Accessibility links

ჯორჯ ბუში აფრიკას ეწვევა


მომავალ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვევა კონტინეტს, რომელზეც თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთადერთხელ არის ნამყოფი - აფრიკას.ხუთი დღის მანძილზე

ის რამდენიმე ქვეყანას მოივლის - სენეგალს, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკას, ბოცვანას, უგანდას, ნიგერიას, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა ამ, ჩამოთვლილ ქვეყნებს კი არა, ლიბერიას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციას სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ, ჯარები გააგზავნოს ლიბერიაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ბოლო დროს სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს აფრიკის პრობლემებისადმი - რად ღირს თუნდაც გეგმა, რომელიც შიდსთან საბრძოლველად 15ი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. და მაინც, ბევრი გააოცა პრეზიდენტის სწრაფმა რეაქციამ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებაზე, ჯარები გააგზავნოს ლიბერიაში, რომელიც, სხვათა შორის, ამ, დაახლოებით 150ი წლის წინათ, ამერიკაში გათავისუფლებული მონების მიერ არის დაარსებული.
გაოცდნენ პირველ რიგში ისინი, ვისაც შეერთებულ შტატებში 2000ი წლის წინასაარჩევნო კამპანია ახსოვს: მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯ ბუში მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციას სომალიში, ჰაიტისა და კოსოვოში თუ ბუშის სიტყვებს მოვიშველიებთ “არასერიოზული ჰუმანიტარული ოპერაციების” განხორციელების გამო. მაშინ კანდიდატმა პირობა დადო, რომ სამხედრო ძალას უცხოეთში, მხოლოდ ამერიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებდა. არადა, ლიბერია ასეთ პრობლემის შთაბეჭდილებას არ სტოვებს!
სხვა აზრისაა ჯორჯ ბუშის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისი- როგორც ცნობილია, აფრიკული წარმოშობის ამერიკელი
“ჰუმანიტარული თვალსაზრისით ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ აუცილებლად უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, ვფიქრობ, 2001ი წლის 11მა სექტემბერმა მიგვახვედრა, რა სახიფათოა, არ-შემდგარ სახელმწიფოებში დაუშვა ისეთი ვითარების შექმნა, ისეთი დესტაბილიზაცია, რომელიც უკეთ ასაზრდოებს ტერორიზმს”.
ლიბერია სტაბილიზაციას მართლაც საჭიროებს - ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტის, ჯეფრი დონოვანის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის სამოქალაქო ომმა უკვე ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 3მმილიონიანი მოსახლეობის მესამედზე მეტი დევნილებად აქცია. ამჟამად მისი ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ მეამბოხეები, რომლებიც მიზნად ისახავენ პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის დამხობას - ხუთშაბათს ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში გამართულ დემონსტრაციაზეც მოითხოვეს ტეილორის გადადგომა და მშვიდობა:
დემონსტრაციის ხმაური
ტეილორის გადადგომას რახანია, ვაშინგტონის ადმინისტრაციაც მოითხოვს
"ვფიქრობთ, თუ პრეზიდენტი ტეილორი არ გადადგა, ლიბერიაში სტაბილურობა ვერ დაისადგურებს. ადრე, მოლაპარაკებებზე, რომელთაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა, მან აღიარა, რომ გადადგომა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. იმედი გვაქვს, ამ ნაბიჯს ტეილორი სათანადო დროს გადადგამს”, ამბობს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელსაც ჯორჯ ბუშმა დაავალა გაეროს გენერალურ მდივანთან თანამშრომლობა ლიბერიაში მოქმედების სტრატეგიის შესამუშავებლად.
ვაშინგტონის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, დიდი იმედი არა აქვს, რომ ტეილორი დათმობაზე წავა- ამჟამად ლიბერიაში სამხედრო ჩარევის სხვადასხვა გეგმაზე მუშაობენ.
XS
SM
MD
LG