Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის სტრატეგია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მემორანდუმის მოლოდინში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, 3 ივნისს თბილისში მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობას მემორანდუმს გადასცემს. ექსპერტთა აზრით, ახალი მემორანდუმი

დიდად განსხვავებული არ იქნება ფონდის მიერ ამ 6 თვის წინ მომზადებული რეკომენდაციებისგან, რომლებიც, ძირითადად, ფისკალური პოლიტიკის მოგვარებასა და ენერგეტიკის სფეროში წესრიგის დამყარებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროგნოზით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება მკაცრი იქნება, მთავრობის კულუარებიდან გამოსული ხმებით, ჯერ კიდევ რჩება აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის ვადის გახანგძლივების შესაძლებლობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გადაწყვეტილების გახმაურებამდე მთავრობის კულუარებში მოვლენების განვითარების ორ ვერსიაზეა საუბარი. პირველი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტის დასრულების შემდეგ ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მხოლოდ ინფორმაცია გაკეთდება საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე; სექტემბერში მისია კვლავ ესტუმრება თბილისს და გადაწყვეტილება ფონდის საქმიანობის შეჩერება-გაგრძელების შესახებ იმ დროისთვის არსებული ვითარების საფუძველზე მიიღება. ამ ვერსიის მომხრეთა აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც თავადაც დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარების დაძაბვას თავს აარიდებს, რადგან ქვეყანაში სტაბილური ვითარება საქმიანობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. პესიმისტთა ვერსია კი ასეთია: ფონდი მაინც მიიღებს პროგრამების შეჩერების გადაწყვეტილებას, რაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე პრობლემებს შეუქმნის. თუ
როგორი იქნება პრეზიდენტ შევარდნაძის სტრატეგია ფონდის გადაწყვეტილების მოლოდინში - ამის თაობაზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის 2 ივლისს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის უჩვეულო მოქმედება: ედუარდ შევარდნაძე ერთბაშად რამდენიმე მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა, თუ უახლოეს დღეებში პრობლემათა დიდი ნაწილი არ შესრულდა. პოტენციურ მოსახსნელთა ჩამონათვალში აღმოჩნდნენ: ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი. გარდა ამისა, არასახელწიფოებრივად აზროვნების მიზეზით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში თურქული და ბრიტანული ავიაკომპანიების საქმიანობის აკრძალვაში გამოიხატა, პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჭანკოტაძეს.
გულახდილად რომ ითქვას, პრეზიდენტი ხშირად განრისხებულა თავის მინისტრებზე, მაგრამ ეს, როგორც წესი, დროებით ხასიათს ატარებდა. ახლა კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტისას, პრეზიდენტმა, შესაძლოა, თავისი მუქარა შეასრულოს, რათა აჩვენოს, რომ მინისტრების ცუდი მუშაობის გამო აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
2 ივლისს ქართული ინტელიგენციის ერთმა ჯგუფმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ხელისუფლების სრული შეცვლის თხოვნით, რაც, მათი აზრით, ოპოზიციის გაერთიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. რამაზ ჩხიკვაძემ, გურამ საღარაძემ, სოფიკო ჭიაურელმა, გივი ბერიკაშვილმა და სხვებმა ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციის გაერთიანების მძიმე მისიის შესრულება დააკისრეს. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი უახლოეს დღეებში შეხვდება თავის თანამოაზრეებს და ერთიანი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობას გაარკვევს.
XS
SM
MD
LG