Accessibility links

logo-print

საქართველოს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაცია ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ


საქართველოს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში შევიდა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის

პრეზიდენტის ეროსი კიწმარიშვილის წერილი. ტელეკომპანია ქვეყნის პირველი პირისგან ითხოვდა არხის მაუწყებლობის მე-9 მეტრულ სიხშირეზე გავრცელების უფლებას ერთი წლის ვადით. წერილი კანცელარიაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გვერდისავლით აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მარეგულირებელ კომისიას დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართა საქართველოს მაუწყებელთა ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც ამ ფაქტის გამო ცალსახად დაუპირისპირდა “რუსთავი-2”-ს.

დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სახელით ქვეყნის პირველი პირისადმი წერილის მიწერის ფაქტი უკვე შეიცავს სკანდალურ ელემენტებს, განსაკუთრებით, წინასააარჩევნოდ. სკანდალურობას მით უფრო აძლიერებს დამატებითი დეტალები: “რუსთავი-2”, სხვა ტელეკომპანიებისაგან განსხვავებით, პრივილეგიებს პრეზიდენტისგან ითხოვს. ფაქტობრივად, ვერავინ საუბრობს წერილის ზუსტ შინაარსზე და, ბოლოს, თავად ეროსი კიწმარიშვილი პრესასთან პირადად გამოჩენის დაინტერესებას არ ამჟღავნებს, მასთან დაკავშირება კი თითქმის შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
საქართველოს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაცია პრეზიდენტების -შევარდნაძისა და კიწმარიშვილის - ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო გარიგების თემაზე 2 ივლისს პრესკონფერენციასაც გეგმავდა. პრესკონფერენცია გადაიდო, რადგან ასოციაციამ მარეგულირებელი კომისიისგან დაპირებული დამატებითი ინფორმაცია ვერ მიიღო. ამ ეტაპზე შექმნილ სიტუაციაში ჭორ-მართალის გარკვევას სრულყოფილად ვერც მარეგულირებელი კომისია ახერხებს, მაგრამ ერთი, რასაც კომისიაში კატეგორიულად აცხადებენ, არის ის, რომ ტელესიხშირის გაცემის ექსკლუზიური უფლება, კონკურსის საფუძველზე, მხოლოდ და მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა და პრეზიდენტი აქ არაფერ შუაშია. სხვათა შორის, კანცელარიაში “რუსთავი 2”-ის თხოვნის შემცველი წერილის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაირკვა, რომ მე-9 მეტრული არხის, ანუ ეგრეთ წოდებულ “ორტ”-ს, გადამცემზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. მაუწყებელთა ასოციაციის წევრები ამტკიცებენ, რომ რემონტს სწორედ “რუსთავი -2” აწარმოებს. მათი თქმით, არხის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის რეზოლუციით მიიღო უფლება, ტენდერის გამოცხადებამდე გაარემონტოს გადამცემი და ექსპერიმენტის სახით ტექსტ-სიგნალიც გაგზავნოს. ამით ტენდერზე იგი უკვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში წარდგება. სხვათა შორის, ცნობილი “ორტ”-ს სიხშირეზე წელს ტენდერი საერთოდ არ ტარდება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაფერს ცვლის სიხშირით დაინტერესებული ტელეარხებისათვის. ფარული ბრძოლის სააშკარაოზე გამოტანის მაგალითია თუნდაც ის, რასაც მაუწყებელთა ასოციაციისა და “რუსთავი-2”-ის დაპირისპირება ჰქვია. ასოციაციაში შემავალ 24 სამაუწყებლო კომპანიას შორის “რუსთავი-2” არ არის. არც ყოფილა. სიხშირით კი დაინტერესებულნი არიან როგორც თავად “რუსთავი-2”, ისე ასოციაციაში შემავალი არაერთი ტელეკომპანია. რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზია “ორტ” მეცხრე მეტრულ სიხშირეზე მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობდა, უფრო ზუსტად, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, 85%-ს, მოიცავდა. ამიტომ გასაგებია, რომ გამოჩნდნენ აკრძალული ილეთებით მოთამაშეებიც. გავრცელებული ინფორმაციით, “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტს სწორედ ეგრეთ წოდებული ტექნიკური დახმარების პროექტით მიმართა და იგი შეცდომაში შეიყვანა.
საქართველოს მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში ამ საქმის უფრო დამამძიმებელი გარემოებებიც გამოაშკარავდება. პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG