Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობენ ძალოვანი სამინისტროები საზოგადოების გულის მოგებას


გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი

ურთიერთობები საქართველოში ყველას პირზე აკერია. ამ ტენდენციას ცდილობენ არ ჩამორჩნენ საქართველოს ძალოვანი სამინისტროები, რომლებმაც გასულ კვირას რამდენიმე მეტად საინტერესო პიარ-კამპანია მოაწყვეს.

კვირის დასაწყისში საქართველოს უშიშროების სამინისტროში ინტერნეტგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ამ ფორმით საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარება საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილია და, მთავარ სამხედრო პროკურატურას თუ არ ჩავთვლით, სხვა გასამხედროებულ სპეციალური უწყებებში ჯერჯერობით შიდა კომპიუტერული ქსელიც კი არ არსებობს. შესაბამისად, ნოვაცია არც ზოგიერთი შეცდომისგან აღმოჩნდა დაზღვეული. მაგალითად, უშიშროების სამინისტროს ხსენებულ ინტერნეტგვერდის პირველსავე განყოფილებაში ყურადღებას იქცევს აშკარა შეუსაბამობა: ლოგოში თავს იწონებს წარწერა “საქართველოს უშიშროების სამინისტრო”, ხოლო ლოგოს ქვემოთ, მარცხენა კუთხეში, განთავსებულია ამონარიდი საქართველოს კანონიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ის, რასაც უშიშროების სამინისტროს უწოდებენ, სინამდვილეში არის “უშიშროების სამსახური”. სხვათა შორის, ამ შეუსაბამობას მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე მიაქცია ყურადღება ვალერი ხაბურძანიამ.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] “ჩემი აზრით, სამინისტროს რანგში ეს უწყება არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ის არ არის კლასიკური გაგებით აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა, ის არის სპეციალური ორგანო. სპეციალური ორგანო კი არ უნდა იყოს დამოკიდებული სამთავრობო ცვლილებებზე. მას აქვს უფრო ხანგრძლივი დროით განსაზღვრული ფუნქცია, ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოება და არა კონკრეტული ხელისუფლების უსაფრთხოება.”

მაგრამ რაკი ამ ორი სათაურის ოპტიმიზაცია აშაკარად აღემატება საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობას, ძალიან საეჭვოა, რომ მას ქვეყნის მართვაში გამეფებულმა პოსტსაბჭოთა ინერციამ იმის შესაძლებლობა მისცეს, რომ კონკრეტული ხელისუფლების უსაფრთხოებაზე მაღლა საზოგადოებისა და კონკრეტული ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დააყენოს. მეტიც, შესაძლოა, ხელისუფლებამ უშიშროების სამინისტროს ინტერნეტგვერდის შექმნის იდეაც დაუწუნოს, რადგან მასზე განთავსებული ინტერაქტივის შედეგი შეკითხვაზე, მხარს უჭერთ, თუ არა საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღებასო, აშკარად ეწინააღმდეგება ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ ოფიციალურ თვალსაზრისს.

როგორც ირკვევა, უშიშროების ინტერნეტგვერდით გამოკითხულთა 75% ამ კანონის სასწრაფოდ მიღებას უჭერს მხარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტით საქართველოში, ძირითადად, საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენლები სარგებლობენ, ცხადი ხდება, რომ საზოგადოების მხრიდან ერთგვარ დაკვეთასთან გვაქვს საქმე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კვლავაც იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან და რომ საჭიროა მათი იდენტიფიცირება, არა ანგარიშსწორებისთვის, როგორც ამას პროპაგანდისტული მიზნებით აცხადებს ოფიციოზი, არამედ იმისთვის, რომ გადაეკეტოთ ბნელი წარსულის მქონე ადამიანებს გზა მაღალი თანამდებობისკენ.

თანამდებობაზე კი საქართველოში იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ იყოს ეჭვმიტანილი რომელიღაც ბნელ ძალასთან თანამშრომლობაში ან მძიმე დანაშაულში, თანაც საკუთარი კოლეგის მიერ. ყველას ჩამოთვლა გაჭირდება, მაგრამ გავიხსენოთ სკანდალური ბრალდებები, რომელიც კოდორის ხეობაში მძევალთა გატაცების შემდეგ დევნილობაში მყოფმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ და პრეზიდენტის რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ერთმანეთში გაცვალეს. პირველის მისამართით ნათქვამი იყო, რომ ბრალი მიუძღვის სოხუმის დაკარგვაში, მეორეს კი გაუხსენეს კრიმინალური წარსული და დააბრალეს მძევალთა გატაცების ორგანიზება. თანაც არ დაგავიწყდეთ, თუ რა რანგის სახელმწიფო მოხელეებზეა ლაპარაკი: თამაზ ნადარეიშვილი, თავის სტატუსიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს წევრია და ხელი მიუწვდება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ინფორმაციაზე. ემზარ კვიციანი კი პრეზიდენტის რწმუნებულია ხეობაში, პარალელურად, არის შეიარაღებული ძალების კოდორის ოპერატიული მიმართულების სარდალი და ასევე მიუწვდება ხელი ძალიან ბევრ საიდუმლო ინფორმაციაზე. ამ წუთში ლაპარაკი არ არის იმაზე, თუ რომელია მათ შორის მტყუანი და მართალი. ლაპარაკია ბრალდებათა სიმძიმეზე, რომელიც არათუ გამოძიებული არ იქნა, არამედ მეტად პარადოქსული კომენტარი მოჰყვა სახელმწიფოს პირველი პირის მხრიდან: ედუარდ შევარდნაძემ მიიჩნია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პირადი დაპირისპირების შედეგია და არ ღირს მისი განზოგადება.

შესაბამისად, სანამ ასეთი მიდგომები იარსებებს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში, მანამდე საზოგადოების ნდობის მოპოვება ძალიან ძნელი იქნება და ამას ვერ უშველის ვერავითარი ბრჭყვიალა ინტერნეტგვერდი ან, გნებავთ, ისეთი თამამი პიარ-ექსპერიმენტი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას მიმართა. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელის აპარატის უფროსი თავად უსვამდა შეკითხვებს ჟურნალისტებს და მათგან მიღებული პასუხებით აფიქსირებდა საკუთარი უწყების გულისწყრომას ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის გამო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ, ცოტაც და, კუთვნილი თანხების სანაცვლოდ, სასოწარკვეთილი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა კუთვნილ ძალუფლებასაც კი გადაულოცავდა მასმედიის წარმომადგენლებს. მას ხომ, ფაქტობრივად, აღარ დარჩა საშუალება, რომ შეპირებული ბიუჯეტის თანხები მიიღოს - როგორც ამბობენ, გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკანასკნელ ღონისძიებას მიმართა და პირდაპირ მუშტი-კრივი გაუმართა თავის კოლეგა ფინანსთა მინისტრს.

სხვათა შორის, საკუთარი ინტერნეტგვერდის გასახსნელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ემზადება. იქ თქვენ ამოიკითხავთ ბევრ საგულისხმო ინფორმაციას ქართული არმიის მიღწევის შესახებ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ წააწყდებით ინტერაქტივსაც ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე - სჭირდება თუ არა საქართველოს არმია?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG