Accessibility links

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აბნევს სკეპტიციზმი


დავით პაიჭაძე, პრაღა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აბნევს სკეპტიციზმი, რომლითაც ეკიდებიან მის მტკიცებას, თითქოსდა ერაყში ომის დაწყებამდე სადამ ჰუსეინს

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის უზარმაზარი მარაგი ჰქონდა. სენატის დაზვერვის საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარემ, პატ რობერტსმა - ის ახლახანს ეწვია ერაყს - განაცხადა, რომ ამ იარაღს, შესაძლოა, მალე მიაგნონ. რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის, ენდრიუ ტალის რეპორტაჟს ამ თემაზე დავით პაიჭაძე გაგაცნობთ.

ამერიკის შეერთებული შტატების ერაყში განლაგებული შეიარაღებული ძალები მალე მიაგნებენ სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღს - განაცხადა დაზვერვის საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა პატ რობერტსმა, რომელიც სენატის სხვა წევრებთან ერთად ახლახანს დაბრუნდა ერაყიდან.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და უმაღლესი რანგის მის პარტნიორებს ბრალს სდებენ, თითქოს მათ გააზვიადეს საიდუმლო ინფორმაცია სადამ ჰუსეინის შეიარაღების შესახებ, რათა უზრუნველეყოთ მხარდაჭერა ერაყში ომის დასაწყებად აუცილებელი გადაწყვეტილებისათვის. პატ რობერტსი წინასწარმეტყველებს "პოზიტიურ ცნობებს ახლო მომავალში", რაც დაკავშირებული იქნება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძებნასთან. ამასთან, რობერტსმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია, ილაპარაკოს დეტალებზე, რადგან მისი განცხადება ერაყში ყოფნისას მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას ეფუძნება.

რობერტსის თანახმად, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსებს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს 2001 წლის 11 სექტემბრის წინ, მათ ხელთ არსებულ ათიოდე საიდუმლო ცნობაზე დაყრდნობით, გამოეცნოთ და ჩაეშალათ ტერორისტული აქტი. დღეს კი პირიქით, იგივე კრიტიკოსები აცხადებენ, დაზვერვის ანალიტიკოსებს მეტი საიდუმლო ინფორმაცია სჭირდებათ, ვიდრე დაასკვნიან, რომ სადამი ქმნიდა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღსო. რობერსტი მიიჩნევს, რომ დაზვერვის სამსახურს უსამართლოდ აკრიტიკებენ.

ერაყში იყო სენატორი კარლ ლევინიც, სამხედრო სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის იზიარებს აზრს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ გააზვიადა ომისწინა ინფორმაცია ერაყზე. ლევინის თქმით, ერაყში მან იგივე ინფორმაცია მიიღო, რაც რობერტსმა, მაგრამ განსხვავებული დასკვნა გაუჩნდა [ლევინის ხმა]:

"ვიპოვით თუ ვერ ვიპოვით იარაღს, ბუშის ადმინისტრაცია თავდაჯერებით განაცხადებს, რომ სადამის გაკარგულებაში იყო მასობრივი განადგურების იარაღი, რომლის გამოყენებაც მას შეეძლო და იტყვის, რომ ეს განცხადება საიდუმლო ინფორმაციას ეფუძნება. ვფიქრობ, ეს სამხილი გაზვიადებულია. არაფერი მინახავს ერაყში ყოფნისას ისეთი, რაც გამიფანტავდა ეჭვს ამ სამხილის შესახებ".

3 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერაყიდან დაბრუნებული სენატორები ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც შეეხნენ. კერძოდ, სენატორმა რობერტსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროებს თანამშრომლობას ერაყელ ხალხთან. მათ არ სურთ დაგვეხმარონ, რადგან ეშინიათ, რომ სადამი როგორღაც მოახერხებს და დაიბრუნებს ძალაუფლებას. შედეგად, თქვა რობერტსმა, სადამი და მისი ვაჟები, უდაი და ქუსაი, უნდა მოიძებნონ და გასამართლდნენ.

[რობერტსის ხმა]: "ერაყელებს ძალიან გაუჭირდებათ, ისარგებლონ კვლავ მოპოვებული თავისუფლებით და გახდნენ ჩვენი სრულფასოვანი პარტნიორები, ვიდრე სადამის აჩრდილი არ გაქრება მათი ცხოვრებიდან".

რობერტსმა თქვა, ამერიკელებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ სადამსა და მის ვაჟებს მოევლებათ. მაგრამ, რაც შეეხება ერაყელებს, მათში აშკარად ცოცხალია შიში, ბოლო 30 წლის მმართველობამ რომ განაცდევინათ.
XS
SM
MD
LG