Accessibility links

logo-print

შექსპირიანა “ცისფერ გალერეაში”


3 ივლისს თბილისის ეროვნულ გალერეაში დაიხურება გამოფენა, რომელსაც ორგანიზატორებმა - საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ბრიტანეთის საბჭომ, მხატვართა კავშირმა

- “ქართული სახვითი შექსპირიანა” უწოდეს. მინდა გესაუბროთ ამ გრანდიოზული ექსპოზიციის შესახებ.

ექსპოზიციის გრანდიოზულობა არამარტო სურათების რაოდენობამ განაპირობა - “ქართულ სახვით შექსპირიანაზე” 80-მდე ქართველი მხატვრის 200 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი... “შექსპირიანამ” გააერთიანა, ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის მთელი ქართული სახვითი ხელოვნება - პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრებიდან დაწყებული, თანამედროვე მხატვრობის ჩათვლით. გამოფენის დათვალიერებისას ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, დებორა ჯონსს, უთქვამს, ქართველმა მხატვრებმა შექსპირზე უფრო მეტი რამ მასწავლესო. ეს სიტყვები აუცილებლად გაგახსენებდათ ორი კვირის წინ თბილისში მომხდარ სკანდალს, ბრიტანული თეატრალური დასის, “ვოლკანოს”, ჩაშლილ გასტროლებს საქართველოში. მარჯანიშვილის თეატრის დირექციამ, საქართველოს საპატრიარქოს წერილის გამოქვეყნების შემდეგ, “ვოლკანოს” მსახიობებს უარი განუცხადა მარჯანიშვილელთა სცენაზე შექსპირის სონეტების, ასე ვთქვათ, “ეროტიკულ ინტერპრეტაციაზე”. “ვოლკანოს” გასტროლების ორგანიზატორი იყო ბრიტანეთის საბჭო, რომელიც ამ დღეებში საქართველოში მოღვაწეობის მეათე წლისთავს აღნიშნავს.

და ახლა, “ცისფერ გალერეაში” მოწყობილ გამოფენაზე - ისევ შექსპირი და ისევ ბრიტანეთის საბჭო... შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ლამის გამართლდა იმ ქართველი თეატრალების მოსაზრება, რომლებმაც “ვოკლანოს” სპექტაკლი დაიწუნეს და რომლებიც ამბობდნენ, “ქართველებს შექსპირი ბრიტანელებზე ნაკლებად არ გვესმისო”... მეტად თუ ნაკლებად, ვერ გეტყვით, მაგრამ ქართველ მხატვრებს ჩვენი სახვითი ხელოვნების განვითარების ეტაპებზე შექსპირი განსხვავებულად რომ ესმოდათ, განსხვავებულად რომ ხედავდნენ მის სამყაროს, მის გმირებს, ეს ფაქტია... ქართულ ხელოვნებაში, ფაქტობრივად, არ დარჩენილა მხატვარი, შექსპირის სამყაროს რომ არ შეხებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ მხატვრების უმრავლესობა დიდ მწერალს თავისკენ კი არ “ქაჩავდა”, როგორც ეს “ვოლკანოს” დასის მსახიობებმა გააკეთეს, არამედ ყოველი მათგანი თავად ექცეოდა შექსპირის ტყვეობაში. ასეთი “ტყვეობა” კი დროისა და სივრცის მარწუხებისგან განთავისუფლებას და მარადიულთან ზიარებას ნიშნავს.

ბრიტანეთის საბჭოს ახლა შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი - რა უფრო საინტერესოა: შექსპირის სონეტების გადაქცევა “მასკულტურად”, თუ გნებავთ, “ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნებად”, თუ გენიალური მწერლის შემოქმედებაში ჩაღრმავება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ბრიტანელი მსახიობები დროზე ადრე “გააქციეს” საქართველოდან. “ცისფერ გალერეაში” მოწყობილი ექსპოზიცია რომ ეხილათ, “ვოლკანოს” დასის მსახიობებს, შესაძლოა, მართლაც ეთქვათ, ქართველებს შექსპირი ჩვენზე კარგად სცოდნიათო.
XS
SM
MD
LG