Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 494-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 494-ე გამოშვებაში ვეცდებით გავარკვიოთ, რა მიზნით ჩადის თბილისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; შემდეგ მოგითხრობთ საზაფხულო სკოლაზე, რომელშიც ქართველ ახალგაზრდებს სამოქალაქო წინააღმდეგობას ასწავლიან; ვისაუბრებთ საქართველოს მუზეუმების წინაშე მდგარ ზოგიერთ პრობლემაზე; მოგასმენინებთ ინტერვიუს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტთან მანანა ანასაშვილთან, რომელიც ამჟამად სტაჟირებას გადის აშშ-ში; დაბოლოს შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ ამერიკელ კინომსახიობ კეთრინ ჰეპბერნზე, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ გარდაიცვალა. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

თბილისში კვლავ ჯეიმს ბეიკერს ელიან

დავით კაკაბაძე:
ოფიციალური ცნობების თანახმად, 5 ივლისს თბილისს ესტუმრება აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. საინტერესოა, რომ ბოლო 11 წლის მანძილზე, ეს ბეიკერის მესამე ვიზიტი იქნება საქართველოში. პირველად სახელმწიფო მდივნის რანგში იგი საქართველოს 1992 წლის გაზაფხულზე ესტუმრა, რათა თავისი მხარდაჭერა გამოეხატა იმხანად სამშობლოში ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძისთვის. მეორე ვიზიტი 1994 წელს შედგა - მაშინ სახელმწიფო მდივანი ახლად შექმნილი მოქალაქეთა კავშირის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. რა მიზანს ისახავს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მესამე ვიზიტი? თამარ ჩიქოვანს მოუსმინეთ.

თამარ ჩიქოვანი:
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ თბილისში ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ბეიკერი თბილისში კერძო ვიზიტით ჩამოდის, რადგან მას ხანგძლივი მეგობრობა აკავშირებს პრეზიდენტ შევარდნაძესთან.

სხვა ვერსიას ახმოვანებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე, რომლის ცნობითაც, ბეიკერი, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებთან ერთად, თბილისში თეთრი სახლის დავალებით ჩამოდის. თედო ჯაფარიძის განმარტებით, ამერიკელი სტუმრების მიზანია აფხაზეთის პრობლემისა და რეგიონში მიმდინარე პროცესების განხილვა.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა შთაბეჭდილებას დატოვებს ჯეიმს ბეიკერზე თბილისი. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამჯერად მას ისეთი მძაფრი შთაბეჭდილებები არ ელის, როგორიც თბილისში პირველი ჩამოსვლისას მიიღო.
მაშინ, 1992 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისი საკმაოდ სახიფათო ქალაქი გახლდათ, სახელმწიფო მდივნის უსაფრთხოების დასაცავად განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ბეიკერს თან ახლდნენ არა მხოლოდ დაცვის სამსახურის თანამშრომლები, არამედ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოყვანილი გაწვრთნილი ძაღლებიც. როგორც იმ მოვლენების მომსწრეს, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ კრწანისის რეზიდენციაში დაგეგმილი პრესკონფერენციის წინ ქართველმა ჟურნალისტებმა პირველად ვიგრძენით, რას ნიშნავს უსაფრთხოების დაცვა ამერიკული წესით, როცა ხელჩანთასა და დიქტოფონს გიმოწმებს არა მხოლოდ უსაფრთხოების თანამშრომელი, არამედ მისი ოთხფეხა "კოლეგაც".

თუმცა, ამერიკული დაცვის თანამშრომლებს წინ ძალიან მძიმე წუთები ელოდათ, როცა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის შეთავაზებით, სტუმარ-მასპინძელი შეუერთდა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე ღონისძიებას, რომელიც შერიგების პროცესის მორიგი აქცია იყო. მსახიობი გურანდა გაბუნია, რომელიც იმ დღეს რესპუბლიკის მოედანზე იყო, ასე იხსენებს იმ დღეს:

[გურანდა გაბუნიას ხმა] "მე და ოთარი ვდგავართ. ვიღაცა ყვირის: ბატონი ედუარდი მოდის და ბეიკერი მოიყვანა. არ ვიცი, ეს რა იყო - მოვტრიალდი, უცებ ვხედავ, რომ როგორც დერეფანი, დგას დაცვა. რომ გავქანდი, მივვარდი ბატონ ედუარდთან და ვუთხარი, აი, ყველანი მოვედით, ყველანი თქვენთან ვართ. ვაკოცე და - თვალს მიკრავს და თან მეუბნება - მე რა, იმას აკოცე, ბეიკერსო... ვაკოცე და რაც სიტყვები ვიცოდი ინგლისურად, ვუთხარი, რომ ბედნიერები ვართ, რომ ვხედავთ მას აქ, სიხარულია ჩვენთვის, ამხელა პიროვნება რომ ჩამოვიდა..."

საინტერესოა, რომ ჯეიმს ბეიკერის მეორე ვიზიტის შესახებ, როცა იგი მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა, თვითმხილველებს არაფერი ახსოვთ. მოქალაქეთა კავშირის ყოფილი წევრები, დღეს გაერთიანებული დემოკრატები, ჯერ ინტერესდებოდნენ, რატომ გახდა აქტუალური მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ბეიკერის მისვლის ფაქტის გახსენება, მერე კი მოკლე კომენტარს აკეთებდნენ, რომ ბეიკერი ნამდვილად დაესწრო ყრილობას, მაგრამ რა თქვა, არავის ახსოვს.

და მაინც, რატომ ჩამოდის თბილისში ჯეიმს ბეიკერი? - ფაქტი ერთია: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურში აღარ არის, იგი დღესაც საკმაოდ გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება ვაშინგტონში. იმ ფონზე, როცა საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ ამერიკული მხარე საკმაოდ დიდ დაინტერესებას გამოხატავს არჩევნებში კვლავ დემოკრატიულად განწყობილი ძალების გამარჯვებით, ბეიკერის ვიზიტი მოვლენების ადგილზე შესწავლის მიზანსაც შეიძლება ისახავდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს ბეიკერი აქტიურად არის ჩართული ნავთობის ბიზნესში. იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე მან გადამწყვეტი როლი შეასრულა კასპიის ზღვის ნავთობის პროექტთა განხორციელებისათვის საფუძვლის შექმნაში, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას ენერგომატარებლების თემაც გაიჟღერებს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართველ ახალგაზრდებს სამოქალაქო წინააღმდეგობას ასწავლიან

დავით კაკაბაძე:
პარასკევს, 4 ივლისს, დაბა ცხვარიჭამიაში დასრულდა საქართველოსთვის უპრეცედენტო მოკლევადიანი სწავლება, რომელსაც 300 მსმენელი და მონაწილე ჰყავდა. 4 დღის მანძილზე დემოკრატიის საზაფხულო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივობისა და პირდაპირი აქციების ახალ ფორმებს ეუფლებოდნენ. ამ ახალი ფორმების - სამოქალაქო პროტესტის აქამდე უჩვეულო გამოხატვის მოწმე ბევრი თქვენგანი უკვე შეიქნა, როცა მოძრაობა "კმარას" აქტივობას ადევნებდა თვალს. როგორც ცნობილია, "კმარა" ცდილობს, გაითვალისწინოს და გამოიყენოს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი მოძრაობის, "ოტპორის" გამოცდილება. სხვათა შორის, ცხვარიჭამიაში ქართველ ახალგაზრდებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას სწორედ "ოტპორის" ერთ-ერთი აქტივისტი, სლობოდან ჟიჟკოვიჩიც უზიარებდა. დავით პაიჭაძე სწავლების მონაწილეებს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვითაც მიმართა.

დავით პაიჭაძე:
საქართველოში თითქოსდა ვის ესწავლება საპროტესტო აქციების გამართვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს საჯარო პროტესტის ფორმები, რომელთაც ჩვენი თანამემამულენი არ იცნობენ. ძნელია, ოთხდღიანი სწავლების საფეხურებზე ილაპარაკო, მაგრამ ორი ასეთი, უაღრესად პირობითი საფეხურის გამოყოფა 1-დან 4 ივლისამდე დაბა ცხვარიჭამიაში შეკრებილი საზოგადოებისათვის ნამდვილად შეიძლება. პირველი: ქართველები, ძირითადად თბილისის მკვიდრნი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს აცნობდნენ ქვეყანაში ახალი ტიპის საჯარო აქციების უკვე აპრობირებულ გამოცდილებას და მეორე: ქართველები - ყველანი ერთად სწავლობდნენ იმას, რაც საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია. ჩემთან ლაპარაკის დროს რესპონდენტებმა თავი აარიდეს მიღებული ცოდნის კონკრეტული შინაარსის გამხელას. დემოკრატიის საზაფხულო სკოლის მსმენელმა, გვანცა ლიპარტელიანმა მხოლოდ ის მითხრა, რომ სერბული "ოტპორის" ერთ-ერთი აქტივისტს, სლობოდან ჟიჟკოვიჩი მათ უფრო ლექციებს უკითხავდა მოძრაობის ისტორიაზე, შინაარსსა და დეტალებზე [გვანცა ლიპარტელიანის ხმა]: "ბევრი რამ, რასაც სლობოდანი ჰყვება, ჩვენ გაკეთებული გვაქვს. ბევრი რამ მსგავსია, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. იმედი მაქვს, სლობოდანის რჩევები სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება".

გვანცას ვთხოვე, გაეზიარებინა საქართველოს რეგიონებიდან ცხვარიჭამიაში ჩასულ ახალგაზრდებთან მუშაობის შთაბეჭდილება. აღმოჩნდა, რომ საქმე სულაც არ გვქონია ცალმხრივ სწავლებასთან [გვანცა ლიპარტელიანის ხმა]: "საკმაოდ მოწადინებული ახალგაზრდები არიან რეგიონებიდან. ძალიან ბევრი იდეა მოსდით და მარტო იდეებითაც არ შემოიფარგლებიან; მაგალითად, გორში, კახეთსა და ქუთაისში არაერთი საპროტესტო აქცია აქვთ მოწყობილი, იცნობენ სამოქალაქო აქტივობის სხვადასხვა ფორმებს. ისინი მზად არიან, დაიცვან საკუთარი უფლებები, საზოგადოების ინტერესებიც და, რაც მთავარია, ახერხებენ ამას".

ცხვარიჭამიაში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი და "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილი წევრი გივი თარგამაძე, რომელმაც სწავლებაგავლილი ახალგაზრდების სამომავლო მოქმედება და მიზნები ასე ჩამოაყალიბა [გივი თარგამაძის ხმა]: "ეს ხალხი მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ, როცა საჭირო გახდება კონკრეტული საპროტესტო ღონისძიების ჩატარება, არც ერთი კითხვა არ გაუჩნდეთ; უნდა იცოდნენ ზუსტად, როგორ გააკეთონ ყველაფერი დაუბრკოლებლად, სწრაფად და აუღელვებლად. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება ამ ხალხს უხსნის შეკითხვებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომპლექსებსაც. ეს ხალხი იქნება საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მე სწრაფი რეაგირების კორპუსს ვუწოდებდი".

გივი თარგამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროტესტი, ცხადია, არ გადაიქცევა ამ ახალგაზრდების ძირითად საქმედ. ასეთი აქტივობა საჭიროა მხოლოდ გარდატეხის პერიოდში, ანუ ფაზაში, სადაც ახლა საქართველო იმყოფება - ამბობს გივი თარგამაძე, რომელიც მსმენელებს აქციების მოწყობას ასწავლის - როგორც თავად აცხადებს, ამ საქმეში 14-წლიანი გამოცდილება აქვს.

მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატიის საზაფხულო სკოლის მიზანი ინიციატივიანი ადამიანების ჩამოყალიბებაა, რომელთაც შეეძლებათ, სხვა მოქალაქეებიც დააინტერესონ საზოგადო წუხილებით. მსგავსი ინიციატივის წარმატების ბოლო ნიმუშად გივი თარგამაძემ ჩემთან საუბრისას მოიყვანა თბილისში, ჯანმრთელობიოს დაცვის სამინისტროსთან გამართული ახალგაზრდების აქცია, რომელთა მოთხოვნის შემდეგაც უწყებამ გამონახა სახსრები 15 უქონელი ბავშვის საოპერაციოდ.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

მუზეუმების პრობლემა თვითნებური არქეოლოგიური გათხრების ფონზე

დავით კაკაბაძე:
გესაუბრებოდათ დავით პაიჭაძე. და თუ საზაფხულო სკოლამ, რომელზეც მან გვიამბო, მიზანს მიაღწია და მართლაც მოახერხა ინიციატივიანი ადამიანების ჩამოყალიბება, ანუ ისეთებისა, რომლებიც საზოგადო წუხილებით სხვა მოქალაქეთა დაინტერესებასაც შეძლებენ, მაშინ მალე საპროტესტო აქციები იქნებ საქართველოს მუზეუმების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გაიმართოს. სხვათა შორის, სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ბედით თავისი შეშფოთება გაგვიზიარა ჩვენმა მსმენელმა, სამხატვრო აკადემიის პედაგოგმა ზაზა სვანიშვილმა, და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში გვთხოვა, მუზეუმის პრობლემებით დავინტერესებულიყავით. მასალაში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, პრობლემებთან ერთად საუბარია ერთ სასიხარულო და მისასალმებელ ამბავზე, რომელიც 2 ივლისს მოხდა. ამ დღეს ცნობილმა საესტრადო მომღერალმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე უცნობმა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს საჩუქრად გადასცა თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე, გადამყიდველებისგან შეძენილი უნიკალური ნივთები - ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნის ბრინჯაოს მახვილი, ბრინჯაოს ჯაჭვი და მე-17 საუკუნის ვერცხლის თასები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ქველმოქმედება ბოლო 12 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევა აღმოჩნდა. არადა, საქართველოში თვითნებურმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და ქვეყნის ტერიტორიიდან სულიერი თუ მატერიალური კულტურის ძეგლთა უკანონო გაზიდვამ კატასტროფული მასშტაბი მიიღო. ამ თემაზე საუბარს ჩვენი თბილისელი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე განაგრძობს.

კობა ლიკლიკაძე:
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რომელსაც წელს დაარსების 150 წელი შეუსრულდა და რომელიც ერთ-ერთი უძველესია კავკასიის რეგიონში, ცნობილია უმდიდრესი საგანძურით, ნუმიზმატიკით, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატებით, დაბოლოს, დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ევროპელი ადამიანის თავის ქალით. მუზეუმში დაცულია, აგრეთვე, გვიანი ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, მათ შორის რამდენიმე ბრინჯაოს მთლიანადასხმული ბოლოკვეთილი, კახური ტიპის მახვილი, რომელსაც ცილინდრული ვადა და წვრილხაზოვანი ორნამენტი ამშვენებს.

ასე რომ, მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ბაზრობაზე შემთხვევით შეძენილი ექსპონატები, მართალია, სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად ფაქტი: მუზეუმს უბრუნდება ის, რაც მთელი ერის მატერიალური კულტურის საგანძურია. ალბათ სწორედ ამიტომ, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა ამ ფაქტს საზოგადოებრივი ჟღერადობა შესძინა და ჟურნალისტების თვალწინ სპეციალური სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა მომღერალი, რომელმაც, თავის მხრივ, მოუწოდა სხვა მდიდარ მოქლაქეებს, "ახალ ქართველებს", როგორც მათ უწოდებენ, ასევე იზრუნონ მეკობრული გზით მოპოვებული და საქართველოდან გასატანად განკუთვნილი უნიკალური ნივთების მუზეუმებისთვის დაბრუნებაზე. მით უფრო, რომ ეს ნივთები თბილისის ცენტრში, მშრალ ხიდთან მდებარე ბაზრობებზე იყიდება და არცთუ ისე ძვირად. მაგალითად, ზემოხსენებული ნივთები მომღერალმა 3000 დოლარად შეიძინა.

