Accessibility links

თალიშები - კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ერი


თალიშები ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ

- შიიტ მაჰმადიანებს, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ლამის ასიმილირებულად მიიჩნეოდნენ და მათ მიმართ ინტერესი არც არავის ჰქონდა. აზერბაიჯანში თალიშებს ახასიათებენ როგორც სტუმართმოყვარე, ხელგაშლილ და თბილ ხალხს. თალიშები - ისინი თავიანთ თავს თოლიშებს უწოდებენ - აზერბაიჯანში ფრთაგაშლილები არ ყოფილან. თვითონვე აღიარებენ, რომ ბევრ მათ თანამოძმეს რცხვენოდა, რომ თალიში იყო და ამას მალავდა, თუმცა, თუ დავუჯერებთ ერთ აზერბაიჯანელს, რომელთანაც თალიშების შესახებ მქონდა საუბარი, ამ ხალხს აზერბაიჯანლები ადვილად ცნობენ არა მხოლოდ აქცენტის, არამედ ანთროპოლოგიური განსხვავებულობის გამოც. თალიშების ენა ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა მისი ლექსიკა, თურქულენოვანი გარემოცვის გამო, სავსეა აზერბაიჯანულიდან შესული სიტყვებით. თალიშები კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე სახლობენ. თვით თალიშ ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მათ ახსოვთ თავიანთი "აზიის დროინდელი ახალგაზრდობა" და, მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულება. სხვადასხვა მონაცემებით, ამ ხალხის რიცხვი განსხვავებულია - ირანში მეტნი არიან, ვიდრე აზერბაიჯანში. თალიში ნაციონალისტები ფიქრობენ, რომ ისინი მილიონს აღემატებიან, მაგრამ, ოფიციალურად, ახლა აზერბაიჯანში მხოლოდ 80 ათასს აღწევენ. თალიშების არსებობას მეტი ყურადღება მიაქცია აზერბაიჯანმა 1993 წელს, როცა გამოცხადდა "თალიშ-მუღანის რესპუბლიკა", რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. თალიშთა ისტორია ირანთან ბრძოლის ისტორიაა. მემატიანე მოგვითხრობს სპარსელების წინააღმდეგ თალიშთა დიდ აჯანყებაზე 1629 წელს, როცა მოკვეთეს თავი გიორგი სააკაძეს, რომელმაც ასევე ირანთან ბრძოლას შესწირა თავი. თალიშების სახანომ თავისი ორიენტაცია ადრევე განსაზღვრა. სპარსეთის წინააღმდეგ უმწეომ რუსეთის ორიენტაცია აირჩია და მისმა მბრძანებლებმა არსებობის დასაწყისიდანვე, მე-18 საუკუნეში, არაერთი წერილი მისწერეს რუსეთის მეფეებს, რომელთაც მფარველობას სთხოვდნენ სპარსეთის წინააღმდეგ, რაც, ცოტა არ იყოს, ახლა უცნაურიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. ირანთან მონათესავე ენის, კულტურული მსგავსების, მეზობლობის მიუხედავად, თალიშებს რუსეთის იმედი უფრო ჰქონდათ, ვიდრე სპარსეთისა. ამას იმით ხსნიან, რომ მაშინდელი ირანი, რომელსაც სეფიანთა დინასტია განაგებდა, აზერბაიჯანული მოდგმისა იყო, ის ყიზილბაშურ ძალებს, თურქულ და აზერბაიჯანულ ელემენტებს, ეყრდნობოდა. მაგრამ აზერბაიჯანში დღემდე ახსოვთ, თუ როგორ გადაარჩინეს თალიშებმა სიკვდილს სეფიანთა დინასტიის დამაარსებელი ისმაილ პირველი. ამ ამბავს ჩვენი აზერბაიჯანული რედაქციის თანამშრომელი ელხან ნასიბლი გვიამბობს [ნასიბლის ხმა]:
"დაეძებდნენ ისმაილს, რომელიც თალიშთა ერთ სოფელში იმალებოდა. სპარსელებმა მიაკვლიეს მის ადგილსამყოფელს, მაგრამ თალიშმა, რომელთანაც ის იმალებოდა, დიდ გოდორში ჩასვა და ხეზე ჩამოკიდა ისმაილი. როცა სპარსელმა მდევრებმა დააფიცეს, მან წარბშეუხრელად უპასუხა: გეფიცებით, ამ მიწაზე მისი ფეხი არ არისო".
ყიზილბაშების ძალუფლების შესუსტების შემდგომ ირანში შაჰი თალიშებს არ აპატიებდა რუსულ ორიენტაციას. ცნობილია სპარსელთა მიერ 1768 წელს თალიშების სახანოს დალაშქვრა - დასჯა. ამ ხალხის მმართველებმა ქართლის სამეფოზე უფრო ადრე მიმართეს რუსეთს დახმარებისა და შემწეობისთვის. თალიშების სახანო 1829 წელს გაუქმდა, მაგრამ იქ მალევე მოხდა აჯანყება რუსეთის მეფის წარმომადგენლისა და ადგილობრივი ფეოდალების წინააღმდეგ. ეს აჯანყება, ცხადია, იმთავითვე განწირული იყო, რადგან ამ დროს რუსეთი უკვე მძლავრად იკიდებდა ფეხს კავკასიაში და, თუკი ჩრდილო კავკასიის მთიელ ხალხთა მედგარ წინააღმდეგობას არ მივიღებთ მხედველობაში, მთელი რეგიონი დაკავებული ჰქონდა. მეოცე საუკუნის ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასუსტების პერიოდში, თავი იჩინა თალიშების სეპარატიზმმაც, რომელიც თალიშ-მუღანის რესპუბლიკის გამოცხადებით დაგვირგვინდა {ელხან ნასიბლის ხმა]:
"ის, რაც 1992 ში მოხდა, სტიქიურად მოხდა, რადგან აზერბაიჯანლებს და თალიშებს შორის არ ყოფილა ანტაგონიზმი. ის, ვინც გამოაცხადა თალიშ-მუღანის რესპუბლიკა, ალიქრამ ჰიუმბათოვი, თალიშებთან ერთად იბრძოდა ყარაბაღში აზერბაიჯანლების დასაცავად. შემდეგ, როცა აზერბაიჯანი დასუსტდა, მიწებს ვკარგავდით, არ იყო ცნობილი, ვინ ვის ემორჩილება, მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მომენტი, პირველ რიგში, თალიშების დასაცავად და გამოაცხადა რესპუბლიკა. ამას არ ჰქონდა ობიექტური მიზეზები, ნამდვილი მიზეზები. ეს მოხდა სტიქიურად. ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან და ჰიუმბათოვმა დიდხანს ისაუბრეს, რის შემდეგაც ჰიუმბათოვი ჩასვეს. აზერბაიჯანში ბევრი თალიშია საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პოზიციაზე: მაგალითად, თალიშია სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანთა სასულიერო მეთაურიც".
თალიშ-მუღანის რესპუბლიკამ დიდხანს ვერ იარსება. მისი დამაარსებელი და მთავარი იდეოლოგი ალიქრამ ჰიუმბათოვი დღესაც ციხეშია სახელმწიფოს ღალატისთვის. საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანს ბრალად სდებენ პოლიტიკური პატიმრების ყოლას. მათ შორისაა ჰიუმბათოვიც, რომელიც თავის ქვეყანაში ხან გმირი იყო და ხან მოღალატე.
XS
SM
MD
LG