Accessibility links

logo-print

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტმა ერთობ შეცვალა საქართველოს მთავრობის დღის განაწესი: სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრა შეხვედრაზე იმართება,

თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, საეჭვოა, დარჩენილ დღეებში ხელისუფლებამ შეძლოს ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე?

საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ პირობებში მუშაობს. თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრების პარალელურად, სახელმწიფო კანცელარიაში, სხვადასხვა შემადგენლობით, განუწყვეტლივ იმართება შეხვედრები სახელმწიფო მინისტრის მეთაურობით. ავთანდილ ჯორბენაძე საკმაოდ რთულ მდგომარებაში აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციით, იგი არ ითვლება მთავრობის მეთაურად, ბუნებრივია, აღმასრულებელი ხელისუფლების მარცხზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, სწორედ მას დააკისრებს ოპოზიცია. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე სწორედ სახელმწიფო მინისტრი იღებდა ხოლმე სრულ პასუხისმგებლობას. თუ ამას ავთანდილ ჯორბენაძის პოლიტიკურ დატვირთვასაც დავამატებთ, - იგი, როგორც გახსოვთ, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეც გახლავთ, - ბუნებრივია, ოპოზიცია ყველა ღონეს გამოიყენებს სახელისუფლებო ძალის მქონე ლიდერის პოზიციების შესარყევად.
თუმცა, აქ, შესაძლოა, სხვა ვარიანტიც არსებობდეს - კერძოდ, სანამ ოპოზიცია სახელმწიფო მინისტრს შეუტევს, თავად სახელმწიფო მინისტრმა დააკისროს ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრს. მოვლენების ამგვარად განვითარების პროგნოზის საფუძველს ქმნის 30 ივნისს ავთანდილ ჯორბენაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა გაიმართება ივლისის პირველ რიცხვებში, როდესაც ივნისის თვის საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლები გაირკვევა. მსგავს მინიშნებებს აკეთებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძეც, რომელმაც 1 ივლისს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტში ცვლილებათა ახალი პაკეტი შევა - ერთი საკადრო პოლიტიკას ეხება, მეორე კი დავალიანებების გასტუმრების საკითხს.
უნდა ვიფიქროთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და, მასზე განსახილველი და დასამტკიცებელი გადაუდებელი კანონპროექტების სავარაუდო რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. რაც მთავარია, 1 ივლისს პარლამენტის კედლებში, ბოლოს და ბოლოს, მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობის გამოკლებით, - ნაციონალები კონსულტაციებში არ მონაწილეობდნენ, - შეთანხმდნენ, რომ 15 კაციან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 წევრს დანიშნავს პრეზიდენტი, თითო- თითოს - ავტონომიური რესპუბლიკები, ორ- ორს - საპარლამენტო არჩევნებში 7 პროცენტიან ბარიერგადალახული მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება და მრეწველები, თითო-თითო წევრს - თვითმმართველობის არჩევნებში 4 პროცენტიან ბარიერგადალახული 5 პარტია - დემოკრატები, ნაციონალები, ერთობა, ლეიბორისტები და ახლები. გადაწყვეტილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმათა ორი მესამედით მიიღებს, რაც არ შექმნის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების პრეცედენტებს.
XS
SM
MD
LG