Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეს, ყოფილ მხედრიონელს, ისრაელში პატიმრობა ემუქრება


ტელ-ავივის რიშონ-ლეციონის სამოქალაქო სასამართლომ 29 ივნისს საქართველოს მოქალაქეს, ცნობილ მხედრიონელს, მაშველთა კორპუსის ყოფილ თავმჯდომარეს გიგა გელაშვილს

ისრაელში არალეგალურად შესვლის, სავიზო რეჟიმის დარღვევისა და საბუთების გაყალბების გამო წაუყენა ბრალი. მისი დაკავების კონკრეტული მიზეზი - სიჩქარის გადამეტება და საგზაო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ასევე ფიგურირებს საქმეში, რომლის გამოძიების დასრულებამდე გელაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რომ გელაშვილი, მართლაც, შეკვეთილი მკვლელობის აღსასრულებლად იმყოფებოდა ისრაელში, მოსამართლემ მისი შინიდან გაუსვლელობის პირობით გათავისუფლება მაინც მიზანშეუწონლად მიიჩნია.

გიგა გელაშვილის კილერობის ვერსიის აფიშირების ავტორია ტელ-ავივის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი “იუდიოთ ახარონოთ”, რომელმაც 30 ივნისის პუბლიკაციაში, სათაურით “ სასიკვდილო დავალება”, პირველმა ამცნო საზოგადოებას საქართველოდან ჩასული ბოროტმოქმედის შესახებ, რომელმაც თურმე დაკავებამდე გადაყარა იმ ადამიანთა სურათები, რომელთა დახოცვაც შეუკვეთეს. ესენი, პუბლიკაციის მიხედვით, არიან დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები, სათამაშო ბიზნესში მოღვაწე ძმები მეირ და იცხაკ ავრაჯილები. რა მიმართულებით წავა ძიება, ძნელი სავარაუდოა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების მიერ მოთხრობილ ამ ისტორიაში კრიმინალისგან ძალზე შორს მყოფი ადამიანებისთვისაც კი ბევრი უხერხულობა იკითხება - თუნდაც ის, რომ მკვლელობის დამკვეთებმა გიგა გელაშვილს მაინცდამაინც მოპარული მოტოციკლეტი გადასცეს, რომ ადვილად ჩავარდნილიყო და, მეორე, მათ არ იცოდნენ, რომ მიზანში ამოღებული ძმებიდან ერთ-ერთი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. გამოძიებაზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობას ქართული მხარე, ცხადია, ვერანაირად ვერ იტვირთებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვაზე კი იზრუნებს. ამის თაობაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ განაცხადა. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ გვითხრა, გიგა გელაშვილს, პირადად, დახმარებისთვის საელჩოსთვის არ მიუმართავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საელჩო პროცესუალურად შეასრულებს ამგვარი ვითარებისთვის საჭირო ვალდებულებებს. რა ევალება კონკრეტულად კონსულს?

[რევაზ გაჩეჩილაძის ხმა] “დაესწროს სასამართლოს და იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებები ირღვევა, მიიღოს შესაბამისი ზომები. ჯერჯერობით ასეთი ღონისძიების გატარება არ დაგვჭირვებია.”

რაც შეეხება თავად გიგა გელაშვილის თანამებრძოლებს, მათ მეგობრის დაცვა ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შეუძლიათ, რომ გაზეთ “იუდიოთ ახარონოთს” უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დასდონ ბრალი:

[დოდო გუგეშაშვილის ხმა] “ოფიციალური სტრუქტურებიდან, ალბათ, არის მიწოდებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიგა თავის დროზე ნასამართლევია მძიმე ბრალდებით. ამან საფუძველი მისცა ჟურნალისტს, რომ გამოეტანა საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გიგა გელაშვილი არის ტერორისტი.”

გიგა გელაშვილის კრიმინალურ წარსულს ბევრ გახმაურებულ დანაშაულს მიაწერენ, მათ შორის, ბენზინის ავზებში ჩამარხული 5 ადამიანის მკვლელობას და 1995 წელს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტს, რომლის გამო სასჯელს იგი არცთუ დიდი ხნის მანძილზე იხდიდა. 2001 წელს, რამდენიმე მხედრიონელთან ერთად, იგი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. მას შემდეგ გიგა გელაშვილი სისტემატურად მოგზაურობს საზღვარგარეთ - პერიოდულად ცხოვრობს შვეიცარიაში, ჩეხეთში, ბოლოს ეგვიპტიდან ჩადის ისრაელში. როგორც ქალბატონმა დოდო გუგეშაშვილმა გვითხრა, ჰქონდა ე. წ. კერძო ბიზნესი, რომლის სახეობაც უცნობია. და ბოლოს, გიგა გელაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მოსალოდნელი არ არის, რადგან იგი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იძებნებოდა.
XS
SM
MD
LG