Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო დაუფინანსებლობას ორიგინალური ფორმით აპროტესტებს


ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შენარჩუნებას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად აცხადებს, რომ მიმდინარე

წლის ბიუჯეტი 89%-ითაა შესრულებული. ეს ციფრი სავალუტო ფონდის პარამეტრებთან შესაბამისობაშია, თუმცა ირკვევა, რომ საბიუჯეტო ხარჯები გაცილებით ნაკლები მოცულობითაა დაფინანსებული. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრომ დაგეგმილი ფინანსების მხოლოდ 63 პროცენტი მიიღო..

ორიოდე დღის წინ გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობით უკმაყოფილო თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს ესტუმრა და მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. 3 ივლისს გოგიაშვილზე თევზაძის ფიზიკური ზეწოლის ფაქტი ოფიციალურად უარყო თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა.

[მჭედლიშვილის ხმა] „ათასი აბსურდი დაუბრალებიათ და მაგასაც გადავიტანთ როგორმე. თავდაცვის მინისტრი მივიდა, ფინანსთა მინისტრი არ დახვდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის: ან თვითონ ვერ მოდის ხოლმე, ან იქ არ არის და... ბატონი ვასილ გიგოლაშვილი იყო იქ და რამდენიმესაათიანი საუბარი შედგა.“

სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანების გასტუმრება და ბოლო 2 დღის მანძილზე თავდაცვის უწყებამ მიიღო 2 მილიონი ლარი, რითაც მაისის ხელფასების დიდი ნაწილი გაიცემა. ჯერჯერობით კვლავ დაუფინანსებელი რჩება ივნისის თვის ხელფასები, სხვა ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვასილ გიგოლაშვილი ამბობს:

[გიგოლაშვილის ხმა] „დაფინანსებაში რომ ცუდი მდგომარეობა არის, ეგ ყველასათვის ცნობილი ფაქტია და არამარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ სხვა უწყებებშიც გვაქვს ასეთი რთული მდგომარეობა. უნდა მოწესრიგდეს, უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.“

თუმცა, სხვა უწყების თანამშრომელთაგან განსხვავებით, შეიარაღებულ ძალებში მომუშავე მოქალაქეებს ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებისა და პროტესტის გამოხატვის არცთუ ფართო არჩევანი აქვთ.

თუ მასწავლებლებს ან ექიმებს გაფიცვის ან საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა შეუძლიათ, სამხედრო პირებისგან ამის გაკეთებას სამხედრო ამბოხის კვალიფიკაციაც შეიძლება მიეცეს. ამიტომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პროტესტის მეტად ორიგინალურ ფორმას მიმართა.

[ალეკო მჭედლიშვილისა და თამარ ზაალიშვილის ხმა]
„ - დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი საფრთხეების არსებობის პირობებში ქრონიკულად დაუფინანსებელი იყოს სამხედრო ძალები?
-
ბატონო ალეკო, მე ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სფერო უნდა იყოს ერთ-ერთი, თუ ნომერ პირველი პრიორიტეტი არა, რატომ, იცით? თუ ეს სფერო არ იქნება მოწესრიგებული და სისტემა არ იქნება გამართული, ჩვენ კულტურა, განათლება და ყველაფერი დაგვრჩება გვერდზე და შეიძლება სახელმწიფოებრიობაც დავკარგოთ.“

ასეთი იყო ჟურნალისტ თამარ ზაალიშვილის პასუხი ალექსანდრე მჭედლიშვილის ერთ-ერთ კითხვაზე. მჭედლიშვილმა პრესის წარმომადგენლებთან ადგილის გაცვლითა და მის მიერ დასმულ კითხვებზე ჟურნალისტების პასუხებით თქვა ის, რისი პირდაპირი თქმის საშუალებას მას ჯარისკაცის ფორმა არ აძლევს.
XS
SM
MD
LG