Accessibility links

გერჰარდ შროდერი გერმანიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს საგადასახადო რეფორმაში ხედავს


გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი იმედოვნებს, რომ გერმანიის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებას გადასახადების შემცირება გამოასწორებს.

თუმცა, ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას გერმანიის მიერ ევროკავშირის გადასახადებისთვის თავის გართმევას. გადასახადების შემცირება გერმანიაში იქნება იმ წინააღმდეგობრივი რეფორმის ნაწილი, რომელიც შრომის კოდექსის შეცლასაც ითვალისწინებს.

გადასახადების შემცირების შესახებ გერმანიის კანცლერმა ერთი კვირის წინ განაცხადა. სიახლე ის იყო, რომ ადრე დაგეგმილი 2005 წლის ნაცვლად შროდერი გადასახადების შემცირებას 2004 წლიდან აპირებს, რაც სათუოს ხდის გერმანიის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. გადასახადების შემცირება გერმანიის ბიუჯეტს 18 მილიარდი ევრო დაუჯდება და ჯერ კიდევ არ არის ნათელი როგორ აპირებს მთავრობა მის დაფარვას.

გერჰარდ შროდერმა ჟურნალისტებს საგადასახადო რეფორმის არსი ასე განუმარტა:

[შროდერის ხმა]
"საგადასახადო რეფორმის განხორციელება გადამხდელებისთვის ნიშნავს იმას, რომ მომავალი წლიდან ისინი ათი პროცენტით ნაკლებ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან. ათი პროცენტით ნაკლები გადასახადი კი ნიშნავს 10 პროცენტით მეტ სახარჯო ფულს. ეს გაზრდის მოთხოვნას შიდა ბაზარზე და ადამიანებს ექნებათ მეტი სტიმული იმუშაონ ლეგალურად, ვიდრე დამალონ გადასახადები".

90-იანი წლების ბუმის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა დაცემის ზღვარზეა. გადასახადების შემცირების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გერმანელები მეტ ფულს დახარჯავენ ადგილობრივ პროდუქციაზე და სერვისზე, რამაც ეკონომიკის აღმავლობას უნდა შეუწყოს ხელი. შეერთებული შტატების ეკონომიკის ხელშეწყობისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აპირებს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც.

თუმცა, გადასახადების შემცირებას ყოველთვის არ მოაქვს შედეგი. 2001 წელს შეერთებულ შტატებში გადასახადების დაწევამ ვერ წაახალისა იქაური ეკონომიკა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მარცხით შეიძლება დასრულდეს შროდერის ინიციატივაც, თუკი გერმანიის მოქალაქეები არჩევენ მორჩენილი ფული ბანკებში ჩადონ, ან პროდუქცია საზღვარგარეთ შეიძინონ. როგორც უკვე მოგახსენეთ, მომავალი საგადასახადო რეფორმა საფრთხეს უქმნის გერმანიის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ფინანსურ ვალდებულებებსაც. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა გერმანიაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს. ეს შეზღუდვა შემოიღეს იმისთვის, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავრობებს ზედმეტი თანხები არ დაეხარჯათ და ამით საფრთხე არ შეექმნათ ევროპის ერთიანი ვალუტის - ევროსთვის.

გასულ წელს გერმანიამ ვერ შეძლო ევროპის საბიუჯეტო ნორმების დაცვა, რომელიც "მაასტრიხტის კრიტერიუმების" სახელით არის ცნობილი. როგორც ვარაუდობენ, გერმანია მათ შესრულებას ვერ შეძლებს წელსაც. თუმცა, შროდერი ინარჩუნებს იმედს, რომ 2004 წლისთვის გერმანია შეძლებს ევროკავშირის კრიტერიუმების დაცვას:

[შროდერის ხმა]
"ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური ზომების გატარების ფონზე "მაასტრიხტის კრიტერიუმების" დაცვა შესაძლებელია. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ამ საბიუჯეტო ნორმების დაცვისთვის აუცილებელია გარკვეული ეკონომიკური ზრდის მიღწევა".

მოსალოდნელი, უფრო ზუსტად, დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა გერმანიაში გულისხმობს 0,75 პროცენტიან ზრდას წელს და 2 პროცენტით ზრდას 2004 წელს, რაც შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს.

ახლახან ძალიან ავტორიტეტულმა გერმანიის ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ გერმანიის ეკონომიკა წელს არ გაიზრდება და ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია, რომ ეს 2004 წელს მოხდეს.

გერმანიაში გადასახადების შემცირების პერსპექტივაზე შეშფოთებას ვერ მალავენ ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები. კერძოდ, ევროკავშირის სავალუტო საქმეთა კომისარი პედრო სოლბესმა, რომელიც 1 ივლისს ბერლინში იმყოფებოდა, გამოთქვა დიდი ეჭვი 2004 წლისთვის გერმანიის ეკონომიკის ორპროცენტიანი ზრდის პერსპექტივაზე.

გერმანიის კანცლერის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უმუშევრობის შემცირება წარმოადგენს. შროდერის ყველაზე თავგამოდებულ ოპონენტებად გერმანიის პროფესიული კავშირები ითვლება. აღსანიშნავია, რომ ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ბოლო მასშტაბური გაფიცვა, რომელშიც 300 ათასამდე მუშა მონაწილეობდა. პროფკავშირების დანებებას ხელი შეუწყო გამოკითხვების შედეგებმა, რომლითაც დადასტურდა, რომ გერმანელთა უმეტესობა, მათ შორის პროფკავშირების ბევრი წევრიც გაფიცვებს გერმანიის ეკონომიკისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG