Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილე სტიუარტ აიზენშტატი

საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ კანონის უზენაესობის დამკვიდრებას ისეთივე არსებითი მნიშვნელობა აქვს დღეს ერაყისთვის, როგორიც პოლიტიკურსა და ეკონომიკურ აღმშენებლობას. ყოფილი ბაათის პარტიის მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივი ქმედებათა გამომზეურებამ უნდა მისცეს დასაბამი ერაყში ვითარების სტაბილიზაციას, აღნიშნავს სტიუარტ აიზენშტატი და განაგრძობს:

"ბაათის პარტიის ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა ხომ ერაყის წამყვან პოლიტიკურ და რელიგიურ ფრაქციათა წარმომადგენლები იყვნენ. და თუ ამ უდანაშაულო ადამიანთა დამსჯელებს საკადრისი არ მიეზღვებათ, ერაყის საზოგადოება ვერასოდეს მოიშუშებს მიყენებულ ჭრილობებს და დარჩება იმედგაცრუებული, რაც სულ უფრო მზარდ სიძულვილში გადაიზრდება თანდათანობით. პირველ რიგში საჭიროა საკომპენსაციო ფონდის დაარსება წამების, მკვლელობისა და სხვა ათასნაირი ძალადობის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად. აუცილებელია ამასთანავე დაარსება ისტორიული კომისიისა, რომელიც მდიდარი ფაქტობრივი მასალის მეშვეობით მომავალ თაობებს გააცნობს ბაათის პარტიის მიერ წლების მანძილზე ჩადენილი ბარბაროსობის ფაქტებს. დაბოლოს, უნდა შეიქმნას სამხედრო ტრიბუნალი, რომელმაც ბაათის პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნები უნდა გაასამართლოს."

როგორც გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, ამჯერად, როცა ერაყში დღითიდღე მატულობს დაღუპულთა რიცხვი, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მომხდარ დიპლომატიურ უთანხმოებას არა აქვს გამართლება. ხოლო გაზეთი "გარდიანი" კომენტარს უკეთებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ამასწინანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ კოალიციის ძალებს კიდევ დიდხანს მოუხდებათ ერაყში დარჩენა. გაზეთი მიესალმება ჯორჯ ბუშის ამ გულწრფელ აღიარებას, მაგრამ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტ ბუშს გამორჩა იმის თქმა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ერაყში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების ყოფნით. რით უნდა აიხსნას ყოველივე ეს? გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"ერაყში მიმდინარე მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქვეყანაში სულ უფრო მატულობს საოკუპაციო ძალებისადმი მტრული დამუკიდებულება, რასაც სრულიად უბრალო ახსნა აქვს. მრავალთაგან ამის ერთი და უკანასკნელი მიზეზი ისაა, რომ "ემნისტი ინტერნეიშნელის" საანგარიშო მოხსენებაში ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული ერაყელი ახალგაზრდებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია მოყვანილი. საგანგაშოა ისიც, რომ ბრიტანეთს დღემდე არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია 4,000-დე ომის ტყვეს, რომლებსაც ჟენევის კონვენცია იცავს. შედარებით ადვილია ომის მოგება კბილებამდე შეიარაღებული ჯარითა და ცალმხრივი ქმედებით, ხოლო მშვიდობის აღსადგენად საერთაშორისო თანამეგობრობის ჭეშმარიტი ძალისხმევაა საჭირო".

გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" ვრცელი კომენტარი მიუძღვნა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში ანტიკორუფციული კამპანიაა გაჩაღებული, რაც 7 მაღალჩინოსანი ოფიცრის დაპატიმრებით დაიწყო. გაზეთი წერს:

"ახლა უკვე, დღე არ ჩაივლის ისე, რომ ახალი ამბავი არ შევიტყოთ მაღალჩინოსანთა კორუმპირებული საქმიანობის შესახებ. დააპატიმრეს მესაზღვრეები. ეჭვმიტანილია ასობით მილიციელი. ანტიკორუფციული კამპანიის ტალღას შეუერთდა სამხედრო პროკურატურაც, რომელმაც დაწვრილებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა ოთხი გენერლის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამ ოთხეულმა, წაყენებული ბრალდების თანახმად, სურსათის შესაძენად და ჯარისკაცებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად გამოყოფილი სახსრები მიითვისა. ამ დაპატიმრებებს ერთობ უჩვეულო საჯარო და ღია დისკუსია მოჰყვა რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში გამეფებული კორუფციის შესახებ. მეორეს მხრივ, დაპატიმრებებისთანავე მითქმა- მოთქმა ატყდა იმის თაობაზე, რომ წამოწყებული კამპანია გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მრავალი რუსისთვის, ვისაც ყელში ამოუვიდა წლების მანძილზე გამეფებული კორუფცია და პოლიტიკოსთა შეუსრულებელი დაპირებები, მაღალჩინოსანი ოფიცრების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია წინასაარჩევნო სარეკლამო ხრიკია უბრალოდ და სხვა არაფერი."
XS
SM
MD
LG