Accessibility links

logo-print

მორიგი ინციდენტი ვაშინგტონი-ანკარის ურთიერთობაში კვლავ ერაყს უკავშირდება


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთი ქვეყნის - შეერთებული შტატების სამხედროები აკავებენ ალიანსის წევრი მეორე ქვეყნის - თურქეთის სამხედროებს. ერაყი იქ ძირითადი საომარი ოპერაციების

დამთავრების შემდეგაც ვაშინგტონი-ანკარის უთანხმოების საფუძვლად რჩება. მაშ ასე, ერაყში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ:

პარასკევს შეერთებული შტატების 173-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია სადაზვერვო ოპერაციაზე იმყოფებოდა. დივიზიის წევრებმა ერაყის ჩრდილოეთში ქალაქ სულაიმანიაში დაათვალიერეს შენობები, სადაც თურქეთის საგანგებო ძალების წარმომადგენლები და ერაყის პოლიტიკური ჯგუფის - "თურქმენთა ფრონტის" წარმომადგენლები იყვნენ.

ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს თურქეთის საგანგებო ძალების 11 წევრი, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი და ორი მაიორი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი ერაყის ჩრდილოეთში ქალაქ ქირქუქის ეროვნებით ქურთი გუბერნატორის მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა, დეტალები ჯერაც არ არის ცნობილი.

11 თურქი, რომლებიც დასაკითხად ბაღდადში გადაიყვანეს, კვირას გაანთავისუფლეს. მაგრამ ეს მოხდა დიპლომატიური ზარებისა და ანკარაში შეერთებული შტატების საელჩოს წინ ამერიკის დროშების დაწვის შემდეგ. თურქეთის პრესა სასტიკ აღშფოთებას გამოხატავდა თურქი სამხედროების დაკავების გამო. თურქეთის ერთ-ერთი ყოვლედღიური გაზეთის - "მილეთი"-ს პირველ გვერდზე კი ეწერა "საზიზღარი ამერიკელები".

სულაიმანიაში მომხდარმა, რასაკვირველია, აღაშფოთა თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც პროტესტის ნიშნად შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის შტაბიდან თავისი ორი ოფიცერი გამოიწვია. ვაშინგტონი და ანკარა შეთანხმდნენ ერთობლივი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ამ შეთანმხების მიღწევაც მხოლოდ გაძლიერებული დიპლომატიის, მათ შორის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოანის ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბრის შედეგი იყო.

თურქეთის გაერთიანებული შტაბების უფროსმა ჰილმი ოზქოქმა კი ერაყში ამერიკელთა მიერ თურქი სამხედროების აყვანის ინციდენტზე განაცხადა:

[ოზქოქის ხმა]
"ინციდენტის აღმოსაფხვრელად თავიდანვე ყველა ზომას მივმართეთ, როგორც სამთავრობო, ისე სამხედრო დონეზე, განსაკუთრებით ინტენსიური იყო თანამშრომლობა ამ მხრივ ჩემსა და ჩემს ამერიკელ კოლეგებს შორის. თუმცა, ამ ინციდენტის შედეგად უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის არსებული ურთიერთნდობა".

ერაყში მომხდარ ინციდენტს სხადასხვაგვარად აფასებენ: ერთ-ერთი - თურქეთში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ერაყელი ქურთების პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ. ისინი ხომ უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ 1990 წლის შემდეგ თურქი სამხედროები მუდმივად იმყოფებიან რეგიონში. სეიფი ტაშანი - პოლიტოლოგი ანკარიდან ამბობს:

[ტაშანის ხმა] 070706
"არავის სჯერა, რომ თურქი სამხედროები შეიძლება მსგავს ინტრიგაში იყვნენ გარეული. ასე, რომ ამის არავის სჯერა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ჩრდილოეთი ერაყის რომელიღაც წრეებში საგანგებოდ მომზადდა".

"ნიუ იორკ თაიმსს" შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინკოგნიტო წყარომ განუცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სულაიმანიაში რეიდის ჩატარებისას არ მოელოდნენ, რომ იქ თურქი სამხედროები დახვდებოდნენ. თუმცა, იგივე წყაროს არ უთქვამს, ვის ელოდნენ იქ ამერიკელები.

რაც შეეხება ვერსიას, რომლის თანახმადაც, პარასკევის ინციდენტი არის ვაშინგტონის მცდელობის ნაწილი, ჩრდილოეთი ერაყიდან განდევნოს თურქი სამხედროები, არასერიოზულად მიაჩნია ლონდონელ ანალიტიკოს - სტივენ ბლექველს:

[ბლექველის ხმა]
"ამ მომენტისთვის ისე მოჩანს, რომ ეს იზოლირებული ინციდენტია და მასზე რეაქციაც იზოლირებულია. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ინციდენტი შეერთებული შტატების მიერ თურქეთის, კერძოდ კი თურქეთის საგანგებო ძალების ზეგავლენის შესუსტების პოლიტიკის ნაწილია".

როგორც იტყობინებიან, 11 თურქ სამხედროსთან ერთად დააკავეს კიდევ 13 პირი, გადმოცემით - ერაყელ თურქმენთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. არის აგრეთვე ცნობა, რომ ამერიკელ და თურქ სამხედროთა შორის ინციდენტის მიზეზი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანკარა წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა თურქმენთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რომ მათ ერაყის ჩრდილოეთში ქურთებისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა.

იყო თუ არა სულაიმანიის ინციცდენტი იზოლირებული შემთხვევა, ამას ვაშინგტონი-ანკარას შორის ურთიერთობათა განვითარება გვაჩვენებს.
XS
SM
MD
LG