Accessibility links

რას მოასწავებს ინტელიგენციის ნაწილის მოთხოვნა - ოპოზიციური ძალების ნინო ბურჯანაძის გარშემო გაერთიანების შესახებ


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან ქართული ინტელიგენციის ნაწილის შეკრებამ და ამ შეკრებაზე გახმიანებულმა მოთხოვნამ “დაე ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა ქალმა გააერთიანოს”

ბევრი შეკითხვა გააჩინა, მათ შორის, ასეთი: ხომ არ ნიშნავდა ეს საზოგადოების ამ ნაწილის მიერ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ცნობას? ოთხშაბათს ნინო ბურჯანაძესთან შეკრებილებმა გაკვირვება გამოხატეს ამ შეკითხვის წარმოშობის გამო. შეხვედრის ერთ-ერთმა ინიციატორმა ელდარ შენგელაიამ ეკა წამალაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინტელიგენციის სხვადასხვა წარმომადგენლების შეკრება საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებზე იყო გათვლილი და ერთ მიზანს ისახავდა - ნინო ბურჯანაძისთვის ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაერთიანების ინიცირება და ამ ძალების ლიდერობა მოეთხოვათ.
]

ქართული ინტელიგენციის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი - ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები თუ ექიმები - ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ არცთუ შორეულ წარსულში ედუარდ შევარდნაძის კარს მიაშურებდნენ ხოლმე, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მსჯელობის მიზნით ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ. როგორც ელდარ შენგელაიამ აგვიხსნა, ამ შეკრებაზე იყო გულწრფელი მსჯელობა იმ საშინელებაზე, რაც ქვეყანაში სუფევს, ხოლო მიზანი ამ შეხვედრისა იყო პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიემართათ თხოვნით, ხელი შეუწყოს პროგრესული პოლიტიკური - და არამარტო პოლიტიკური - ძალების გაერთიანებას და იკისროს კიდეც ასეთი გაერთიანების ლიდერობა. რატომ მაინცდამაინც ნინო ბურჯანაძემ, ქალმა ? ამ შეკითხვას ელდარ შენგელაია ასე უპასუხებს:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “მოდით ვცადოთ. თუმცა მე მჯერა, ნინო გამოდგება ამისათვის. ყოველთვის ადამიანმა უკან უნდა მოიხედოს და განვლილ გზას შეხედოს. აგერ კაცები გვიდგანან სათავეში და რა მოგვიტანეს, რა მოგვიტანეს? მე მგონია, რომ ქალბატონი ნინოს გარშემო შეიკრიბება არა მარტო ჟვანიას გუნდი, მე რატომღაც მგონია, რომ შეიკრიბება ძალიან სერიოზული ძალა და, როცა შეიკრიბება, ბევრი რამის გაკეთება გახდება შესაძლებელი. თუმცა მე არ ვამბობ, რომ შეერთება გარდაუვალია. “


ნინო ბურჯანაძემ მასთან მისულებს აღუთქვა, რომ მოკლე პერიოდში ფართო საზოგადოების წინაშე წარმოადგენს საკუთარ პოლიტიკურ პროგრამას, იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც პირადად ნინო ბურჯანაძის ჯგუფად უნდა ვიგულისხმოთ. ელდარ შენგელაიას თქმით, ძნელი წარმოსადგენია ეს იყოს პარტია, რადგან პარტია 10 ან 20 დღეში ვერ იქმნება, თუმცა “მოქალაქეთა კავშირმა” ხუთშაბათს ნინო ბურჯანაძეს საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიულოცა. შექმნის თუ არა ნინო ბურჯანაძე საკუთარ პარტიას? ირკვევა, რომ ბურჯანაძე, რომელიც ზურაბ ჟვანიას შემდეგ არც თუ ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარეა, მზად არის დაიწყოს მოქმედება საზოგადოებისთვის მისაღები ძალების და ადამიანების გასაერთიანებლად. ჟვანიას გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის სავსებით მისაღები იქნება გაერთიანება, სადაც ლიდერთა ჯგუფის სახედ ქალბატონი, კონკრეტულად კი - ნინო ბურჯანაძე დასახელდება. მიხეილ მაჭავარიანის თქმით:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ, ქალბატონი ნინო იყოს სახე ამ გაერთიანების, ჟვანიასა და სხვა ლიდერებთან ერთად. ეს არ იქნება ერთი კაცის ბლოკი, ეს იქნება ლიდერთა გუნდი, სადაც შევლენ ნინო ბურჯანაძეც, ზურაბ ჟვანიაც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოვლენ. “


მაგრამ ამ შემთხვევაში რომელი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური პარტიების შესახებ შეიძლება იყოს ლაპარაკი? ნინო ბურჯანაძის მომავალი ჯგუფისა და ჟვანიას გუნდის შესაძლო გაერთიანებასთან ამჟამად მხოლოდ ტრადიციონალისტებისა და ბლოკის “ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” მიერთების შესაძლებლობა შეიძლება განვიხილოთ, რადგან ლეიბორისტებმა და ახლებმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტეს.


“ახალი მემარჯვენეების კარი ღიაა პარალმენტის თავმჯდომარისთვის, მაგრამ თავად ახლები არავის არ შეურთდებიან” - ახლების ეს განცხადება ამ ძალის ბურჯანაძე -ჟვანიას სავარაუდო ალიანსთან შეერთებას გამორიცხავს. ტრადიციონალისტების წინასაარჩევნო პოლიტიკური თამაშები კი ამჯერადაც ბუნდოვანია. პროგნოზის სახით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ აკაკი ასათიანი ჩასაძირად განწირულ ნავში არ ჩაჯდება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას,” ეს ძალა ისედაც ბლოკის სუბიექტია და, თუმცა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ბურჯანაძისგან ელის პოზიციის გამოკვეთას დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და პენსიების გაზრდის იდეებთან დაკავშირებით, აგრეთვე, პრეზიდენტთან დამოკიდებულების ნათელყოფას. ასე რომ, ყველაზე რეალური მაინც ბურჯანაძის ჯგუფისა და ჟვანიას გუნდის გაერთიანებაა. თუმცა ვნახოთ, რამდენად მისაღები იქნება პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაერთიანების ლიდერთა გუნდის პირობა. თავად დემოკრატები ელიან, რომ ბურჯანაძესა და მის მიერ შექმნილ ჯგუფთან მათი გაერთიანება თვის ბოლომდე გადაწყდება.
XS
SM
MD
LG