Accessibility links

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციები გაიმართა


5 ივლისს ნაციონალურმა მოძრაობამ ძალის დემონსტრირება მოახდინა და საქართველოს 20 რაიონში ნახევარსაათიანი გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციები მოაწყო.

ნაციონალური მოძრაობა პურის გაძვირების წინააღმდეგ გამოდის და საბაზრო ეკონომიკის კანონებით განპირობებულ პურპროდუქტების ფასის მატებას ხელისუფლებას აბრალებს. პრობლემის ამგვარად აქტუალიზება არცთუ ურიგო თემაა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დივიდენდებისა და სოციალურად დაუცველი ელექტორატის სიმპათიების მოსაპოვებლად.

პურპროდუქტების გაძვირების ოფიციალურ მიზეზად იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალზე ფასის ზრდა სახელდება. საქართველოში ფქვილისა და ხორბლის იმპორტირება, ძირითადად, რუსეთიდან ხორციელდება. სწორედ რუსეთში ფასების ზრდამ შექმნა საქართველოში პურის გაძვირების საშიშროება. არის მეორე ფაქტორიც, რაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება.

როგორც ეკონომიკის ექსპერტები და თავად პურის მწარმოებლები აღნიშნავენ, ფასის მატება, ძირითადად, კონტრაბანდული გზით შემოტანილი ფქვილით დამზადებულ პურს შეეხება. ამის კარგი ინდიკატორია კონტრაბანდის კერასთან ახლოს მყოფი გორის რაიონი. ჩვენი იქაური კორესპონდენტის გოგა აფციაურის ინფორმაციით, გორში პურპროდუქტებზე ფასის 10 თეთრიანი ზრდა იმითაცაა გამოწვეული, რომ მაკონტროლებელ ორგანოებთან კონტრაბანდული ფქვილის გატარებაზე კორუფციული გარიგების ფასმა მოიმატა.

[გოგა აფციაურის ხმა] „საათზე მეტხანს ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის დაახლოებით 70-მდე წარმომადგენელი გორთან ახლოს ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან აქციის ადგილზე 100-ზე მეტი პოლიციელი იყო მისული და ცდილობდა აქციის მონაწილეები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არ გადაეშვა.“


თუ გორში ვერ მოხერხდა ავტომაგისტრალის გადაკეტვა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეს გაცილებით იოლად შეძლეს, მაგალითად, სამტრედიაში. იქ საპროტესტო აქციებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური ხელმძღვანელობდა.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „სამტრედიაში ჩვენ მოვახდინეთ პიკეტირება ქალაქის გამგეობის წინ არსებული გზის. ამ პიკეტში მონაწილეობდა 150-დან 200 ადამიანამდე...
-
ბატონო ზვიად, ავტომაგისტრალების გადაკეტვით კანონის დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი?
-
მთავარი კანონდარღვევა ამ ქვეყნად არის ის, რომ ადამიანებს აქვთ მათხოვრული ხელფასები და პენსიები და მათ ამასაც არ აძლევენ.“

სამტრედიისგან განსხვავებით, აქცია არ გაიმართა ქალაქ ზუგდიდში. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად აქციის მოწყობა მხოლოდ ჩხოროწყუში, ხობსა და ფოთში გადაწყვიტა.
[ლაშა ბერულავას ხმა] „სამეგრელოს რეგიონში ჯერჯერობით პურის ფასი არ არის მომატებული. აქ სტაბილური ფასებია, კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული, და ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები მოსახლეობის მხრიდან ჯერ არ გამოთქმულა.“

ავტომაგისტრალების გადაკეტვის მცდელობით ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს, რათა ეს უკანასკნელი პურის გაძვირებას აღუდგეს წინ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ პურის ფასის შესანარჩუნებლად ბაზარზე ხორბლით ინტერვენცია უნდა მოახდინოს, ისე როგორც ეს ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნებისას ხდება. თუ რამდენად საჭიროა ჭარბი ხორბლის ბაზარზე გამოტანა, მაშინ როდესაც ხორბლის მოსავლის აღების პერიოდი დგება, დავითაშვილს აღარ განუმარტავს.

ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის აქციებზე იმით რეაგირებს, რომ მოპიკეტეების დასჯით იმუქრება. სატრანსპორტო მაგისტრალების პიკეტირება ხომ კანონდარღვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს, თუმცა იგი უმალვე გაათავისუფლეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის მცირე ინციდენტები მოხდა გურჯაანსა და აბაშაში, სადაც სამართალდამცველთა რიცხვი აქციის მონაწილეთა რაოდენობას აღემატებოდა. ნაციონალური მოძრაობა აქციათა მცირერიცხოვნებას იმით ხსნის, რომ მასში მხოლოდ მოძრაობის აქტივისტები მონაწილეობდნენ და საპროტესტო დემონსტრაციებში უბრალო მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა აქციის მონაწილეთა შორის მრავლად იყვნენ მოძრაობა „კმარას“ წევრებიც.
XS
SM
MD
LG