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] "თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს ამბავი, დავუშვათ, არავის არ გაეგო და ეს ნივთები ყოფილიყო ჩემთან სახლში, და, დავუშვათ, სტუმარი იქნებოდა იქ თუ მომსვლელი, ვინც იქნებოდა ყველას ვანახებდი, მაგრამ რაღაცნაირად, დამერწმუნებით, თქვენც, ალბათ, თუ მოხვდება ერთი ესეთი ნივთები თქვენთან სახლში, ვერანაირად ვერ გააჩერებთ, იმიტომ, რომ რაღაცნაირი ენერგია მოჰყვება მას." [სტილი დაცულია]

მაგრამ, უცნობისგან განსხვავებით, არც თვითნებური არქეოლოგიური გათხრების ბუმი და არც კულტურული სიძველეებით გაცხოველებული უკანონო ვაჭრობა ქალაქის ცენტრში, ჯერჯერობით არავითარ დისკომფორტს არ უქმნის თავად საქართველოს ხელსიუფლებას, რომელმაც, მეცნიერთა თხოვნის მიუხედავად, 1999 წელს მიიღო კანონი კულტურის სიძველეთა დაცვის შესახებ, რითაც მიწის მფლობელს დაუკანონა უფლება, ეკუთვნოდეს მიწაში აღმოჩენილი განძეულობა. სწორედ ამ კანონის მიღებას მოჰყვა განძთმაძიებლობის აყვავება და ისტორიისა და კულტურის სიძველეთა საზღვარგარეთ გადინება. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა ამ გზით გაყიდულ ქართულ სიძველეთა კვალს საზღვარგარეთ, რამდენჯერმე მიაკვლია.

[ლევან ჭილაშვილის ხმა] "მე შარშან მქონდა კავშირი გერმანელ ჩემ კოლეგასთან, რომელმაც ნახა ხატი, სვანური ხატი, გაყიდული სოთბის აუქციონზე, მაგრამ ეს კაცი დიდი სპეციალისტია და კარგად იცის ხატები. გაოცებულია, რომ ეს ხატი იყო ხეზე ფერწერული ხატი, ვიღაცას მერე ამ ფერწერულ ხატზე დაუკრავს ვერცხლის ხატი. არც იცოდა, ქვეშ რა იყო. და ეს გაიყიდა სოთბის აუქციონზე. ფაქტიურად იმ კაცმა იყიდა ორი ხატი." [სტილი დაცულია]

როგორც გაირკვა, სახელმწიფო მუზეუმი ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე, საიდანაც სამოქალაქო ომისა და შეიარაღებული ჯგუფების თარეშის დროსაც კი არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა. მეტიც: მას შეემატა ქართველი არქეოლოგების მიერ დმანისში აღმოჩენილი უძველესი ევროპელი ადამიანის თავის ქალა და საყოფაცხოვრებო ნივთები, რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. მაგრამ ქართულ მუზეუმს, რომლის შენახვის ხარჯებსაც სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს, ეს მსოფლიო დონის გამოფენა დიდად არ დასტყობია.

[ლევან ჭილაშვილის ხმა] "მთელი პრეზიდენტი, პარლამენტი ყველანი, დიდის ამბით, აქ იყვნენ. როგორ კაცო, საქართველო არის პირველი ევროპელი და აზიელი ადამიანის წინაპრის ადგილი! ამაზე ქვეყნები მილიონებს ხარჯავენ - ესპანელებმა ამერიკაში გამოფენა გააკეთეს და 2 მილიონი გადაიხადეს. შე მამაცხონებულო, ამისთანა გამოფენა გაქვს! ორ კვირაში დავხურეთ, იმიტომ, რომ ფული არ გვქონდა გადახდილი და შუქი გამოგვირთეს. საქმეა ეს?!" [სტილი დაცულია]

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ასეთი უყურადღებობის შემხედვარე, მუზეუმის თანამშრომლები ცდილობენ, თვითონ მოძებნონ გამოსავალი და სახელმწიფო მუზეუმის მეგობართა ასოციაციის შექმნით მოიზიდონ კერძო კაპიტალის წარმომადგენლები, რომლებსაც თითოეული ექსპონატის დაბრუნების შემთხვევევაში, სულ მცირე, მუზეუმის სამსახსოვრო მედალი და შთამომავლობის მადლიერება გარანტირებული ექნებათ.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

გაისად ნიუ იორკში ქართული თეატრის დღეები გაიმართება. ინტერვიუ მანანა ანასაშვილთან

დავით კაკაბაძე:
ჩვენი თბილისელი თანამშრომლის მასალიდან, როგორც ჩანს, ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ სახელმწიფოს იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს და მთელი გულისყური საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინიციატივის როლის გაზრდაზე უნდა გადავიტანოთ. საუბარი, რომლის ჩანაწერსაც ახლა მოგასმენინებთ, ნაწილობრივ მაინც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ თუ კაცი მიზანს დაისახავს და მისკენ გაბედულად ივლის, შეუძლებელი არაფერია - თუნდაც ნიუ იორკში ქართული თეატრის კვირეულის ჩატარება.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

ქალი, რომელსაც ჰოლივუდი მოერგო.
კეთრინ ჰეპბერნის გარდაცვალების გამო

დავით კაკაბაძე:
გასულმა თვემ, ივნისმა, კიდევ უფრო შეათხელა ჰოლივუდის ძველი თაობის ცოცხალ ვარსკვლავთა სია, რომელსაც ბევრი სახელი აღარც მანამდე შემორჩენოდა: ზუსტად სამი კვირის წინათ "მეათე სტუდიაში" გამოვეთხოვეთ გრეგორი პეკს. სულ რამდენიმე დღის წინ კი, 30 ივნისს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდევ ერთი ამერიკელი კინოვარსკვლავი - კეტრინ ჰეპბერნი. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოშიც, ამ მსახიობ ქალს პოპულარობით, მართალია, არაერთი სხვა ვარსკვლავი აღემატებოდა (თუნდაც ელიზაბეტ ტეილორი, ან კეტრინ ჰეპბერნის მოგვარე, ოდრი ჰეპბერნი), მაგრამ სიაში, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ ამ ოთხი წლის წინათ შეადგინა საუკუნის 50 უდიდესი კინოვარსკვლავის გამოსავლენად, ქალთა შორის პირველი ადგილი სწორედ კეტრინ ჰეპბერნს ერგო. რამდენად გამორჩეული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა ეს უჩვეულოდ ძლიერი და შთამბეჭდავი პიროვნება თანამემამულეებს შორის, მისი გარდაცვალების შემდეგაც გამოჩნდა, როცა ბროდვეის ყველა თეატრმა საღამო ხანს ერთი წუთით გამორთო სინათლე; როცა აშშ-ის ტელეკომპანიებმა სასწრაფოდ შეცვალეს თავიანთი პროგრამები, ხოლო გაზეთებმა ვრცელი ნეკროლოგები მიუძღვნეს მსახიობ ქალს, რომელიც, როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" შეგვახსენებს, 60 წელიწადზე მეტი ხანია, უყვარს კინომაყურებელს. მის ფილმებსა და ცხოვრებას მარიამ ჭიაურელი გაიხსენებს. ოღონდ ჯერ კეთრინ ჰეპბერნის ხმის ჩანაწერს მოვუსმინოთ.

[კეთრინ ჰეპბერნის ხმა] "ბუნება, ბატონო ოლნატ, არის ის, რაზეც უნდა ავმაღლდეთ" - ამ სიტყვებს კეთრინ ჰეპბერნის პერსონაჟი კინოფილმ "აფრიკის დედოფალში" წარმოთქვამს, თორემ სინამდვილეში, ნამდვილ ცხოვრებაში, ჰეპბერნი არასოდეს "ამაღლებულა" ბუნებაზე - უფრო სწორად, არასოდეს უღალატია თავისი ბუნებისათვის.

ის 25 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა ჰოლივუდში და იმავე წელს, 1932-ში, დაჯილდოებულ იქნა "ყველაზე უხასიათო მსახიობი ქალის" პრემიით. რატომ? აი, რას წერს ამ თემაზე ბრიუსელში გამომავალი გაზეთი "დე სტანდარტი", რომელიც 1 ივლისის ნომერში გამოეხმაურა ცნობას კეთრინ ჰეპბერნის გარდაცვალების შესახებ: "ჰოლივუდში მან ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩინა თავისი გაბედულებითა და გონიერებით. ჰეპბერნი მეტისმეტად ნიჭიერი იყო საიმისოდ, რომ კინოსტუდიების ხელმძღვანელებს შეუმჩნეველი დარჩენოდათ, მაგრამ ზედაპირული როლების შესრულებაზე მისმა კატეგორიულმა უარმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჰოლივუდი მიჩვეული იყო უმნიშვნელო ხალხს, იმათ, ვინც ვარსკვლავად აღზევდა და ფარშევანგივით ეპრანჭებოდა ფოტოგრაფებს. იმ ფაქტმა, რომ კეთრინ ჰეპბერნი ამას არ აკეთებდა, ბევრი გავლენიანი პროდიუსერი გააჯავრა."

მაგრამ კეთრინ ჰეპბერნის პრინციპულობამ, მისმა დევიზმა "არასოდეს გეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმისა", მისმა ლიბერალურმა სულისკვეთებამ, რომელიც მსახიობისა და მისი ოთხი და-ძმისათვის ბავშვობაშივე ჩაენერგათ მშობლებს, საბედნიეროდ ბევრი მოხიბლა კიდეც - მათ შორის კინორეჟისორი ჯორჯ კიუკორი, რომელსაც ერთი მრავლისმეტყველი ფრაზა ეკუთვნის: "კეთრინი კი არ მოერგო ჰოლივუდს, ჰოლივუდი მოერგო კეთრინსო".

1932 წელს "ყველაზე უხასიათო მსახიობ ქალად" შერაცხულ ჰეპბერნს მომდევნო წელს უკვე ოსკარი მიანიჭეს - სხვათა შორის, სწორედ კეთრინ ჰეპბერნს ეკუთვნის რეკორდი ქალის მთავარი როლისათვის მიღებული ოსკარების რაოდენობით: მან ეს ჯილდო ოთხჯერ მოიპოვა. მათგან ერთ-ერთი მიღებული აქვს ფილმისათვის, რომელიც საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა - ეს არის 1968 წელს გადაღებული "ლომი ზამთარში", რომელშიც კეთრინ ჰეპბერნი ინგლისის დედოფალს, მეფე ჰენრი მეორის მეუღლეს განასახიერებს, ხოლო მისი პარტნიორი პიტერ ო'ტულია.

სინამდვილეში, ნამდვილ ცხოვრებაში, კეტრინ ჰეპბერნის გვერდით თითქმის 30ი წელი იდგა მისი კოლეგა, დღეს უკვე ასევე ლეგენდად ქცეული სპენსერ ტრეისი. "არ ვიცი, რა გრძნობები ჰქონდა ჩემს მიმართ სპენსერს. ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. უბრალოდ, ერთად გავატარეთ 27 წელიწადი, ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერების წლები. ამბობენ, რომ ეს სიყვარულია", წერდა ჰეპბერნი 1991 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში. მაგრამ მათ სიყვარულს, რომელიც ჰოლივუდს ერთ-ერთ უმშვენიერეს ლეგენდად შემორჩა, მშვიდ, მყუდრო ოჯახურ ბედნიერებად გადაქცევა არ ეწერა. სპენსერ ტრეისი მორწმუნე კათოლიკე იყო და დაუშვებლად მიიჩნევდა ცოლ-შვილის მიტოვებას, მაგრამ თან ვერც ჰეპბერნს ელეოდა, რისი შედეგიც სინდისის ქენჯნა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილების კიდევ უფრო გამძაფრება იყო. 1967 წლამდე, ანუ სპენსერ ტრეისის გარდაცვალებამდე, წყვილი ცხრა კინოფილმში გადაიღეს, მათ შორის სურათებში "წლის საუკეთესო ქალი", "პეტი და მაიკი", "აბა, გამოიცანი, ვახშამზე ვინ გვეწვევა".

კეთრინ ჰეპბერნმა სატრფოს გარდაცვალების შემდეგ კიდევ დიდხანს, 36 წელი იცოცხლა, კიდევ ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა და ჩვეული შეუპოვრობით აიტანა ბოლო წლების მძიმე ავადმყოფობა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრება კი კეთრინ ჰეპბერნმა ერთ-ერთ ინტერვიუში სულ რამდენიმე წამში შეაფასა: შესანიშნავი ცხოვრებით ვიცხოვრე, და ბედიც მუდამ მწყალობდაო. [კეთრინ ჰეპბერნის ხმა]

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ისღა დამრჩენია, რადიომსმენელს, და ჩემს თავსაც, ვუსურვო, საკუთარი ცხოვრების შეფასება ამავე სიტყვებით შეგვძლებოდეს. ამით ჩვენი გადაცემა მთავრდება. რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG