელიც თვლის, რომ უკანონო იმიგრაციასთან ბრძოლა დოკუმენტების კონტროლით უფრო ეფექტიანი იქნება, სხვა კუთხით უდგება საკითხს:

[ბლანკეტის ხმა]
"ნურავინ იღელვებს სწორად ამოცნობის გამო. არაფერია სანერვიულო ჩვენი პირადობის სათანადოდ დადგენისა და ცნობაში. თუმცა, ნამდვილად უნდა იღელვონ იმათ, ვისაც ცრუ მოწმობა ექნება მოპოვებული და ეს დაუდგინდება".

ბლანკეტის ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიცია ბრიტანეთში. ის კი არა და კონსერვატორები სავალდებულო ე.წ. "პაციენტის პასპორტების" შემოღების ინიციატივითაც კი გამოდიან, რომ სახელმწიფო დაავადებების ექსპორტისა და გავრცელებისგან დაიცვან. თუმცა, რამდენად ეფექტიანია დამატებითი დოკუმენტების შემოღება უკანონო იმიგრაციასთან, ან დაავადებებთან ბრძოლის თვალსაზრისით, საკამათო ნამდვილად არის. როგორც ჩანს, ბრიტანელ კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყანაში გაყალბების ხარისხი ნაკლები იქნება და ეს შედეგს მოიტანს. თუმცა, გაყალბების პერსპექტივა ძალიან ბუნებრივად ესახება ჩემს მოსაუბრეს:

[კალინიჩევის ხმა]
"თუ არის ისეთი ფაქტორები, რომლებიც რაღაც პროგრესს შემოიტანს იმ მხრივ, რომ ეს არალეგალური იმიგრაცია შემცირდება, რა თქმა უნდა ამ მხრივ მხარის დასაჭერი ინიციატივაა, მაგრამ მეორე მხრივ როგორც შეიძლებ ჩვეულებრივი პასპორტის ფალსიფიცირება, ასევე მოხდება იმ საბუთის ფალსიფიცირება".

მიხეილ კალინიჩევის აზრს იზიარებს ბრიტანეთის სამოქალაქო უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "ლიბერტი", რომლის წარმომადგენელი მარკ ლიტლვუდი თვლის, რომ დასავლეთი ევროპის ქვეყნებში არსებული მოწმობებისა და ბარათების არც ერთი სქემა არ ემსახურება უკანონობის შეზღუდვას. ლიტლვუდს უფრო ის აშფოთებს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღებით იზრდება ადამიანების სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის შანსი. ბრიტანელი ადამიანის უფლებათა დამცველი ამბობს:

[ლიტლვუდის ხმა]
"ალბათ, შინაგან საქმეთა უწყებაში უნდა იყოს რაღაც სუპერ-კომპიუტერი, და მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, რომელშიც იქნება ძალიან დეტალური ინფორმაცია ბრიტანეთში მცხოვრებ სავარაუდოდ 50-60 მილიონ ადამიანზე. მგონია, რომ ასეთი მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების დაცვის შანსი ძალიან პატარაა"

პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების იდეის ხორცშესხმას დიდ ბრიტანეთში ალბათ აქვს პერსპექტივა. ამის საილუსტრაციოდ ჩემი რესპონდენტის მიერ მოყვანილი ერთი მაგალითიც გამოდგება:

[კალინიჩევის ხმა]
"პარალელების გაკეთება შემიძლია შეეთებულ შტატებსა და ინგლისს შორის, ერთი საკითხი როგორ სხვადასხვანაირად გადაიჭრა ამ ქვეყნებში. აშშ-ს რამდენიმე ქალაქში იყო ასეთი ინიციატივა, რომ კამერები დაეყენებინათ, რომლებიც მოახდენდნენ ჩაწერას იმ უბნისა, სადაც ხშირია ნარკოტიკების გაყიდვა და კრიმინალური სიტუაცია სადაც იქმნება და ამაზე შეერთებულ შტატებში დიდი წინააღმდეგობა იყო იმ მხრივ, რომ უფლებების დაცვის მომხრეებმა თქვეს, რომ ამაში ადამიანის უფლებების დიდი შელახვაა. სამაგიეროდ ინგლისში, ლონდონში ეს არის დაყენებული და ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ კამერების გამოყენებას ლონდონის სხვადასხვა ქუჩებში, რომ სხვადასხვა სახის კრიმინალურმა აქტივობამ მნიშვნელოვნად დაიწია და ამაში აქაურები არანაირ პირადი უფლებების შეზღუდვას არ ხედავენ".

დისკუსია ამ თემაზე ახლო მომავალში გააქტიურდებამ რადგან დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა უწყება სულ მალე გამოაქვეყნებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების სქემის საკუთარ ვერსიას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG