Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელს მხოლოდ 2 მილიონით აღემატება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სანამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაძაბულ მოლაპარაკებას მართავს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებით

”განტევების ვაცს” ეძებს, საკანონმდებლო ხელისუფლებაში უკვე მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად საპროგნოზო მაჩვენებლებს ეცნობიან.

კანონმდებლობის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ ივნისში საკანონმდებლო ხელისუფლებაში მომავალი 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი შუალედურია და პარამეტრები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გადაიხედოს, პროექტის მიმართ უკვე მრავალი შენიშვნა არსებობს.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი ცოტა ხნის წინ განიხილა, თავის შენიშვნებს უახლოეს პერიოდში მთავრობას გადაუგზავნის.

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში 2004 წლის შემოსავლები მილიარდ 241 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. საინტერესოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელს მხოლოდ 2 მილიონ 700 ათასი ლარით აღემატება. ვერ გეტყვით, შეიცვლება თუ არა საბოლოო პარამეტრი გეგმის დამუშავებისას, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დღენიადაგ ეკონომიკის ზრდაზე, ქვეყნის წარმატებასა და ფისკალურ ძვრებზე გვესაუბრება, ეს წარმატებები და ზრდა ბიუჯეტს მხოლოდ 2 მილიონი ლარით ეტყობა, რასაც ეკონომიკური ექსპერტები ხელისუფლების ”ჩრდილოვანი ეკონომიკის” მიმართ კაპიტულაციად აღიქვამენ.

2004 წლის საბიუჯეტო ხარჯები მილიარდ 491 მილიონითაა განსაზღვრული, ანუ მთავრობამ, ხარჯების კუთხით, მომავალი წლისთვის დაახლოებით 13 მილიონით მეტი გაიმეტა, წლევანდელთან შედარებით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, ფაქტობრივად, არ არის გათვალისწინებული ზრდა, რაც სუსტი ადმინისტრირების პირდაპირი შედეგია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი კი დაგეგმილი პარამეტრების სიმცირეს მთელი რიგი მოქმედი საგადასახადო შეღავათებით ხსნის, რომელიც, თავის მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლებამ დააწესა.

ასევე საინტერესოა, რომ ხარჯები უმცირდებათ მთელ რიგ უწყებებს. მათ შორისაა თავდაცვის უწყება, რომელსაც მომავალ წელს 0,3 პროცენტით, ანუ 200 ათასით, ნაკლებს გამოუყოფენ, ვიდრე ეს წელს მოხდება. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის 8,9 პროცენტით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული. ამ და სხვა შენიშვნების გამო, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ურჩევს ფინანსთა სამინისტროს არსებულ პარამეტრებს გადახედოს, რათა სექტემბრისთვის, როდესაც ბიუჯეტის განხილვა დაიწყება, მეტ-ნაკლებად მომზადებულ დოკუმენტზე მოუხდეთ მსჯელობა.
რაც შეეხება სიახლეებს, რომელიც, შესაძლოა, მომავალი წლის კანონში აისახოს, იგი დაცული მუხლების და ე.წ. სპეცსახსრების თემას შეეხება. მომავალი წლიდან ნავარაუდევია სპეცსახსრების გაუქმება, ასევე აღარ იქნება დაცული მუხლები და ბიუჯეტი ყოველკვარტალურად გადაიხედება.
2004 წლის საბიუჯეტო პარამეტრების მიმართ თავის პოზიციას დააფიქსირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაც, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.
XS
SM
MD
LG