Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების რეალური პერსპექტივა გამოჩნდა


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს 2 ივლისს, ისრაელმა პალესტინელთა უშიშროების ძალებს გადააბარა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ბიბლიური ქალაქის, ბეთლემის კონტროლირება მას შემდეგ, რაც წინა დღით იერუსალიმში,

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრებმა: არიელ შარონმა და მაჰმუდ აბასმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მტკიცედა აქვთ გადაწყვეტილი ბოლო მოუღონ ახლო აღმოსავლეთში თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს.


შარონი და აბასი შეთანხმდნენ 4 კომიტეტის დაარსებაზე, რომლებმაც კოორდინაცია უნდა გაუწიონ "გზამკვლევის" სახელით ცნობილი საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის პრაქტიკულ განხორციელებას. ამ გეგმის თანახმად 2005 წლისათვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა დაარსდეს.

"ჩვენი კონფლიქტი ისრაელთან პოლიტიკური ხასიათისაა და მას პოლიტიკური საშუალებებით მოვაგვარებთ. ჩვენ არ ვმტრობთ ისრაელ ხალხს, და არც გვაწყობს მასთან კონფლიქტის შემდგომი გაგრძელება" - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე იერუსალიმში მაჰმუდ აბასმა.

არიელ შარონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი ეს შეხვედრა აბასთან, რასაც ისრაელ და პალესტინელ ხალხებთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, ჭეშმარიტი იმედისა და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შარონმა, ამასთანავე, თავის პალესტინელ კოლეგას უთხრა, რომ ვიდრე ტერორიზმს არ მოეღება ბოლო, ახლო აღმოსავლეთში შეუძლებელი გახდება მშვიდობის დამყარება. "ჩვენ, მის საბოლოო დამარცხებამდე გავაგრძელებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" - დასძინა არიელ შარონმა.

მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ მშვიდობის დამყარებასთან ერთად უნდა მოხდეს ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების განთავისუფლება, აგრეთვე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება.

ორშაბათს ისრაელმა ღაზის სექტორიდან გაიყვანა თავისი ჯარი, და პალესტინელებს, პირველად 2000 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, როცა ისინი დამოუკიდებლობისათვის აჯანყდნენ, კვლავ მიეცათ გადაადგილების თავისუფლება.

29 ივნისს, პალესტინელ ექსტრემისტთა სამმა მთავარმა დაჯგუფებამ: ფათჰამ, ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა გამოაცხადა, რომ სწყვეტენ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმებს.

იმ დროს, როცა იერუსალიმში არიელ შარონისა და მაჰმუდ აბასის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკოსთა ინიციატივით, შარონის ოფიციალური რეზიდენციის წინ საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტებს აღმართული ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომლებზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოღალატედ იყო მოხსენიებული.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უაღრესად კმაყოფილია არიელ შარონისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრით.

ოთხშაბათს, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ 30 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას მიაწვდის პალესტინელებს დაზიანებული გზების შესაკეთებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG