Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიმონოპოლიური სამსახური დამოუკიდებლად იფუნქციონირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, შესაძლოა, სტატუსი შეიცვალოს - რეფორმა ამ სამსახურის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოსვლას და

დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ითვალისწინებს. რეორგანიზების პროექტი გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა და იგი, ავტორების განმარტებით, ჩვენი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად.
დასავლეთში ანტიმონოპოლიური სამსახური, საგადასახადო ინსპექციასთან ერთად, ეკონომიკური სუბიექტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის "შავ სიაში" მოხვედრა კარგს არაფერს უქადის ამა თუ იმ კომპანიას.
საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შედარებით ახალშექმნილია და კანონი "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" საკანონმდებლო ორგანოში 1996 წელს იქნა დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, კანონმდებლობა მოძველდა და იგი კორექტივებს საჭიროებს. ყველაზე მეტი ცვლილება კი თავად ანტიმონოპოლიური სამსახურის სტატუსს უნდა შეეხოს.
ამ დღეებში სამსახურის წამომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს ამ ორგანიზაციის რეფორმის პროექტი, რომელიც, სტატუსთან ერთად, დამატებითი დაფინანსების წყაროების მოძიებასაც გულისხმობს.
შექმნის დღიდან დღემდე ანტიმონოპოლიური სამსახური ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სხვა ქვეყნის გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, გაცილებით უპრიანი იქნებოდა ამ ორგანოს დამოუკიდებელი ფუნქციონირება. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმის პროექტი, რომლის შემუშავებაში, ადგილობრივი ექსპერტების გარდა, კონრად ადენაუერის ფონდის გერმანელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი და რომელიც დამოუკიდებელი არასაქვეუწყებო დაწესებულების სტატუსის მოპოვებას გულისხმობს.
რეორგანიზაციის შემდეგ ანტიმონოპოლიური სამსახური თავს დააღწევს ეკონომიკის სამინისტროს "მზრუნველობას" და დაექვემდებარება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს. ასევე ცვლილებები შევა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, ხოლო სამსახურის უფროსი ისევ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს 7 წლის ვადით. ხანგრძლივობის გაზრდას და დამოუკიდებელ სტატუსს სპეციალისტები ამ ორგანოს მნიშვნელობითა და სხვადასხვა ჯგუფებისაგან ზეწოლის თავიდან აცილების სურვილით ხსნიან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სამსახურისათვის დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიებას. ასე მაგალითად, აუცილებელი გახდება ამ ორგანოს ექსპერტული დასკვნა მონოპოლისტის მხრიდან სხვა ეკონომიკურ სუბიექტთან გაერთიანების ან სხვა წილობრივი გარიგების შემთხვევაში. კერძოდ, თუ მონოპოლისტი ყიდულობს სხვა კომპანიის აქციების 5 ან მეტ პროცენტს, ამგვარი დასკვნა ფასიანი იქნება, ხოლო თუ სამსახური სხვადასხვა გარიგებისას მონოპოლისტის მიმართ უარყოფით დასკვნას გააკეთებს, სასამართლო იძულებული გახდება არ დაარეგისტრიროს სხვა სუბიექტის ყიდვის ან გაერთიანების ფაქტი.
"მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯერ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს. მთავრობის სხდომაზე მისი გატანა უკვე ამ თვეშია ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG