Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სუუამის” სამიტის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები


საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ორგანიზაცია „სუუამი“ შექმნის დღიდან ეკონომიკური ხასიათის მატარებელი იყო. მიუხედავად ამისა,

იგი რუსეთისთვის პოლიტიკურ კონკურენტს წარმოადგენს. ამ კონკურენციას სიმძაფრე კიდევ უფრო შესძინა „სუუამის“ გაერთიანებით ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელმა დაინტერესებამ. იალტაში “სუუამსა” და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი “სუუამს” ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

4 ივლისს იალტაში, “სუუამის” ქვეყნების სამიტზე ხელმოწერილ ეკონომიკური ხასიათის 7 შეთანხმებასთან ერთად, მიღებულ იქნა ამ ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები 1 მილიონ დოლარს გამოყოფს “სუუამის” ფარგლებში ვაჭრობისა და ტრანსპორტის განვითარების პროექტების, ასევე ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და სახელმწიფოთაშორისო საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნის ხელშესაწყობად. გადაწყდა, რომ ამ პროექტების რეალიზება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყოს.

სამიტის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პროექტები აამაღლებს საზღვრების უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს საბაჟო კონტროლს და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. იალტაში სამიტის დასრულებისას უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნისა და აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების ამბიციური პროექტების განსახორციელებლად თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცებს “სუუამის” ორგანიზაციასო.
ცხადია, რომ ამგვარი პროექტებით საფუძველი ეყრება ახალი რეგიონალური ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემას. სწორედ ესაა რუსეთის გაღიზიანების მთავარი მიზეზი. მოსკოვი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის შესანარჩუნებლად მათ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანებას ცდილობს და ყოველღონეს ხმარობს რათა “სუუამის” გაერთიანება არ შედგეს.

ამ მცდელობების შედეგად დაიბლოკა მრავალი პროექტი, მათ შორის, “სუუამის” ფარგლებში ერთობლივი სამხედრო ბატალიონის შექმნის იდეაც, რაც კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ოფიციალური თბილისი ახლაც სიფრთხილეს იჩენს მოსკოვის მიმართ და ცდილობს ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი ვირტუალური ცენტრის შექმნა პოლიტიკას არ დაუკავშიროს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის კომენტარით:

[კახა სიხარულიძის ხმა] „რაც შეეხება ტერორიზმს, ეს ნებისმიერი გაერთიანების ძალიან აქტუალური პრობლემაა. ნურავინ გაიკვირვებს, რომ “სუუამის” ფორმატში ამაზე საუბრობენ ქვეყნის პრეზიდენტები. და ნებისმიერი პარალელი ასეთ შემთხვევაში სარისკოა და, ყოველ შემთხვევაში, მათ, ვინც არის “სუუამის”, როგორც პერსპექტიული და ნორმალური გაერთიანების, წინააღმდეგი, აძლევს ზედმეტ საბაბს, რომ ილაპარაკოს “სუუამის”, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, სამხედრო კავშირის, სამხედრო ბლოკის ინიცირებაზე.“

სიფრთხილით აიხსნება ისიც, რომ იალტაში არ ჩავიდნენ მოლდავეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესტუმრა იალტას. სამიტზე “სუუამის” მეთაურობა საქართველოს პრეზიდენტს მოლდავეთის პრეზიდენტისათვის უნდა გადაეცა, მაგრამ, ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო, საქართველო “სუუამს” კიდევ 6 თვე უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG