Accessibility links

logo-print

რა შეიძლება მოჰყვეს პურის გაძვირებას საქართველოში


პურის ფასის დაახლოებით 5-თეთრიანმა ზრდამ საქართველოში საგრძნობი ვნებათაღელვა უკვე გამოიწვია, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ მსუბუქი დასაწყისია. მაშინ,

როცა ხელისუფლება ამ პრობლემას დროებითს უწოდებს და ხალხს მის მოგვარებას ჰპირდება, ოპოზიცია მომავალს უფრო მუქ ფერებში ხედავს. დაპირებისამებრ, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პურის გაძვირებისადმი მიძღვნილი მიტინგები, წესით, საქართველოს 20 რაიონში ერთდროულად უნდა გამართოს. წინასწარ დიდი ბოდიშის მოხდით, ნაციონალები მცირე ხნით ტრანსპორტის მოძრაობასაც შეაჩერებენ.

პურის გაძვირების პრობლემა საქართველოში წმინდა ეკონომიკურ ჩარჩოებს გასცდა და ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად პოლიტიკური ელფერი მიიღო. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია მარცხიან სიტუაციებს ყოველთვის გულდასმით უთვლის და, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუხუჭავს თვალს. მაგალითად, ნაციონალებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ხალხმა ერთად დგომისა და პროტესტის გამოხატვის ძალა ამ საკითხთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა დაანახვოს. ხალხის ძალის დემონსტრირებასა და მისი წყალობით საკითხის მოგვარების მოსინჯვას ნაციონალები საქართველოს 20 რაიონში სწორედ დღეს აპირებენ. თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პურის ფასის მცირედ რყევებზე ამხელა ამბის ატეხა არც კი ღირს, რადგანაც ბაზარი ყველაფერს თავისით დაარეგულირებს და ფასი ძველ ნიშნულს მალე მიტინგების გარეშეც დაუბრუნდება.

აქვე მოგახსენებთ, რომ პურის გაძვირებას ეკონომისტები რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ; მთავარი კი ის არის, რომ ძირითადმა მომწოდებელმა ქვეყნებმა - უკრაინამ და რუსეთმა -საქართველოს ფქვილი და ხორბალი გაუძვირეს, ხოლო ადგილობრივმა მეწარმეებმა სხვა, უფრო იაფი, წყაროს მოძებნა ვერ მოასწრეს. ყოველივე ეს დროში ცუდად დაემთხვა იმ ფაქტს, რომ ქართული ხორბლის მოსავალი ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი და, შედეგად, ბაზარზე გაჩენილი ერთგვარი დეფიციტი პურპროდუქტების გაძვირებით გადვირგვინდა. ამჟამად კი კალოობა საქართველოში უკვე დაიწყო და მოსავლის პირველმა წყებამ თბილისამდეც მოაღწია. როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში აცხადებენ, ქართული ხორბალი სიტუაციას სულ მალე სასიკეთოდ შეცვლის. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი გიგა ქურდოვანიძე დარწმუნებით აცხადებს, რომ შიდა ბაზარს დეფიციტი აღარ ემუქრება:

(გიგა ქურდოვანიძის ხმა) “დღეს შეიძლება ითქვას ერთი რამ გადაჭრით, რომ არავითარი დეფიციტი ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. საპროგნოზო მაჩვენებელი - 200 ათასი ტონა ხორბალი - საქართველოს თავისი პროდუქცია აქვს. ამას ემატება ის პროდუქცია, რომელიც შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამიტომ ასეთი პროგნოზის გაკეთება, რომ თითქოს ფქვილზე და ხორბალზე იქნება დეფიციტი, აბსოლუტურად მცდარია. ამის არანაირი მოტივაცია არ არსებობს ”.

თუკი ბაზარზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, ეკონომისტების აზრით, პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, ეკონომისტ რომან გოცირიძის განცხადებით, პურის საბოლოო ფასი ექსპორტიორებზეა დამოკიდებული:

(გოცირიძის ხმა) “პურის ფასის გაძვირება-არგაძვირება არსებითად არ არის დამოკიდებული ჩვენზე. ეს დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასზე. თუ მოხდება იაფფასიანი ხორბლის შემოტანა საქართველოში, პურის ფასიც შემცირდება ”.

მოსახლეობას აშინებს გავრცელებული აზრი იმის თაობაზე რომ, თითქოს, პურის გაძვირებას ფასების გაზრდა სხვა პროდუქტებზეც მოჰყვება. ეკონომისტები ამგვარ პროგნოზს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG