Accessibility links

logo-print

რუსმა მილიარდელმა ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა


დავით პაიჭაძე, პრაღა რუსმა ბიზნესმენმა და სახელმწიფო მოხელემ, ჩუკოტკის გუბერნატორმა რომან აბრამოვიჩმა ლონდონის საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" შეიძინა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, აბრამოვიჩმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გადაიხადა,

თუმცა, რუსული გაზეთი "კომერსანტი" იუწყება, რომ საფეხბურთო კლუბის საკონტროლო პაკეტის შეძენა აბრამოვიჩს 50 მილიონი დოლარი დაუჯდა. უფრო ვრცლად ამ თემაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

რომან აბრამოვიჩი 36 წლისაა. ამერიკული ჟურნალის, Fortune- ის თანახმად, ის შედის მსოფლიოს ახალგაზრდა ანუ 40 წლამდე არაამერიკელ მილიარდელთა ხუთეულში. აბრამოვიჩის ქონება 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის ნავთობისა და ალუმინის ბიზნესის მაგნატია. თავის მხრივ, "ჩელსიც" მსოფლიოს უმდიდრეს საფეხბურთო კლუბებს განეკუთვნება. გასულ თვეში ჟურნალმა World Soccer-მა "ჩელსი", შეძლების მიხედვით, მსოფლიოს მეექვსე კლუბად დაასახელა. რომან აბრამოვიჩი თავის თავზე იღებს "ჩელსის" ვალს - 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 135 მილიონ დოლარს). კომენტირებისას გუბერნატორმა და ბიზნესმენმა განაცხადა, რომ გახარებულია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის შეძენით. "ჩვენ გვაქვს საკმაო რესურსები და ამბიცია საიმისოდ, რომ განვავითაროთ ამ ისედაც უდიდესი კლუბის პოტენციალი" - თქვა აბრამოვიჩმა.

"ჩელსის" პრეზიდენტმა, კენ ბეიტსმა ლონდონის გაზეთ "Evening Standard"-თან ინტერვიუში თქვა, რომ რომან აბრამოვიჩი ფიქრობდა "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალისა" და "ტოტენჰემ ჰოტსპურის" შეძენას, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ "ჩელსიზე" შეაჩერა. ბეიტსმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩმა "ჩელსის" აქციათა 51%-ის შესაძენად 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 100 მილიონი დოლარი გადაიხადა. "ის დაფარავს მოკლევადიან სესხს 30 მილიონი გირვანქის ოდენობით, მეტ ფულს ჩადებს გუნდის სრულყოფისათვის და ახალი მოთამაშეების შესაძენად" - განაცხადა კენ ბეიტსმა.

რომან აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" ყიდვიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ კლუბის გულშემატკივართა კერპი, ჯანფრანკო ძოლა ტოვებს გუნდს და სარდინიაზე, იტალიის სერია "ბე"-ს მიაშურებს "კალიარიში" სათამაშოდ. თუმცა, ბეიტსმა განაცხადა, რომ ძოლას წასვლა ფინანსურ საკითხებს არ უკავშირდება.

დიდ ბრიტანეთში რომან აბრამოვიჩის შესახებ, ალბათ, ცოტას თუ სმენია, სამაგიეროდ ბევრმა იცის, რომ რუსულ ბიზნესს საეჭვო რეპუტაცია აქვს. ამიტომაც "ჩელსიში" ახალი მფლობელის გამოჩენას კრიტიკულად შეხვდნენ. ბრიტანეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა, ტონი ბენქსმა, რომლეიც თავს "ჩელსის" დიდი ხნის გულშემატკივრად მიიჩნევს, განაცხადა [ბენქსის ხმა]: "ჩელსი" ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და უცებ ბატონი აბრამოვიჩი - უნდა ვაღიარო, რომ თითქმის არ ვიცი, საერთოდ ვინ არის იგი - იბარებს კლუბს, რომელსაც 50 წელია, ვგულშემატკივრობ. მე გეკითხებით: ვინ არის ბატონი აბრამოვიჩი? არის კი კაცი, რომელიც მისაღებია დიდი საფეხბურთო კლუბისთვის? რა განზრახვები აქვს მას?"

ტონი ბენქსი მოითხოვს, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ არის რომან აბრამოვიჩი და როგორ იშოვა მან ფული. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია იმ პიროვნების მიმართ, რომელიც, ერთი მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ბორის ბერეზოვსკისთან, ხოლო მეორე მხრივ, "რუსკიი ალუმინიის" ხელმძღვანელთან, ოლეგ დერიპასკასთან - ამ უკანასკნელის საქმეს, გამოძალვის ბრალდების გამო, აშშ-ში იძიებენ.

დავძენთ, რომ რომან აბრამოვიჩმა მოსკოვის სახელმწიფო სამართლის აკადემია დაამთავრა. პრეზიდენტ ელცინის დროს, ბორის ბერეზოვსკის მეშვეობით მან გზა გაიკვლია პოლიტკისა და ბიზნესის უმაღლეს ეშელონებში. ბერეზოვსკის შერისხვის შემდეგ კი მოახერხა კარგი ურთიერთობების დამყარება პრეზიდენტ პუტინთან. სანამ ჩუკოტკის გუბერნატორი გახდებოდა, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი იყო.
XS
SM
MD
LG