Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო


4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა და ეს თარიღი მნიშვნელოვანია არა მარტო ამერიკელებისთვის, არამედ იმ ქვეყნებისა და ხალხებისთვის,

რომლებისთვისაც შეერთებული შტატები მასკულტურასთან კი არა, თავისუფლებათა ქარტიასთან ასოცირდება, რომლებსაც დღევანდელ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის იდეალების საიმედო ქომაგად და მოკავშირედ ეგულებათ. ასეთი ქვეყნების რიგში საქართველოც არის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მოკავშირე.

რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები დღევანდელ მსოფლიოში და რატომ არის ამ გიგანტ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა, გნებავთ, მასთან მოკავშირეობა ასე მნიშვნელოვანი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, რომელშიც, ეს-ეს არის, აიდგა ფეხი დემოკრატიამ და სადაც ჯერ კიდევ არ არის კარგად გააზრებული, რამდენად ერთმანეთისგან განუყრელი ცნებებია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია? ამ შეკითხვას კარგად ესადაგება განმარტება, რომელიც ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა გააკეთა:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “შეერთებული შტატები დღეს წარმოადგენს უნივერსალური ფასეულობების ექსპორტიორს. ექსპორტიორს არა იმ გაგებით, რომ ყიდის მათ, არამედ შესთავაზებს მათ სხვა ქვეყნებს. ეს უნივერსალური ფასეულობები, რომლებიც პიროვნების თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია და, სხვათა შორის, უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ქართველებისათვის. “

და რამ შეუწყო ხელი იმას, რომ ხსენებული უნივერსალური ფასეულობები ქართველებისთვისაც მიმზიდველი გამხდარიყო? ისევ ალექსანდრე რონდელის თქმით:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] “ ჩვენ არასოდეს ისტორიაში არ გვქონდა ასეთი მომენტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ასეთი ლმობიერი ყოფილიყო ჩვენ მიმართ, ასეთი კეთილგანწყობილი, და დღეს ასე იმიტომ არის, რომ მის სათავეში დგას ასეთი ლიდერი და ეს ლიდერი არის ჩვენი მოკავშირე. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებაა. რომ არა შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი ასე არ დაიშლებოდა და ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს, რომ ამაში ვიღაცის დამსახურება უფრო მეტია, ვიდრე შეერთებული შტატების. “

რომ არა ის დახმარება, რასაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 11 წელია იღებს, ამ ქვეყანაში ვითარება, ალბათ, გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რისთვის და რა რაოდენობით მოდიოდა ეს დახმარება, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს სასაზღვრო ჯარების შექმნისთვის გაწეული დახმარება, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასეულობით მილიონები საქართველოს თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში გამოცხადებული პოლიტიკური მხარდაჭერა თავისთავად მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებას, საქართველოს სახით. აღარაფერს ვიტყვით დემოკრატიის მხარდამჭერ სხვა პროგრამებზე, აგრეთვე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუღიათ. მაგრამ იმას, რისი გაკეთებაც თავად ამ ქვეყანაში ევალებათ, სხვა ვერ გააკეთებს და არც გააკეთებს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოში სტუმრობისას თქვა, ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ესწრაფვიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი მიზნები ვერ მიიღწევა კანონების, საკუთრების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის გარეშეო.
XS
SM
MD
LG