Accessibility links

logo-print

“შვეიცარული მოდელი” ეროვნული უმცირესობებისთვის


29 ივნისს შვეიცარიიდან თბილისში დაბრუნდნენ სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლები. მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია

“ევროპის უმცირესობათა გაერთიანების” ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაში. მე ვესაუბრე ამ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, საქართველოს ქურთ-იეზიდთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელს ბატონ აგიტ ფურჭელეს.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე - ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, შემდეგ კი პრეზიდენტი - ამბობდა ხოლმე, რომ 2000 წელს საქართველო შვეიცარიის დონეს მიაღწევს. თავის დროზე ნიკიტა ხრუშჩოვი ჰპირდებოდა საბჭოთა ხალხს, რომ 1980 წელს ამ ქვეყანაში კომუნიზმი აშენდებოდა. ვერც კომუნიზმს მოვესწარით და ვერც შვეიცარიას, თუმცა საქართველოში “შვეიცარიას” კვლავაც ახსენებენ. აღარავინ ამბობს, ევროპის ამ უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკურ დონეს მივაღწევთო, მაგრამ შვეიცარიის ფედერალური მოწყობის პრინციპზე ქართველი პოლიტიკოსები კვლავაც გაბრწყინებული თვალებით საუბრობენ. “შვეიცარული მოდელი” აკმაყოფილებთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებსაც, კერძოდ, სამოქალაქო მოძრაობის, “მრავალეროვანი საქართველოს”, წარმომადგენლებს. აქამდე შვეიცარიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო წესწყობილებას ისინი "შორიდან” ეცნობოდნენ, მაგრამ, საერთაშორისო ორგანიზაცა “ევროპის ეროვნულ უმცირესობათა გაერთიანების” მოწვევით, საქართველოს “არაქართველმა” მოქალაქეებმა გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქებში იმოგზაურეს და მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც ქვეყნის ფედერალურ მოწყობას მიეძღვნა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, საქართველოს ქურთი-იეზიდების ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი აგიტ ფირჭელე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:


[აგიტ ფირჭელეს ხმა]: “დაახლოებით 20, 25 ადამიანი იყო საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის, აფხაზები, ქურთები, სომხები, აზერბაჯანელები... სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, დეპუტატები...ოპოზიციის წარმომადგენლები.”

ათი დღის მანძილზე ამ ადამიანებმა შვეიცარულ კანტონებში იმოგზაურეს და ყოველი კანტონის კონსტიტუციას გაეცნენ, შეხვდნენ როგორც შვეიცარიის ეროვნული საბჭოს, ასევე ზედა პალატის, კანტონთა საბჭოს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს. საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებიც. ჩვენს კითხვაზე, როგორი სტატუსით წარმოადგინეს ოსები და აფხაზები მასპინძლებმა, აგიტ ფირჭელემ გვიპასუხა:

[აგიტ ფირჭელეს ხმა]: “ძალიან ხშირ შემთხვევაში ექსპერტები არ განიხილავდნენ მათ სტატუსს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ, რომ არიან არაღიარებული სახელმწიფო “აფხაზეთის” წარმომადგენლები... მომხსენებლები, საერთაშორისო ექსპერტები, ძალიან მკაცრად უყურებდნენ ამას და ამბობდნენ, რომ ეს ის საკითხია, რომელშიც საქართველოს ერთიანობაში მათ უნდათ, რომ აფხაზეთი არ იყოს განცალკევებული, ანუ ისინი უყურებენ ერთიან საქართველოს.” (სტილი დაცულია)

საქართველოს “ერთიან სახელმწიფოდ” განიხილავენ ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლებიც - აზერბაიჯანლები, სომხები, ქურთები, რუსები. ქურთი-იეზიდის, ეროვნული კონგრესის მესვეურის აგიტ ფირჭელეს თქმით, შვეიცარიაში თავი მოიყარეს საქართველოში რეგისტრირებულ სათვისტომოთა იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან - ზოგი ხელისუფლებას უჭერს მხარს, ზოგი - ოპოზიციას. ნათელი გახდა, რომ არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური ძალები კვლავაც ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა, საქართველოში მცხოვრები ქურთი-იეზიდები თუ სომხები მხარს უჭერენ ქვეყნის ხელისუფლებას ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ნათელი გახდა, რომ ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო თვითშეგნება საკმაოდ მაღალია და ყოველ სათვისტომოში ადამიანები ცდილობენ დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას ან ოპოზიციას. მაგრამ შვეიცარიაში მოწყობილმა შეხვედრებმა ისიც დაგვანახვა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ერთიან, დაუნაწევრებელ საქართველოზე ოცნებობს. ეს კი, თავისთავად, წინ გადადგმული, ‘შვეიცარიისკენ” გადადგმული ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG