Accessibility links

logo-print

მიწისძვრით დაზარალებულები თბილისის მერიის წინ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ


წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში მიწისძვრამ ასეულობით ოჯახი დატოვა ჭერისა და თავშესაფრის გარეშე. მათგან დღეისათვის საცხოვრებლით მხოლოდ 370 ოჯახია დაკმაყოფილებული.

ეს რიცხვი დაზარალებულთა საერთო რაოდენობის უმცირესობას ასახავს. დაახლოებით ასეთივეა ზარალის საერთო მოცულობის შეფარდება ბიუჯეტში ტრანსფერის სახით გათვალისწინებულ სახსრებთან - ზარალი 200 მილიონ ლარად შეფასდა, საკომპენსაციოდ კი ბიუჯეტში მხოლოდ 4 მილიონი ლარი ჩაიდო. თბილისის ბიუჯეტს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი ტრანსფერი ჯერაც არ მიუღია. დაახლოებით ერთი თვის წინ , სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, სახელმწიფო მინისტრმა დაზარალებულებს თანხის ერთი კვირის ვადაში გადარიცხვა აღუთქვა. აქციაში მაშინ, დაზარალებულთა სოლიდარობის ნიშნად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ კი, 3 ივლისს, თბილისის მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაც გაისმა.

ის, რომ 3 ივლისის აქციის საპროტესტო ლოზუნგებში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაც გაჟღერდა, ერთ რამეზე მიუთითებს: ნაციონალური მოძრაობა თბილისის პოტენციურ ამომრჩეველში მიწისძვრით დაზარალებულებს კარგავს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აქციის მონაწილეთა შორის აღმოჩნდა უეჭველად ნაცმოძრაობის დავალებით მისული ქალბატონი, რომელმაც დაზარალებულებს ისევ სახელმწიფო კანცელარიასთან გადაადგილებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილენი მას არ გაჰყვნენ, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ამ ეტაპზე ისინი პასუხს თბილისის ხელმძღვანელობას სთხოვენ და არა ქვეყნის პირველ პირებს. აქციის შეკრების ძირითადი საბაბი კი გახდა თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, საკრებულომ თავად დაბლოკა და იუსტიციის სამინისტროს არ გადაუგზავნა. საუბარია მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდის აღდგენის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ქალაქის საბინაო მეურნეობის ნაცვლად, საკომპენსაციო თანხები დაზარალებულთა მიერ შექმნილმა ახალმა სამსახურმა უნდა განკარგოს. ამით საკრებულო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა მერიას, რომელიც ამ ჯერჯერობით არარსებული 4 მილიონი ლარით მიწისძვრით დაზარალებულებისათვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის შეკეთებას გულისხმობდა. საკრებულოს დადგენილებით, თანხა მოქალაქეებს ხელზე უნდა დაურიგდეთ.

[აქციის მონაწილის ხმა]“ის გადაწყვეტილება ისევ მათ მიერ იქნა შეჩერებული, რატომ - არ ვიცი.მე რა სურათიც არის, იმას ვიძახი. სამი დღის წინ არველაძემ როდესაც მითხრა, ვიმეორებ, იუსტიციის სამინისტროდან მოსულია საბუთი, რო შევამოწმე, საბუთი საერთოდ არ იყო წასული. წინა დღისით ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს მოწერილი ხელი და არ იყო გადაგზავნილი.”[სტილი დაცულია]

საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე გიორგი არველაძე იუსტიციის სამინისტროში დადგენილების დაყოვნებით გადაცემას თბილისის მერიის საოქმო განყოფილებას აბრალებს.

[გიორგი არველაძის ხმა] “საკრებულომ მიიღო, გადასცა საოქმოს დაუყოვნებლივ. საოქმომ გააჯანჯლა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ვადებში ჩაეტიენ, ანუ მაქსიმალური ვადა გამოიყენეს იმისთვის. ეს რატომ? იმიტომ, რომ ვანო ზოდელავას არ მოსწონს ეს გადაწყვეტილებებები; იმიტომ, რომ ამით მათ პირდაპირ ფულის მოპარვის საშუალება ერთმევათ. იუსტიციასაც აქვს 10 დღე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაატარონ რეგისტრაციაში და დააბრუნონ უკან ეს.”
რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო? - გადაწყვეტილებამდე უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის საბინაო მეორნეობის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდება 25 კაციანი კომისია, რომელიც თბილისის რაიონებიდან თავად დაზარალებულების მიერ შერჩეული 5-5 კაცით დაკომპლექტდება.
XS
SM
MD
LG