Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მიესალმება ბეთლემიდან ისრაელის ჯარის გაყვანას


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქებით მოიხსენია ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის სამშვიდობო ძალისხმევა, რასაც ისრაელის ჯარის გაყვანა მოჰყვა ოთხშაბათს მდინარე იორდანეს

დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ბეთლემიდან. ხოლო ესპანეთმა და იტალიამ გამოთქვეს მზადყოფნა - უმასპინძლონ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციას, რაც "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმითაა გათვალისწინებული.

პრეზიდენტი ბუში ტელეფონით დაუკავშირდა ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს და კმაყოფილება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესით.

"ბუშმა და შარონმა ღაზასა და ბეთლემში
მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. პრეზიდენტმა ქებით მოიხსენია ამისთვის პრემიერ-მინისტრი შარონი" - უთხრა "რეიტერის" სააგენტოს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ ენტონმა.

"გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში 2005 წლისათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გეგმის თანახმად, ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობაა ამასთანავე აუცილებელი.

ესპანეთმა, სადაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენცია მოეწყო 1991 წელს, ოთხშაბათს გამოთქვა მზადყოფნა კვლავ უმასპინძლოს ასეთ კონფერენციას.

"ესპანეთისთვის უდიდესი პატივი იქნება ამგვარი კონფერენციის მასპინძლობა... თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ ადგილს გამოვნახავთ ფორუმის ჩასატარებლად" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბეთლემში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა პალაციომ. ხოლო პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათიმ თქვა, რომ კმაყოფილი იქნება, თუკი მომავალი კონფერენცია მადრიდში მოეწყობა, და თან დასძინა: "გზამკვლევის გეგმის თანახმად, კონფერენცია 2003 წლის მიწურულს, ან 2004 წლის დასაწყისში უნდა მოეწყოს აუცილებლადო".

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კვლავ გამოთქვა მზადყოფნა კუნძულ სიცილიაზე უმასპინძლოს ხსენებულ კონფერენციას.

ამასობაში ისრაელმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა ხუთშაბათს იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინელმა ექსტრემისტებმა დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ღაზის სექტორში მდებარე ებრაულ დასახლება დარომს 3 რაკეტა ესროლეს ხუთშაბათს დილით, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის ჯარმა ღაზის სექტორში ჩახერგა მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც ორშაბათს, პალესტინელთა კონტროლქვეშ მოექცა. პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი, რეიტერის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში დაპატიმრებით დაემუქრა იმ ექსტრემისტებს, ვინც დაზავების პირობა დაარღვია. "ჩვენ მათ დავაკავებთ. ვფიქრობ პალესტინელი ხალხი გაიზიარებს ჩემს პოზიციას, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა და სურს კიდევაც ამ პირობის შესრულება. ასე რომ, ამიერიდან, ნებისმიერი პირი, ფრაქცია თუ პარტია, რომელიც დაზავების პირობას დაარღვევს, ციხეში ამოყოფს თავს" - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

ქალაქ კალკილიაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს ალ-აქსის წამებულთა ბრიგადის წევრი, 30 წლის მოჰამად შავარი, ხოლო მისი თანამებრძოლი დააკავეს.

პალესტინელთა ავტონომიის ინფორმაციის მინისტრმა ნაბილ ამრმა დაგმო მოჰამად შავარის მკვლელობა, რამაც მისივე თქმით, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG