Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის თავმჯდომარეობა ევროკავშირში ''კოლორიტულად'' დაიწყო


ის, რაც ევროპარლამენტში 2 ივლისს, იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის გამოსვლისას მოხდა, უკვე არსებული კონფლიქტის გამოვლინება იყო. ხოლო ბერლუსკონის მიერ

გერმანელი პარლამენტარის მისამართით ნაცისტურ თემაზე გასროლილი ფრაზა - იტალიის ახლანდელი პრემიერ-მინისტრისთვის შესაფერი საქციელი. ეგ არის, რომ შინაარსობრივი დატვირთვა გასცდა ყოველგვარ ზღვარს და გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის სხდომის შეწყვეტა გამოიწვია, კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალს დაუდო სათავე.

ევროპარლამენტის წევრთა ერთ ნაწილს კატეგორიულად არ სურდა იტალიის პრემიერ-მინისტრის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლად ხილვა. უფრო ზუსტად კი არ სურდა მისგან მოესმინა ევროკავშირის მომავალი ექვსი თვის გეგმების შესახებ. აკი, წინასწარ მოამზადეს კიდეეც ტრანსფარანტები, რომლითაც ბერლუსკონის შეახსენეს, რომ მათ არ მოსწონთ მისი ახალ ამპლუაში ხილვა. ვერ ვიტყვით, რომ ბერლუსკონი შეეცადა გაექარწყლებინა მათი მოლოდინი.

დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ბერლუსკონის მიერ საპროგრამო სიტყვის წარმოთქმამდე პროტესტის ნიშნად გამოფინა პლაკატები წარწერით: "კანონი ყველასთვის ერთია", რითაც სილვიო ბერლუსკონის არა და ევროპარლამენტის თავმჯდომარის პატ კოქსის შენიშვნა დაიმსახურეს. აი, გერმანელმა დეპუტატმა მარტინ შულცმა კი გამოიყვანა წყობიდან იტალიის პრემიერ-მინისტრი. შულცმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ბერლუსკონის მიერ ინტერესთა კონფლიქტის უგულვებელყოფის გამო და პასუხმაც არ დააყოვნა: [ბერლუსკონის ხმა] "ბატონო შულც, მე ვიცი იტალიაში ერთი კაცი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებზე ფილმს იღებს. მე მინდა თქვენ ზედამხედველის როლზე წარგადგინოთ", - განაცხადა ბერლუსკონიმ და გერმანელ დეპუტატს ჟესტიკულაციითაც გამოაჯავრა. ამასაც არ დასჯერდა და დაამატა: [ბერლუსკონის ხმა] "თუკი ევროკავშირის პრეზიდენტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დემოკრატიის გამოვლინებაა, მე გეტყვით, რომ ასე შეგიძლიათ იტალიაში ტურისტებად ყოფნისას მოიქცეთ. თქვენ ხართ დემოკრატიის ტურისტები", - ასე გადაინაცვლა ბერლუსკონიმ ერთი გერმანელი დეპუტატიდან ევროპარლამენტის სხვა წევრებზე.

ოთხშაბათს იტალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რომ ის იგივე ბერლუსკონიდ დარჩება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლადაც, როგორიც თავის საკუთარ ქვეყანაშია. ევროკავშირში ხომ ბევრს აღიზიანებს ბერლუსკონის პერსონა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს-სკანდალები.

მეორე დღეს, 3 ივლისს გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროდერმა ბუნდესტაგში განაცხადა: [შროდერის ხმა] "მე მოველი, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად მოიხდის ბოდიშს მის მიერ მოხმობილი მიუღებელი შედარებისთვის".

ბერლუსკონიმ მოგვიანებით განმარტა, რომ მან მხოლოდ იხუმრა და მისი და შროდერის სატელეფონო საუბარი მოხსნის დაძაბულობას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბერლუსკონი ბოდიშს მოიხდის, ის, რასაც მან ავნო, არ გამოსწორდება. ასე ფიქრობს სასექსის ევროპის ინსტიტუტის პროფესორი იორგ მორანი: [მორანის ხმა] "ვფიქრობ, კანცლერი შროდერი და ბერლუსკონი როგორღაც მოახერხებენ ვითარების გამოსწორებას. შეიძლება ბერლუსკონიმ ნაწილობრივ მოიხადოს კიდეც ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ მაინც დარჩება ის გრძნობა, რომ იტალიის ახლანდელი ხელისუფლება გერმანიას ბოლომდე პატივისცემით არ უყურებს და რომ მან გერმანელთა გრძნობები გათელა. ძნელი სათქმელია რა ზეგავლენას მოახდენს ეს ინციდენტი მომავალ ურთიერთობებზე, მაგრამ ცხადია, რომ ისინი გაკრვეულწილად დაზიანდა".

2 ივლისის კონფლიქტს ბერლუსკონისთვის კიდევ ერთი ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია - ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა შეიძლება თავს უფლება მისცენ ალაპარაკდნენ იტალიაში შემოღებულ იმ საკანონმდებლო სიახლეზე, რომლის მიხედვითაც იტალიაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებზე მყოფი პირების წინააღმდეგ მექრთამეობის მუხლით საქმის აღძვრა აკრძალულია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG