Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა კრემლმა ოლიგარქების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო რუსეთში: დაკითხვაზე, პროკურატურაში, ცნობილი რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკი იხმეს იმასთან დაკავშირებით,

რომ ფასიანი ქაღალდების მაქინაციებშია ეჭვმიტანილი. აი რას წერს ამ საქმესთან დაკავშირებით გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი":

"ამავე საქმესთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია ხოდორკოვსკის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი პლატონ ლებედევი. ხოდორკოვსკის კომპანია იუკოსი - ნავთობის მეორე მწარმოებელია რუსეთში. ბიზნესმენის ქონება, ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარია. იგი ორ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებს, ხოლო დასავლელი კაპიტალდამბანდებლები მისი კომპანიის სანიმუშო საჯაროობისათვის აქებენ ხოდორკოვსკის. პლატონ ლებედევი დააპატიმრეს საავადმყოფოში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა გულით დაავადებული.
კომპანია იუკოსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაპატიმრებისას უხეშად იქნა დარღვეული რუსეთის კანონები, ვინაიდან ლებედევს არ მისცეს შესაძლებლობა სხვების დაუსწრებლად დალაპარაკებოდა თავის ვექილს. ხოდორკოვსკის მოკავშირეები და დამოუკიდებელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ლებედევის საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს და წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება. როგორც კომპანია "იუნაიტედ ფაინენშელ გრუპის" ანალიტიკოსი სტივენ სალივენი მოსწრებულად შენიშნავს, ამით პუტინმა ოლიგარქებს უთხრა: "თქვენი ადგილი იცოდეთო".

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" კომპანია იუკოსის გარშემო ატეხილ აურ-ზაურს უკანასკნელ დროს მომხდარ უპრეცედენტო პოლიტიკურ კონფლიქტს უწოდებს და მოჰყავს რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას ნათქვამი იმის შესახებ, რომ დღეს ჩვენ მოწმენი ვართ დაპირისპირებისა ქვეყნის მმართველებსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ფაქტობრივად ეკუთვნის რუსეთი.

ვლადიმირ პუტინი ურჩ ოლიგარქებს ავიწროებს, წერს საფრანგეთის გაზეთი "ლიბერასიონი" და დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ანტიოლიგარქიული ოპერაცია წამოიწყო. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"პუტინის მიერ დაწყებული ოპერაციის მიზანია შეახსენოს პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ დაინდობს ოპოზიციას, თანაც ამით პუტინი ხალხს არწმუნებს იმაში, რომ მის მიერ გამოცხადებული კანონის დიქტატურა არ ყოფილა ლიტონი სიტყვა და პრაქტიკულად ხორციელდება. იუკოსის მფლობელმა ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ სულაც არ აპირებს თვალსაწიერ მომავალში რუსეთის დატოვებას. ამ კონტექსტში ბერეზოვსკი და გუსინსკი არიან ნაგულისხმევი. მათი გაძევების შემდეგ სხვა ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ თუკი მათ სურთ გააგრძელონ რუსეთში მშვიდი ცხოვრება, უნდა მოერიდონ პოლიტიკაში ჩარევას".

ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ დაპატიმრებული პლატონ ლებედევის მონაწილეობით მოხდა გარიგება, რომლის შედეგად რომან აბრამოვიჩის ნავთობკომპანია "სიბნეფტი" იუკოსის მფლობელობაში გადავიდა სწორედ იმ დროს, როცა აბრამოვიჩი ინგლისის საფეხბურთო კლუბის "ჩელსის" მფლობელი გახდა.

დაბოლოს, გერმანიის გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" მოიხსენიებს იმ სერიოზულ ბრალდებებს, რუსეთს რომ წაუყენა ევროპის საბჭოს კომიტეტმა, რომლის მოღვაწეობა პატიმართა წამების შეწყვეტისკენაა მიმართული. გაზეთი წერს:

"საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ხსენებულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა სტრასბურგში, გაკრიტიკებულია რუსეთის მილიცია, ქვეყნის ციხეებში შექმნილი სავალალო მდგომარეობა, მოყვანილია პატიმრების ცემის, წამების შემთხვევები, როცა სამართალდამცავები ელექტროშოკის გამოყენებასაც კი არ ერიდებიან. ევროსაბჭოს კომიტეტის დელეგაციამ რუსეთში სტუმრობისას 2001 წელს აურაცხელი საჩივარი მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მსვლელობისას პატიმრებს რუსეთში წამების მეშვეობით აიძულებენ დანაშაული აღიარონ. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ბრალდებას."
XS
SM
MD
LG