Accessibility links

logo-print

მოგესალმებით! “ახალგაზრდული პროგრამის”


მოგესალმებით! “ახალგაზრდული პროგრამის”

დღევანდელ გადაცემაში “თითების თეატრზე” გვექნება საუბარი. გაგაცნობთ ამ თეატრის მცირერიცხოვან დასს, რომელსაც, მთლიანად, ახალგაზრდები შეადგენენ, და მათ ხელმძღვანელს ბესო კუპრეიშვილს, მთავარ თითს, როგორც მას უწოდებენ. “თითების თეატრმა” ფეხი ბათუმში აიდგა და მაყურებელი იქ მიიზიდა. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ბესო კუპრეიშვილმა მუშაობის გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა. მასთან საუბარი რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიაში ჩავწერეთ. “თითების თეატრის” დანარჩენ თითებს ნონა მჭედლიშვილი ბათუმში დაუკავშირდა და, სანამ ის ბათუმელ ახალგაზრდა მსახიობებს წარმოგიდგენთ, ბესო კუპრეიშვილის მონათხრობის მიხედვით შევეცდები აღვწერო, რას წარმოადგენს “თითების თეატრი”, როგორ გაჩნდა ამ თეატრის შექმნის იდეა, როგორ დაიდგა იქ ერთსაათიანი წარმოდგენა “ეგსტრავაგანსა”, რომელიც სხვადასხვა ეტიუდებისგან შედგება. ესენია: ქართული ხალხური ცეკვების - “ხორუმის”, “ოსურის”, აგრეთვე, “კარმენის” მიხედვით დადგმული ეტიუდები და მოდების ჩვენებები, რა თქმა უნდა, თითებზე ჩაცმული მინიატურული კოსტიუმებით. ვისაუბრებთ იმაზეც, სამომავლოდ რას უნდა ველოდეთ ბათუმიდან თბილისში გადმონაცვლებული “თითების თეატრისგან”, რომელსაც აქ უკვე ჰყავს მაყურებელი - დაწყებული ბავშვებით, დამთავრებული ხანდაზნულებით.



იყო დრო, როცა “თითების თეატრის” ხელმძღვანელი, რეჟისორი, ქორეოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი, ანუ მთავარი თითი - ბესო კუპრეიშვილი, მსახიობად ბათუმის “თოჯინების თეატრში” მუშაობდა, შემდეგ - დრამატულ თეატრში. მაგრამ “თითების თეატრის” შექმნის იდეა ამ თეატრებში არ გასჩენია.

[ ბესო კუპრეიშვილის ხმა] “ შემთხვევით მივედით ამ ექსპერიმენტთან. 1988 წელს ბავშვთა ხელოვნების სტუდიაში ვასწავლიდი და იქ იყო საკვირაო ჯგუფი, სადაც იყვნენ სულ გოგონები - 24 გოგო. სტუდიის ხელმძღვანელმა მთხოვა, ამ ბავშვებთან გავაკეთოთ რამეო. მე ვუთხარი: “ მაშინ უნდა დავმალოთ ეს ბავშვები, რადგან მსახიობებს უჭირთ სცენაზე დგომა”. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ დაგვემალა მსახიობები და ასე, შემთხვევით, მივედით თითებამდე. ჩვენ ამერიკა არ აღმოგვიჩენია. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მეთოჯინეები ხშირად ხელმძღვანელობენ ამ პრინციპით. უბრალოდ, გადავწყვიტეთ ამ ჟანრისთვის პრიორიტეტი მიგვეცა და აგვეგო ყველაფერი თითებით, გაგვეკეთებინა თეატრალური შოუ, ოღონდ - მხოლოდ თითებით. ამ მხრივ, ჩვენ შეიძლება ვიყოთ პიონერები, რადგან სპექტაკლები კეთდება თითებით.”

ასეთი თეატრის - უფრო სწორად, თეატრის ჩანასახის - პირველი მსახიობები მე-10 და მე-11 კლასელები იყვნენ. ბესო კუპრეიშვილის და მათი ერთობლივი ნამუშევრების, თითებით დადგმული პირველი ეტიუდების, მაყურებლებიც ამ ბავშვების მშობლები იყვნენ. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დადგა საზაფხულო არდადეგები და აი, არდადეგებიდან დაბრუნებულმა მსახიობებმა და რეჟისორმა, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ერთმანეთთან შეხვედრისას აღიარეს, რომ თითების წარმოდგენა მონატრებოდათ. ბესო კუპრეიშვილმა საკუთარი დასის შექმნა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა “თითების თეატრი” და მან ბათუმის “მსახიობთა სახლის” თეატრალურ სარდაფში დაიდო ბინა. მას შემდეგ ბესო კუპრეიშვილმა ერთსაათიანი წარმოდგენა “ექსტრავაგანსა” არაერთხელ გაიტანა საზღვარგარეთ. ქართული “თითების თეატრი” გაიცნეს საფრანგეთში, თურქეთში, რუსეთში, ისრაელში, ინგლისში. მას კარგად იცნობენ თბილისში, რადგან მას შემდეგ, რაც ბესო კუპრეიშვილმა სამუშაოდ თბილისში გადმოინაცვლა, ბათუმში დარჩენილი დასის წევრები ხშირად ჩამოდიოდნენ აქ წარმოდგენების გასამართად. წარმოდგენები ხან თბილისის “თეატრალურ სარდაფში”, ხანაც სიონის ტაძართან მდებარე პატარა თეატრში იმართებოდა. რას წარმოადგენს “თითების თეატრი”, ამის აღწერა ნახვის გარეშე ძნელია, ამიტომ თავად ბესო კუპრეიშვილს მოვუსმინოთ:

[ბესო კუპრეიშვილის ხმა] “ეს არის პატარა მაგიდა. წარმოვიდგინოთ სამზარეულოს მაგიდა, ცოტა მოდერნიზებული, ერთი მეტრი სიგრძით და სიღრმით 50 სანტიმეტრი. მსახიობებს აცვიათ შავი და თითებზე აცვიათ კოსტიუმი-ხელთათმანები და პლასტიკით ვცდილობთ პაროდია გავუკეთოთ ცეკვებს, სიუჟეტებს. მაგალითად, “კარმენის” შემთხვევაში 11 წუთში ჩავტიეთ მთელი ეს ტრაგედია.“

დღესდღეობით “თითების თეატრის” მთელი დასი 8 ახალგაზრდა მსახიობისგან შედგება, მეცხრე - თავად ბესოა. ამას ემატება ტექნიკური პერსონალი. “თითების თეატრში” გადამწყვეტი ფუნქცია ენიჭება განათებას და, რაღა თქმა უნდა, კოსტიუმების მხატვარს. მსახიობებს, როგორც ითქვა, შავები აცვიათ და ისინი არ ჩანან. ჩანს მხოლოდ კოსტიუმი-ხელთათმანით შემოსილი ხელის მტევნები, თითები. მაყურებელს კი უჩნდება წარმოდგენა, რომ თითების კი არა, თოჯინების თეატრშია. აქედან გამომდინარე, რეჟისორს გაუჩნდა იდეა ცოტა გაართულოს საქმე და წარმოდგენებში თოჯინის თავი შემოიყვანოს. ის მსახიობის თითების სინქრონულად, მსახიობის მეორე ხელის კონტროლქვეშ ითამაშებს. ასე რომ, “თითების თეატრის” დრამატურგია უნდა გართულდეს. ბესო კუპრეიშვილს ახალი იდეები აქვს, ესენია: “კარმენი”, ახლა უკვე ოპერა “თითების თეატრში”, და “ბოლერო”. სურს დადგას წარმოდგენა უნგრული პიესის მიხედვით - “ყველა თაგუნას უყვარს ყველი”, შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, შექსპირს უნდა შეეთამაშოს.

მთელი ამ იდეების განხორციელება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება. მანამდე კი , სექტემბრიდან, მაყურებელს “ექსტრავაგანსა” კიდევ რამდენჯერმე შეეთავაზება, რისთვისაც ბათუმში მყოფი დასის წევრები თბილისში ჩამოვლენ. რა იქნება შემდეგ, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია. ბესო კუპრეიშვილი დიდი სიამოვნებით გააგრძელებს ძველ მსახიობებთან მუშაობას, თუ ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლას მოახერხებენ და, თუ დასის განახლება გახდება საჭირო, სამომავლო რთული გეგმებისთვის მსახიობებს “თეატრალური ინსტიტუტის” პირველკურსელებს შორის შეარჩევს. მოთხოვნა ასეთია: მსახიობი უნდა იყოს მონდომებული. ამას გარდა, საჭიროა პლასტიკა, მუსიკალური სმენა და ცოტა გაძლებაც, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბესო კუპრეიშვილი მუშაობის პროცესში საკმაოდ მკაცრია. თუმცა უკვე არა ისეთი, როგორიც წარსულში იყო.

[ბესო კუპრეიშვილის ხმა] “მეძახოდნენ ჩაუშესკუს, რადგან მეკავა დიდი ჯოხი და მიდიოდა ამ ჯოხის გადამტვრება თითებზე. ეს ჯოხი არ გადამიტეხია, თუმცა დამირტყამს. მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება. ბავშვები ითრგუნებოდნენ და მათი “მე” იკარგებოდა.“

მიუხედავად ამისა, მსახიობებს, რომლებსაც ხელმძღვანელის ჯოხი უგემიათ და ჯერჯერობით ბათუმში რჩებიან, ბესო კუპრეიშვილი ძალიან უყვართ და ენატრებათ. მათ შესახებ ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს. “თითების თეატრის” ახალგაზრდა მსახიობებს ის ბათუმში დაუკავშირდა.



“თითების თეატრის” მსახიობების საშუალო ასაკი 20 წელია. მოქმედი დასი ამჟამად, ძირითადად, ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული. მათგან ნაწილი სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, ნაწილი კი - მოდელირებისა და ქსოვილის დეკორაციის ფაკულტეტზე. “თითების თეატრისათვის” ნიშნეული პროფესიული უნარ-ჩვევების სინთეზი ხელის პლასტიკაში იყრის თავს და, ამდენად, მსახიობები - უფრო სწორად , მსახიობი ხელები -მოქნილობით, სინატიფითა და მუსიკალურობით ფასდებიან. სტუდენტების უმეტესობა დასში სწორედ თითების კონკურსის საფუძველზე მოხვდა.

[ნესტან ნიჟარაძის ხმა] “ეს მოხდა, ჩატარდა კონკურსი და აი, ამორჩევით, ჩვენ მოვხვდით ახალი ბოვშები, ძველი დასის დაშლის შემდეგ. მაშინ ვიყავი 21 წლის. პირველად იყო თითების ჩვენება, ჩვენი თითები და შემდეგ უკვე ეტიუდების მიხედვით. თითებით გარბენა, ეტიუდების მოთხოვნა იყო ბესოს მხრივ და ვისიც დაკმაყოფილდა, ისინი, ალბათ, დავრჩით. სიგრძეზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, უფრო პლასტიური უნდა იყოს.”[სტილი დაცულია]

ნესტან ნიჟარაძე პროფესიული კარიერის გაგრძელების პერსპექტივას, ძირითადად, მხატვარ-მოდელიერობაში ხედავს. დედაქალაქში გადმოსვლასა და “თითების თეატრის” ახალ დასში ჩარიცხვას იგი, გასაგები მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ გეგმავს, მაგრამ, ალბათ, იმ განცდის გარეშეც გაუჭირდება, რასაც მარტივად სიამოვნებას არქმევს.

[ნესტან ნიჟარაძის ხმა] “ნუ, უპირველესად, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და ისიც არის, რომ შიშის გრძნობა ყოველთვის მაქვს მაინც, რო გავდივარ. ნუ, რაღაც, პრინციპში, რო სახე არ ჩანს და ჩვენ პიროვნულად არ ვჩანვართ, თითებით უნდა აგრძნობინო მაყურებელს, რას განიცდი და აი, რას გრძნობ იმ მომენტში. და ძაან მსიამოვნებს.”[სტილი დაცულია]

“თითების თეატრის” ცნობილი ეტიუდებიდან ნესტანს ყველაზე მეტად “ბალერინა” უყვარს, ლაშა ჩახავას კი, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, “კარმენი”.

[ლაშა ჩახავას ხმა] “ყველა სპექტაკლი გაკეთდა აბსოლუტურად ბათუმში. ბათუმში ბესოს ყოფნის დროს, აქ მოღვაწეობის დროს, მაშინ გაკეთდა ყველა სპექტაკლი, აბსოლუტურად. უბრალოდ, “ჰავანა გელა” გაკეთდა თბილისსა და იზრაელში. საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ ძალიან მძიმე რეპეტიციები მიდის და ვიხარჯებით თავიდან ბოლომდე.” [სტილი დაცულია]

ბოლო დროს, სპექტაკლებისწინა რეპეტიციები, ძირითადად, თბილისში იმართება. ახალგაზრდა მსახიობები რეპეტიციების დამქანცველ პროცესზეც სიამოვნებით საუბრობენ, რიდითა და ღიმილით აღნიშნავენ მთავარი თითის, ბესო კუპრეიშვილის, განთქმულ სიმკაცრესაც.

[მარიკა კვაჭაძის ხმა] “ძალიან მკაცრია, ძალიან მკაცრია. გვეშინია. მაგ კი არა, თავიდან, პირველად რომ გაგვიცინა რეპეტიციებზე, ჭკუაზე არ ვიყავით, ისე გვიხაროდა. რეპეტიციის გარეთ ძალიან კარგია, მეგობრული და ძალიან კარგი და რეპეტიციაზე ცოტა მძიმეა.”[სტილი დაცულია]

მარიკა კვაჭაძეც მომავალი მხატვარია და, დასში მომუშავე სხვა მხატვარ-მოდელიერებთან ერთად, აქტიურად ღებულობს მონაწილეობას თითების კოსტიუმების გაფორმებაში, რაც, თავის მხრივ, ნოვატორული ხელოვნების ახალი და მეტყველი სახეა და რაზეც ცალკე საუბარიც ღირს.

[ქეთევან ვაჩეიშვილის ხმა]“ძირითადად, იდეას გვაწოდებს ხოლმე ბესო, რა თქმა უნდა. მთავარი თითი მთავარი მხატვარიც არის და, საერთოდ, მთავარია ყველაფერში. და შემდეგ ხდება ამის რეალიზება. რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეობს ამაში. ძალიან მეხმარებიან ჩემი სტუდენტები, ერთობლივად ხდება, ძირითადად, ყველაფრის შექმნა. ყველა რაღაც თავის აზრს ჩადებს ხოლმე და ესე რაღაც კოლექტიური ნამუშევარი გამოდის. მარტო ჩემი დამსახურება ამაში ნამდვილად არ არის. ცოტა ქსოვილი და საკმაოდ დიდი შრომაა, იმიტომ რომ ამ პაწუა თითებზე რაღაცის გაკეთება ისე, რომ ეს ჩანდეს საკმაოდ დიდი და ესეთი, მე მგონი, ცოტა უფრო რთულია.”[სტილი დაცულია]

“თითების თეატრის” მხატვარი ქეთევან ვაჩეიშვილი გამონაკლისი არ არის მათ შორის, ვინც თეატრში მოღვაწე სტუდენტების შემოქმედებას განსაკუთრებულად მაღალ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ, როცა მწირი მატერიალური ბაზის საფუძველზე ასეთი კლასის ხელოვნება იქმნება, ამ ბაზის გაძლიერებაზე მით უფრო საჭიროა ზრუნვა. ალბათ, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ “თითების თეატრის” მსახიობების მუშაობას დასაქმება პირობითად უნდა ვუწოდოთ, რადგან ისინი შრომის საფასურს პრაქტიკულად ვერ ღებულობენ. “თითების თეატრის” შემთხვევაში, შრომისაგან მიღებული სიამოვნება ახალგაზრდებისთვის მატერიალური ანაზღაურების ტოლფასიც კია, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ენთუზიაზმსაც ყავლი გასდის.

[ოთარ ქათამაძის ხმა]“ალბათ, ვიღაცამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, რათა გაქანების საშუალება მიეცეს ამ დასს და ამ თეატრს. სათანადოდ უნდა დააფასონ, იმიტომ რომ ეს არის პირველი და მატერიალური ბაზა აუცილებელია.”

ოთარ ქათამაძე 9 ივლისს 20 წლის ხდება, იგი ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს. მის სამსახიობო კარიერას “თითების თეატრმა” მყარი ფუნდამენტი ჩაუყარა. ამასვე ვიტყვი მის ახალგაზრდა კოლეგებზეც. ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, მომავალში დარწმუნდებით. დაიმახსოვრეთ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი გვარები.
XS
SM
MD
LG